კეკელიძე გიორგი
გაზიარება

კაცის ძლისპირი 

,,დრო კი არ გადის, მე გავდივარ, მე უკვე სხვა ვარ\"

გივი ალხაზიშვილი

,,არ გისმენ. გამყავს დრო სცენიდან მკვდარი – დაღლილი\"

დიანა ანფიმიადი 

ასე ვთამაშობ
და
დრო გამყავს –
თხელი და სველი გაზეთიდან გემებს ვაკეთებ,
ფრჩხილს ვიჭრი,
გემებს მკვდარ მგზავრებად ვაყოლებ ფრჩხილებს
და წყალს ვაყოლებ – წვეთ–წვეთ ვყლაპავ,
რადგან ყელამდე შემოსალტულ წყალში მივდივარ
და
დრო გამყავს.
ფეხზე მოძულებულ ცოლივით მქაჩავს ბალახი
და თევზი მშიერ წვრილ–შვილივით მეხვევა
და თავ–ბრუს მახვევს
და
დრო გამყავს,
რადგან მხოლოდ ეს საქმე ვიცი,
თუნდაც ხელს ხელად გამოწვდილი ტალღა მიშლიდეს,
ათასი და ბინძური ტალღა.

დრო გამყავს.

აჰა, გამოჩნდა ის ნაპირიც,
მე გავედი და დაღლისგან მალე მოვკვდები,
ასეთია ჩემი წესი –
მე მოვკვდები,
დრო კი სამშვიდობოს 
გავიყვანე.

??????