კეკელიძე გიორგი
გაზიარება

მამლის ძლისპირი 

სანამ ისმენდეთ, იხილეთ იგავი მამლის ქურდზე

–სხეული–

მე ზღაპრის აქეთ დავიბადე –
ტკბილი ბოლო მწამს.
ვზივარ.
კვამლს ჯიუტ სტუმარივით შიგნით ვეწევი
და ხელზე ჭორფლი მეფანტება,
წვიმის წვეთების ფრთხილი ჩრდილი სველი მინიდან
და ოდნავ თბილა, მაზარმაცებს ანუ მზერას
შენს სუფთა საწოლამდე გვიან მივიტან.
უდარდელი ვარ და ზანტი ვარ –
ტკბილი ბოლო მწამს.


–სამშვინელი–

შენ აიკარი ზურგზე გუდა, თვალზე ქუთუთო
და ცხრა ძილს იქით,
ჩემთვის სიზმრის მოსატანად წახვედი და დამიბარე –
მელოდე ექვსი მამლის ყივილი,
თუ არ დავბრუნე,
გლოვის ნიშნად თბილი წითლით შეიმოსე 
(დანა სასთუმლის გვერდითაა და ქვა –სალესი)
შენ სანამ უკან მოხვიდოდი,
მე )დრო 
მოვკალი(
–საათს ისრები მოვწყვიტე და 
ისრით
ხეებს და ხეებზე დახრილ ლოლოებს– გაყინულ ქარს
და დედაჩვენის სახელს 
ვფხაჭნიდი.
ასე გავერთე – დრო მოვკალი
და მესამე ყივილისას ვიგრძენი,
რომ ძლიერ მომშივდა.

–სული–

მე ვაჭარი ვარ.
მე სამი დღე მამალს ვყიდდი ლამაზ ბაზარში
და ერთხელაც სხვა ვაჭრებმა, იქურდეო, ცილი დამწამეს
და გზად მამალი გადავმალე ნიფხავ–შარვლაში.
მიმგვარეს პირქუშ მოსამართლეს,
მარჯვნივ ედგა ბროლის თასი, მარცხნივ თიხის და
მომიგო:
–მამლის ქურდობას გაბრალებენ,
ავსა საქმესა გაბრალებენ,
ავი საქმითვე განისჯები,
უნდა მოგაჭრა ორივ ყური,
უნდა დაგთხარო ორივ თვალი.
მე ვუთხარი:
–მამალი თვალით არ მინახავს,
ყურით მსმენია.
ვაჭრებმა უთხრეს:
–დახეთ, შარვლიდან მამლის კუდი, ჭრელი ბოლო ჩანს!
ვფიცავთ ქურდია!
ვფიცავთ ქურდია!
დაუდგინე ჯიუტი მსჯავრი!
და მე მივუგე:
–თუმცა ახლა თქვენს ხელთა ვარ,
ვარ ისევ ზანტი, უდარდელი
და ფიცი მაკვირვებს
და ბოლო მწამს.

??????