გაფრინდაშვილი ვალერიან
გაზიარება

ბარათაშვილი 

ბარათაშვილი, როგორც დიდი პოეტი, აღმოაჩინა ქართული ლექსის როდენმა ილია ჭავჭავაძემ.

ბარათაშვილს ჰყავს ერთი წინამორბედი, რომელიც არ უნდა იქნეს დავიწყებული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ "მერანის" გენიალურ ავტორზე. ეს არის გურამიშვილი - ქართული პოეზიის ვერლენი, რომელმაც აღიაღა თავის მრავალტანჯულ ცხოვრებაში ღვთისმშობლის და აღასфერის კულტი და დასტოვა ანდერძები, რომელნიც გვაგონებენ სიღრმით და ძლიერებით ფრანსუა ვიიონის ანდერძებს.

ბარათაშვილი დღემდე არის ჩვენი უდიდესი ლირიკოსი, და არ არის მეორე პოეტი, რომელიც ლირიკაში შეედავება მის შეუდარებელ სახელს. ის დღემდე ახდენს გავლენას პოეტებზე. მისი ეპიგონების და მიმბაძველების რიცხვი უთვალავია, მაგრამ ჩვენ დავასახელებთ პოეტებს, რომელნიც ენათესავებიან მას. ლექსი ჩვენი თანამედროვესი გალაქტიონ ტაბიძის "მთაწმინდის მთვარე" არის რეზონასი ლექსისა "შემოღამება მთაწმინდაზე". მისი მოწაფეები და განმგრძნობნი არიან ისეთი პოეტები, როგორც სანდრო სანშიაშვილი და შალვა ამირეჯიბი.

ბევრი ლექსი ჩვენი კლასიკოსების ილიასი და აკაკის აღნიშნულნი არიან ბარათაშვილის გავლენით.

ბარათაშვილის "მერანი" არის ქართული პოეზიის მიუწვდომელი იდეალი და გარდაუვალი თემა. ქართველი პოეტები ცდილობენ მიუახლოვდნენ ამ იდეალს და ასეთ ცდათ უნდა ჩაითვალოს გალაკტიონ ტაბიძის "ლურჯა ცხენები".

ტიციან ტაბიძის შესანიშნავი ლექსი "ცხენი ანგელოსით" თემატურად ანალოგიური "მერანის", თავისი ფორმით და შინაარსით არის სრულიად ახალი და განსაკუთრებული მიღწევა ქართული პოეზიის.

არიან პოეტები, რომელთა ცხოვრება არის ბრწყინვალე ილუსტრაცია მათი შემოქმედების. ბარათაშვილი არ არის ასეთი.

მის პროზაულ და ღარიბ ბიოგრაფიაში არ არის თვალსაჩინო მომენტები და მისმა შემოქმედებამ უნდა გამოისყიდოს ამ ბიოგრაფიის ნაკლი.

მისი უდროვო სიკვდილი, რადგანაც ის მოკვდა ახალგაზრდა, სტოვებს თვითმკვლელობის შთაბეჭდილებას. თავისი სიკვდილი უცხოეთში მან იწინასწარმეტყველა პროვიდენციალურ "მერანში".

მის სანტიმენტალურ წერილებში არის მოულოდნელი ირონია.

ზღვის სიყვარული ბარათაშვილმა გადაიტანა ერთ ფრანგ ქალზე, რომელსაც ჰქვია დელფინა.

ერთ აპოკრიფულ პორტრეტზე ის წარმოდგენილია ანდროგინად, მეორე ჭეშმარიტ პორტრეტზე ვაჟკაცად, მონღოლური, თუ სააკაძისებური სახის გამომეტყველებით.

მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა მოგვცა პოეტის პრობლემატური სახე, მისი ფანტასტიური და, შეიძლება, ყველაზე უფრო ნამდვილი პორტრეტი. ჩვენ ვხედავთ კუზიანივით მოღუშულ მახინჯის ციებიან სახეს, რომელიც განწირულია წამებულ და ღრმა ფიქრისათვის.

როდესაც მხატვარი ჰქმნიდა ამ დემონურ სახეს, ალბად მას სახეში ჰყავდა ის მაცდური დემონი, რომელიც მთელი სიცოცხლე სდევნიდა პოეტს.

თუ წარმოვიდგენთ პოეზიას როგორც მასკარადს, ბარათაშვილი იქნება ყველაზე ტრაურული ფიგურა ამ მასკარადში.

ის არის ქართული პოეზიის ჰამლეტი. მისი ლექსები დანიის პრინცის მონოლოგებია და ის თვითონ ჰამლეტის ნიღაბში მღერის თავის ლექსებს და წარმოსთქვამს სახელგანთქმულს "ყოფნა არ ყოფნას". ბარათაშვილმა, პირველმა ქართველ პოეტებიდან, გაბედა ჩაეხედა სახეში თავის სულისთვის - მედუზასთვის და მისი პოეზია არის უცხო და ჟრუანტელით სავსე დიალოგი პოეტსა და მის ორეულს შორის.

შუაღამისას, როდესაც მარტოობა გვიკარნახებს თავის კოშმარებს და ნევრასტენია მთრთოლვარე ხელებით გულზე ფოლაქებს იბნევს, გვაგონდება ჩვენ ბარათაშვილის ლექსები, მათი ჟინიანი და დაუზოგველი ჩურჩული, ბარბაროსულ რითმებით და უძველეს ეპიტეტებით, რომელნიც მეტოქეობას გაუწევენ საშუალო საუკუნეთა გობელენებს.

ის შემოდგომა და გახრწნა შთაბეჭდილებათა, რომელზედაც ლაპარაკობს ჰიუსმანსი "შხამიან ყვავილების" დეკლარაციის დროს, უკვე ელვარებს ავ ცეცხლად ბარათაშვილის ლექსებში. მან მოსწამლა ჯანსაღი ქართული პოეზია იჭვის შხამით და ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მას ჩვენი პოეზიის პირველი დეკადანტი. მან "გამოიგონა" მელანქოლია ქართულ პოეზიაში და მისი მემკვიდრეებისათვის ადვილი იყო სიარული ნაცადი გზით.

როგორც ალბრეხტ დიურერის რაინდი, ის პირველი და ერთადერთი რაინდია სევდის, რომელიც არ უღალატებს ოცნებას და მოგონებას.

ბარათაშვილი პირველი კავალერი იყო დაისის და მისი საღამო არის პოეტური აღმოჩენა და გამოცხადება. მისი საღამო საყდარია, სადაც ღვდელმსახურებს თვით პოეტი. მისი "შემოღამება მთაწმინდაზე" არის მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ლირიკის უმაღლესი მიღწევა.

მის ლექსებში სხივოსან ქართულ პოეზიას პირველად შემოაღამდა ცის ქვეშ, რომელიც საშინელია თავისი ღრმა უფსკრულით.

პოეტი ვრუბელისებურ სერაფიმივით სდგას მთაწმინდაზე და იქედან გადაჰყურებს თავის სიცოცხლეს, კიდევ ერთი წუთი და იგი, როგორც ვრუბელის დემონი, გადავარდება ნაპრალში და დაიღრჩობა დაისის დამაბრმავებელ ალში.

მის ლექსებში ჩვენ ვსუნთქავთ ვარსკვლავების სინათლით და ბარათაშვილის ვარსკვლავები უწმინდესი და უქალწულესია მნათობთა შორის. თუ ფრანგმა პოეტმა ლაფორგმა მიანდო თავისი გულის ჩივილები და საყვედურები პროვინციალურ მთვარეს, ბარათაშვილმა გაუზიარა თავისი ტანჯვა ერთ პირქუშ ვარსკვლავს, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენთვის და იწვის თავისი გაყინული სხივებით. მისი სუმბული მორცხვია, როგორც ვიოლონჩელის კვნესა და არ არის სხვა დიალოგი უფრო საკვირველი თავისი ინტიმით, როგორც სიმბოლური დიალოგი "მწირისა და სუმბულის". ეს ორი ჭიანურის დუეტია, რომელნიც სტირიან წყვდიადში და უპასუხებენ ერთმანეთს უფრო ნაზი ვედრებით, ვიდრე სიტყვები მეტერლინკის დებისა.

ბარათაშვილი არის მამამთავარი ინტიმური პოეზიის, რომელმაც მიიღო შემდეგი განვითარება მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედებაში.

ბარათაშვილის პოეზია არის "საუცხოვო პეიზაჟი, სადაც სალამურებით დაეხეტებიან მასკები - მარკიზასთან პიერო და კოლომბინასთან პაჟი".

ლექსში "ღამე ყაბახზე" ბარათაშვილმა შექმნა პოეზია დენდიზმის და ვერლენის აჩრდილების.

ყაფლანი - მომხიბლავი გმირი ყაბახის - ქართველი ბრემელია.

მალარიამ უთუოდ დასდაღა ბარათაშვილი, რომელმაც შეისისხლხორცა მთელი წამება საუკუნეთა და ყოველი კატასტროფები უსაზღვრო სივრცეში დაკარგულ ადამიანი სულისა.

როდესაც ის მიექანება თავისი მერანივით უცნობ სიშორეში, ის თავის მისტიურ იდეალისათვის უარს ამბობს სამშობლოზე, რომ გადასცილდეს ბედის საზღვარს და იგრძნოს თავი მიწიერ ყოფნის გარეშე.

ბარათაშვილი პირველი დიონისია ქართული პოეზიის, რომელშიდაც განსაკუთრებული ძლიერებით განხორციელდა "სიგიჟე" და ორგიასტობა სასწაულმოწყურებული ოცნების.

"მთვრალი ხომალდი" არტურ რემბოსი და "მერანი" ბარათაშვილის არიან ერთი კატეგორიის ლექსები. აქ დიონისი დღესასწაულობს თავის გამარჯვებას "საღ გონებაზე" და შეუჩერებლად მიექანება ნირვანისაკენ.

ბარათაშვილის სულში იყო ლტოლვა დიდებულისადმი (ნაპოლეონის კულტი), მაგრამ მას ჰქონდა სიყვარული მინიატურის. მისი ლექსი "საყურე" შეიძლება ყველაზე უფრო ინტიმური ლექსია მსოფლიო პოეზიაში, სავსე დაფარული ვნებით და გრაციით.

პოეტი ანიჭებს სიცოცხლეს უსახელო გრძნობებს და პოეზია ნაჩრდილების, ეფემერული ყოფნის, იპყრობს ჩვენ სულს. ირრაციონალური და ლანდური ყოველთვის საგრძნობელია მის ლექსებში. ის მუდამ ორმაგ ყოფნის საზღვარზეა, როგორც ტიუტჩევი. ის განიცდის დროს როგორც კოშმარს, მიწაზედ მიჯაჭვული, როგორც მალარმეს თოვლიანი გედი. ის ელტვის უსაზღვროებას, რომ განიძარცვოს დროებით ტანთსაცმელიდან და ანგელოსებთან ერთად ამობრწყინდეს მშვენიერ ეთერში.

მის დროს მცნება სიმბოლოსი კიდევ არ იყო აღმოჩენილი, მაგრამ თვით ბარათაშვილი არის სიმბოლო და სინონიმი პოეზიის. პოეტები გახდიან თვით ბარათაშვილს თავისი შთაგონების წყაროდ.

ლირიკა კიდევ დაუბრუნდება მას და შეიყვანს თავისი გმირების პანთეონში. ლირიკა "გადაახალისებს" მას და ამ ახალ მასკარადში ბარათაშვილი დაიჭერს შესაფერ ადგილს. მისი დელფინა კიდევ ერთხელ შეხვდება მას ლირიულ ელიზიუმში, როგორც ორფეოსს ხვდება ევრიკიდე.

 

(25 ივლისი 1924 .)

??????