რატიანი ზვიად
გაზიარება

ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით 

სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია
და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.

*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.
მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.
ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.

*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.

*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უსაფუძვლობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის...
შემეძლო მეთქვა - პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?

*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,
მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.

*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდები –
მე, რომელიც საკუთარ თავს ვასეირნებდი,
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,
და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები –
გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.

*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობ
და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),
და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.

*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც... როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება
და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,
ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.

***
არ მოგატყუებ, იყო ბავშვობაც. და არაფრით გამორჩეული.
ანუ, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვიყავი სუფთა და სასტიკი.
იყო შიშები, შეკითხვები. ახლაც მახსოვს გაოგნება,
როცა მეზობელს - ასე ითქვა - მკერდი მოკვეთეს.
გაოგნება არა იმით, რომ მოკვეთეს,
არამედ, როცა დავინახე მკერდმოკვეთილი
და ის ისევ ქალი იყო.
ეს
ბავშვობის დასაწყისში,
ხოლო მიწურულს:
ბოლო თუ არა, ერთ-ერთ ბოლო გაოგნებად მახსენდება -
მაინც როგორ იკვებებოდა იოანე ნათლისმცემელი
კალიებით და ველური თაფლით?
და არც იმას დაგიმალავ, რომ ბავშვობამ რახანია ჩაიარა,
მე კი დღემდე მაშინდელი შეკითხვების დახვეწით და გართულებით
ვიხანგრძლივებ პოეტობას:
კალიებს
თაფლში გადაზელდა და მიირთმევდა
თუ ჯერ კალიებს ამოჭამდა ხელისგულიდან 
და წმინდა პირში შემორჩენილ მწარე გემოს
ინელებდა ველური თაფლით?

??????