რატიანი ზვიად
გაზიარება

* * * "ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ" 

ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ.ჩვენ ხომ აქ დიდხანს
(ჩვენ ხომ აქ ზოგჯერ, ჩვენ ხომ აქ ვითომ)
ოდესღაც ვმდგარვართ. თუ ვინმემ გკითხა,
თქვი, რომ ვიდექით ,და თხოვე, თქვითო
ყველასთან, ყველგან, რომ ჩვენ აქ ვმდგარვართ,
რომ ჩვენ აქ დიდხანს, ვითომ და ზოგჯერ
ვმდგარვართ ხეებად, მერე კი გვალვამ
დაგვახმო ანდა, უბრალოდ, მოგვჭრეს.
მაგრამ ჩვენ ვმდგარვართ - აქ, ამ მინდორში
ორი ხე, ერთად. მერე კი მეხი
დაგვეცა ციდან. ან გავითოშეთ
ზამთრის ყინვაში. ან კიდევ ხერხით
მოგვჭრეს და მერე
ღუმელში შეშად
დაგვწვეს და მერე
ზეცაში კვამლად
ავედინეთ და
იქ კიდევ ყვავმა
ჩაგვისუნთქა და
ნისკარტზე შერჩა
სიმლაშე ჩვენი სიყვარულის...იგრძნო იმწამსვე,
როგორ ჩაუწვა ხორხი ჩვენი სიტყვების ჭვარტლმა,
და დაიჩხავლა, და დაეშვა ქვემოთ, მიწაზე,
და როცა ხალხი დაინახა, უმატა ჭარტალს:
"ესენი იდგნენ, ორი ხე, ერთად,
ესენი მოჭრეს, ერთად, ორი ხე,
ესენი დაწვეს. და ახლა ყელთან
აღმენიშება მსუბუქი ჩხვლეტა
ამათი ჭვარტლის ყლაპვისაგან. და მსურს მოგიყვეთ
იმის შესახებ, თუ რად იქცნენ მას მერე, როცა
მოჭრეს და დაწვეს (სხვათაშორის, ორივე ლოცავს
იმ დღეს, როდესაც მოჭრეს, დაწვეს) ისინი ახლა
აქვე ცხოვრობენ, თქვენს ქალაქში, თქვენსავით ხალხად
იწოდებიან; და თქვენსავით ისწავლეს კოცნაც,
საჭმლის კეთებაც, ფულის დათვლაც, ბუზების ხოცვაც,
ხოლო მე, ყვავი, ვიწოდები აწ უკვე ლექსად
და ყველას, თუკი მოისურვებთ, ჩემს ფრთებზე შეგსვამთ -
გადავევლებით მრავალ ქალაქს, მდინარეს, ფერდობს,
ბოლოს მიგაფრენთ იმ მინდორთან, სადაც თქვენ ერთ დროს
(სადაც თქვენ დიდხანს, სადაც ვითომ, და სადაც ზოგჯერ)
ორ-ორ ხეობით იდექით და, მერე კი, მოგჭრეს.

??????