რატიანი ზვიად
გაზიარება

მამები 

1.
როცა სულ რაღაც ოციოდ წუთით აგვიანებდა ფოსტალიონი ახალთახალი პრესის მოტანას, ისინი ბრაზობდნენ.
ისინი გულს დებდნენ დროებით გამწვანებულ ცისფერ ეკრანებში და ხტოდნენ, ხტოდნენ ჭეშმარიტი სიხარულით, როცა მშობლიური საფეხბურთო კლუბის ფორვარდი ამ გულს მეტოქის კარში ათავსებდა.
ზამთრისდილაობით ისინი ქოქავდნენ გათოშილ მანქანებს და მოტორის გახურებამდე მოთმინებით აბოლებდნენ პირველ ღერ კოსმოსს, ზაფხულობით კი იმავე მანქანებს საბარგულებს ადგამდნენ თავზე და ძვირფას ცოლ–შვილს არიდებდნენ დახრუკულ ქალაქს.
ისინი ტკბილად მეგობრობდნენ ტკბილ მეგობრებთან და სუფრის თავში ამაყად მსხდომნი, იმავდროულად ღირსეულად ისხდნენ ხელფასზე.
ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს.
ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს.
ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.
მაგრამ ხორცი, ამ გეგმებს რომ უნდა შეესხა, გამოდგა მოწამლული –
საწყალი მამები!

საწყალი მამები, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ,
და როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია,
ისინი, ისევ ისეთები, ყანყალებენ ავტობუსებში, რომლებსაც შეუცვალეს ნომრები;
ჭუჭყიანი მინებიდან გაჰყურებენ ქუჩებს, რომლებსაც შეუცვალეს სახელები;
იხდიან მგზავრობის საფასურს – ფულს, რომელსაც შეუცვალეს ფორმა და ფერი
და სამსახურებში, რომლებსაც სახეები (კერძოდ, პროფილები) შეუცვალეს, მთელ თავის მუშა–ენერგიას დროის კვლას ახმარენ, რომელსაც, ზღაპრული ურჩხულივით, ახალ–ახალი თავები ამოსდის მოჭრილთა ნაცვლად და რომელმაც, მამების გარდა, არაფრის შეცვლა არ დაიზარა.
და ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია,
ისინი, ისევ ისეთები, როგორც წლების წინ, და კიდევ უფრო ისეთები, ვიდრე წლების წინ,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილნი, სახლებისაკენ მოაბიჯებენ,
ისევ იმგვარად ჩაცმულები, როგორც მაშინ – წლების წინ,
იმდროინდელი შარვლებით და სვიტრებით და ფეხსაცმელებით,
რომლებიც ისეთი გამძლენი გამოდგნენ, თითქოს პლასტმასის მანეკენებს ცმოდეთ ამდენხანს და არა იმათ მძიმე სხეულებს.
მოაბიჯებენ სახლებისკენ ჩვენი მამები,
სხვადასხვაგვარი სახლებისკენ, სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით,
და საერთოდაც – სხვადასხვაგვარები,
და მხოლოდ მზერა, მზერა დასჩემდათ ბოლო დროს საერთო,
როგორც ცხოველებს, სხვადასხვა ჯიშის და ზომის და ღირსების ცხოველებს ჩვევიათ, როცა პირველად მოხვდებიან ზოოპარკში, ვიდრე გალიებს მზერას შეაჩვევენ;
როცა ვეფხვსაც და კურდღელსაც, გველსაც, თუთიყუშსაც, ერთნაირად უელმდებათ გამოხედვა
და ერთნაირად ეშინია ვეფხვსაც, კურდღელსაც…
და როგორც ისინი ვერ აღიქვამენ გალიის გისოსებს,
ისე მამებიც, ჩვენი მამებიც, ყველაფერს ხსნიან სიზმრის ლოგიკით და ასე, მშვიდად, თითქმის ამაყად, ნიშნისმოგებით მოელიან გამოღვიძებას.
მაგრამ სიზმრისთვის სულერთია, მამაპაპური ძილისათვის მოემზადე თუ მხოლოდ თვალის მოტყუება მოიწადინე,
მისთვის მთავარია, უბრალოდ, გეძინოს
და რაკი დაიწყო, გრძელდება სიზმარი,
და არც ის ადარდებს, თუ მომართული მაღვიძარა სადაცაა აწკრიალდება.

და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ,
ჩამშვიდებულები – ფხიზელი ძილის წინ,
და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,
რომელიც ასე, ძილისწინობით, წაღმა–უკუღმა იმდენჯერ ფურცლეს, რომ გაეცრიცა ყოველი გვერდი და არაფერი თითქმის აღარ ჩანს –
ერთი წაკითხვა დარჩა მხოლოდ, ერთი მოყოლა,
ოღონდ ის ერთი – მათ აღარ ეკუთვნის,
ოღონდ ის ერთი – უნდა შეინახონ:
შვილიშვილებისთვის, და იმ მომავლისთვის, რომელიც, წარსულის არ იყოს, აღარ ჩანს.
და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ,
რომელსაც უკვე, რახანია, რაც ყურები ჩამოახიეს
და თქვან – რაც უნდათ,
ვინც უნდათ – აგინონ,
ამოანთხიონ მთელი ბოღმა – აღარა აქვთ კედლებს ყურები!
მაგრამ არა, ისევ ჩუმად წვანან მამები,
პირით კედლისკენ, სიბნელეში, გატრუნულები,
და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,
როცა მათი საქმეები, სურვილები, საზრუნავები
შეუფერხებლად მოძრაობდნენ საათის ისრის მიმართულებით
და როგორც ვალმოხდილი დეკორაციები, სპექტაკლის შემდეგ, სცენის სიღმისკენ –
საწოლებისკენ ისე მშვიდად მიირწეოდნენ;
როცა იწვნენ, სიჩუმეში, პირით – ხვალისკენ
და კალენდარული ძილით იძინებდნენ.

მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია,
როცა უკვე ყველაფერი იმდენად შეცლილია, რომ ხსოვნამ შეიძინა ახალი თვისება – თვითირონია,
როცა დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა,
როცა მრავალჭირნახულმა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი გადაიტანა, რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვა „სამშობლომ“,
როცა საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა უეჭველი გიჟების რიცხვი,
როცა ყველამ და ყველაფერმა დაიკავა თავისი ადგილი, რომელიც სხვისი იყო და როცა ყოველგვარი წარსული, განსაკუთრებით – უზრუნველი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დროის მეეექვსე გრძნობა,
ვხედავთ ჩვენ მათ, ჩვენს მამებს, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც ვუთხარით,
ხოლო ჩვენ ვუთხარით,
რომ თურმე ერის საკეთილდღეოდ შუბლით კედლები უნდა ენგრიათ,
რომ თურმე მუხლზე დაცემულებს უნდა ეხეხათ ეკლესიები,
რომ თურმე უნდა ყოფილიყვნენ მღაღადებელნი წალკოტსა შინა
და თანაც ჩვენთვის, თუკი ჩვენი დროც დარჩებოდათ, ჯანსაღი სექსის საფუძვლებზეც უნდა ეამბნათ,
და კიდევ ბევრი სისაძაგლე როცა ვუთხარით, მათ რატომრაც ითაკილეს შეპასუხება
და ახლა, როცა უკვე ყველაფერი უნუგეშოდ შეცვლილია,
როცა უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ ფოსტალიონები თავთავიანთი გაზეთებით,
როცა დაუდგენელ ვითარებაში აორთქლდა მშობლიური საფეხბურთო კლუბი თავისი ფორვარდით,

როცა გაყიდული მანქანის მოსაგონებლად შემორჩნენ მხოლოდ ჟანგიანი საბარგულები,
როცა დახლებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა თამბაქო კოსმოსი
და როცა ტკბილი მეგობრებიც მიმოფანტა მწარე ცხოვრებამ –
დაიჩაგრნენ, დაიჩაგრნენ ჩვენი მამები,
და დაიჩაგრნენ, რადგან იყვნენ ჩვენი მამები,
ჩვენი მამები – და არა ნავთობის,
ჩვენი – და არა თამბაქოს მამები,
და არა ტრიბუნის, და არა ეკრანის, და არა ომის და ტურიზმის მამები;
რადგან არასდროს უცხოვრიათ პრესის ფურცლებზე, ხალხის გულებში, ქვის ობელისკებზე,
არამედ ცხოვრობდნენ, უბრალოდ, სახლებში,
ჩვენს მყუდრო სახლებში –
საწყალი მამები.

2.
და ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო,
რომელიც ვერ ხვდება, რომ არის ასეთი – გადაბრუნებული,
და გამწარებით იქნევს ფეხებს: უაზროდ, ჰაერში.

და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები,
და დგანან მამები – ოთახებში, ქუჩებში, ტრანსპორტში,
და როგორც ჯიუტი ბავშვები, ჯიუტად იცდიან,
როდის გამოჩნდება სადღაც მიკარგული, სადღაც უადგილოდ დადებული,
რაღაცის უკან ჩავარდნილი
ფერადი ფანქრები.

??????