სალვარიძე მზია
გაზიარება

შენით სავსე უშენობა 

 

ჩალაგებულ ჩემოდანზე ვზივარ და გალახული ბავშვივით ვზლუქუნებ.                                                   

უარესის ღირსი ვარ. აქამდე არ უნდა მივსულიყავი...

აქამდე არ უნდა შემეტოპა...

ისევ აირია ყველაფერი და დადგა თავდაყირა...

რა მოხდაო მეკითხები?

არც არაფერი!

ან რა უნდა მომხდარიყო იქ,სადაც მარადიულმა სიმშვიდემ და უძრაობამ დაისადგურა...

საკუთარი თავი მენატრება...

აი,ისეთი,ფეხშიშველა რომ დავრბოდი წვიმაში და გიჟივით ვყვიროდი...

ყავილებს რომ ვთელავდი ფეხებით და მერე სათითაოდ გულში ვიხუტებდი....

საკუთარი თავი მენატრება და კიდევ ჩემი ფერადი ლარნაკები....

გახსოვს,რა ლამაზები იყვნენ?

გახსოვს როგორ კიაფობდნენ მზის შუქზე და ცისიერ სასწაულივით იფრქვეოდნენ ოთახში....

როგორ მიყვარდა ყოველი გათენება,ყოველი დღე,რომელიც შენით იწყებოდა და შენითვე მრთავდებოდა...

მერე კი შევნიშნე,რომ ყველაფერი თანდათან აირია,გაუფერულდა და გაიფილტრა... მხოლოდ ჩემმა ბროლის ლარნაკებმა შეინარჩუნეს ბრწყინვალება და მივხვდი, როგორ ცრუობდა ჩემთან ბედისწერა...

ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და დაუნანებლად მივამსხვრიე ყველაფერი კედელს...

მსხვრევის შემდეგ დამდგარმა სიჩუმემ შვება მომგვარა.

მერე მოცელილივით ჩავიმუხლე და ავქვითინდი.

ახლაც მაჟრიალებს იმ გასისხლული ხელების  გახსენდება, როცა ბროლის ნამსხვრევებს იატაკიდან ვკრეფდი და ცარიელ აკვარიუმში ვყრიდი...

თითქოს სული ამიფეთქდა და თავიდან ვაგროვებდი,ვაკოწიწებდი....

ახლაც სარკმელთან დგას ჩემი აკვარიუმი,რომელშიც თევზების ნაცვლად  დამსხვრეული იმედები ხვდებიან ალიონს და მაინც ძველებურად კიაფობენ...

კარების უკან კი შენი სუნთქვა ისმის.

თითქოს ოდნავ შფოთიანი და ჩქარი...

ვიცი, რომ გძინავს და ჯერ არ გაიღვიძებ...

მერე კი...მერე ძალიან გვიან იქნება...

უკან ვერაფერი შემომაბრუნებს.

შეიცვლება ცხოვრების რიტმი და საათის ისრებიც პირუკუ დაიწყებენ რბოლას...

აღარ იქნება წვიმის წვეთებივით შხაფუნა დღეები...

მერე მოვა კედელზე ატუზული მარტოობა,რომელიც სხეულის ყველა ნაკვთში გაივლის და სამუდამოდ დაბინავდება...

მაგრამ შენ ამას ვერასოდეს დაინახავ...

ვერასდროს იგრძნობ...

უკანასკნელად ვაყურადებ შენს სუნთქვას და ძალებს ვიკრებ წასასვლელად,როგორც მათხოვარი ხურდებს...

ფეხზე ვდგები და რატომღაც მაგიჟებს შენი უჩვეულო სუნთქვის რიტმი.

თითქოს ბორგავ,თითქოს საკუთარ მეს ეჭიდები...

იქნებ უკვე გაგეღვიძა და მიხვდი ყოველივეს.

არ ვჩქარობ,რადგანაც ვიცი, მაინც არ გამოხვალ,არ შემაჩერებ...

ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის ერთმანეთის და ცხადია,ვგრძნობთ,რომ რაღაც დასრულდა და არ ღირს წარსულის შემობრუნება...

მივდივარ,ცალი ხელით გულზე მიხუტებული აკვარიუმი მიმაქვს,მეორეთი მძიმე ჩემოდანს მივათრევ,როგორც წარსულს...

ხელის კანკალით ვაღებ კარებს და ფეხს ზღურბლზე ვაბიჯებ,ვიცი,ეს ცუდის ნიშანია,მაგრამ მაინც...

ვერც იქით მივდივარ და  ვერც უკან ვბრუნდები.ვდგავარ, როგორც სუიციდით შეპყრობილი ცათამჯენის ქიმზე და უკანასკნელად ვფიქრობ...

შენი სუნთქვა უკვე ზურგს უკან მესმის.

ასე მგონია, ერთი სიტყვაც და მოვბრუნდები.

მაგრამ დუმხარ.

შენი დუმილი კი ძალას მმატებს და უკვე დამშვიდებული მივაბიჯებ იქ,სადაც შენს გარდა არავინ იქნება და გტოვებ სამყაროში,სადაც უკუნისამდე იბატონებს ჩემი ხსოვნა...

მივდივარ და თითქოს უკან მრჩება ყველაფერი...

მაგრამ ვიცი,ახლა რომ არ წავიდე,სამუდამოდ დავრჩები და დავიღუპები...

განა რამე,უბრალოდ აუთრთოლებელი და აუცახცახებელი დღეები მომკლავს...

მე კი ასეთ სიკვდილს შენით სავსე უშენობა მირჩევნია...

 

??????