ჰაფეზ ორლულელის ცრუ აგონია
ვხვდები ძაღლი ვარ, ჩემი კუდის ჩრდილის ქიცინზე,
ქარი გულს ურევს მაძღარ ამინდს და სადაცაა,
მოვა პირველი და ბინძური თოვლის ნაცარი
და მე ძაღლი ვარ და მოვლილი ბეწვი მიცინის.
ბლაგვი მზე ღამის ნაღვენთარებს ზანტად ფხეკს რადგან,
ზამთრის სიზმრების ნარჩენები ვეღარ აგავეს,
მე კი კოჭლი ვარ და მოკლე ფეხს ჰაერზე ვადგამ
და ნახევარი ღმერთი მაინც მგონია თავი.
ენა გამიშრა სიტყვებისგან, ყმუილში ვაწებ,
დამიგეს ჩალა, ლოგინი და სხვა ფიანდაზიც,
ხოლო სამყარო ჩემზე მალე ბერდება აწი,
ბაზრის დამპალი თუთუნივით ღეჭავს ანდაზებს
და აღარ უკვირს, რომ
ძაღლი ვარ,
ვკოჭლობ
და
ვკვდები.