ცვეტაევა მარინა
გაზიარება

ისევ ის სიყრმე (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) 

ისევ  ის  სიყრმე,  ადგილნი  ცოდვის

და  კოცონებით  ღამე  მდიდარი,

ჩემი  ღვთიური  ლირა,  იცოდე,

ნამდვილი   დაა  შენი  გიტარის.

 

ჩვენ  ერთნაირად   ვართ  დაწინდული,

რომ  ქარბორბალა  სულებში  ქროდეს.

სუთა  მძარცველი! - მეც ეს ტიტული

მეც  ეს  წოდება  აკვნიდან  მომდევს.

 

მენდე,  ხელების  ჯავრიან   მტვრევით

შენ  არ  ხარ  მარტო,  დღეთა  ნისლებში,

ვინაც  ბოშური  დუღილით,  გზნებით

ყმაწვილ  თავადებს   ჭკუიდან  შეშლის.

 

მარტო   შენ  როდი  შეჰკიდებიხარ

ალესილ   დანას  სისხლის  ცხელებით...

ჩვენ  სიყვარულშიც  ნაღდი  დები  ვართ,

მაღალი    გრძნობის    ბიწიერებით. 

***                                                                                                                                                                                                                                                                     

ერთად  რომ  ვიყოთ,  ბედისწერამ   შეგვყაროს  ერთად,

, რა  მოლხენით  წავიდოდა  დინება  დღეთა!

ქედს  მოგვიხრიდა  ქალაქები  დიდი  და  ძველი,

ძმავ,  უთვისტომოვ,  მშობლიურო  სულით  და  რწმენი

ვით  ჩაქრა  ხიდზე  ლამპიონი  უკანასკნელი,

მე - სამიკიტნოს  დედოფალი,  შენ - მბრძანებელი,

ხალხნო,  ჩემს   მეფეს  ერთგულების  მიეცით  ფიცი!

არსებას  გიძღვნით  დედოფალიც, - გჯეროდეთ  მისი!

 

ერთად  რომ  ვიყოთ - ბედისწერამ   შეგვყაროს  ერთად,

სამეფო  ზარი  დარეკავდა  მოხმობად  ჩვენდა,

მოსკოვ - მდინარეს  გადუფრენდა  ჭორი  გნიასით

ცრუ  ხელმწიფეზე  და  მშვენიერ  თვითმარქვიაზე.

 

გადაქანცულებს  ხეტიალით,  როკვით,  სიამით,

გადაგვარწევდა,  ძმაო  ჩემო,  ღამის  ნიავიც...

აბოლდებოდა    გზა -ბილიკი   სულ   თეთრად,  თეთრად -

ერთად  რომ  ვიყოთ,  - ბედისწერამ  შეგვყაროს  ერთად!

 

 

 

***

მყოლია   ვინმე   წინაპარი  - მევიოლინე,

ცხენოსანი  და   ბაცაცი   მარდი.

ალბათ   ამიტომ ,  ხეტიალით   გზებს    ვერ   მოვილევ

და  თმებზეც   ველის    სურნელი    ამდის.

 

იქნებ  ის  არის,   შავგრემანი,   ვინც   ჩემი  ხელით

ურმიდან   გარგარს    წაპნავს,    ფხიანად.

მიზეზი   ჩემი   ჟინიანი   ბედის   ოხერის,

თმახუჭუჭა   და   ცხვირკეხიანი.

 

მხრების   აჩეჩვით   დამხედავი   მეგუთნის   კავზე,

ბაგეებს   შორის   წკირით   ასკილის.

ძმობაში   ავი,   სიყვარულში   ალერსით   სავსე,

მიჯნური   ხელი,    გულგადახსნილი.

 

უყვარდა   მთვარე,   ყალიონი,   ქარვა,   გიშერი,

მეზობლის    ქალებს    სდევდა   თავნება...

და  ვფიქრობ,   იყო  ცოტაოდენ   მხდალი,   მშიშარაც,

ის  წინაპარი   ყვითელთვალება.

 

არ  გაივლიდა   საფლავებთან   შუაღამისას,

თუმც  გროშებისთვის  ეშმაკს   მიენდო,

და  კიდევ,  ვფიქრობ,   ნამალევად,   წინაპარს   ჩემსას,

რომ   ჩექმის   ყელში   ბებუთი   ედო.

 

ბნელი   კუთხიდან   გამომხტარი   უნახავთ   ბევრჯერ,

ვით   სხარტი   კატა,   მსხვერპლმომლოდინე...

და   მე,   რატომღაც   ახლა   მივხვდი   და   დავიჯერე -

არ  იყო   იგი   მევიოლინე.

და  მას  ყველა  და   ყველაფერი    არად   უჩანდა,

ვით   შარშანდელი   თოვლი   -  დამდნარი!

მევიოლინე    წინაპარი   ასეთი    მყავდა,

მე  კი   პოეტი    გავხდი  - ამგვარი.

??????