გულო!
ვინ ხარ.. იდუმალი ტკივილების
თავსასთუმალი თუ მოტრფიალე,
ღმერთო, რამდენი წელიწადი
გიფრთხილდი, მაინც ვერ მოგიარე.
ვცდილობდი სხვის ჯიბრზე არ გვეცხოვრა,
შეძლებისდაგვარად აგარიდე
შიში, შური, ზიზღი, უზნეობა
და ვატყობ, მაინც ვერ დაგინდე.
ხარ ტკივილიანი და მომღიმარე,
თბილი,მგრძნობიარე და კეთილი,
მაინც ათასჯერ ჩაგვიტარეს
დაუნდობლობის გაკვეთილი.
ახლა ვატყობ,შენც რომ მიღალატე,
მკერდქვეშ ხშირ-ხშირად ფორიაქობ,
სიცოცხლის ბოლო სიმთან მიყვანამდე
ნუ მივლი გან-გან და შორიახლო
ფიქრებად,რომელთა მსგავსებაშიც -
ტკივილები მძაფრად ახლდებიან,
მზერაში, სულსა და არსებაში
წამის გაუცდენლად სახლდებიან.
ვატყობ, ეს ტკივილი არსად წავა,
(წლები მიქრიან და...თუნდ იარონ!)
აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა
გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო...
უკვე სააქაოს ინტერესი
თანისთანადობით მეკარგება,
შორი ცა - უმშვენიერესი,
სამოთხის ფერებად მექარგება.
(მინდა, მოთმინება შენც გყოფნიდეს,)
არ ვარ ძველებურად ფეთიანი,
რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს
ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!