ქებურია ბელა
გაზიარება

იცი, მაოცებ... 

იცი? მაოცებ... და როცა შენზე
ვფიქრობ, თანდათან უფრო ვოგნდები,
წამით არ მტოვებ, თითქოს სულ მეძებ,
მე კი ხანდახან არც მაგონდები.

რაც დავიბადე, მას შემდეგ ჩემთან
ერთად მოჰყვები წელთა გზა-შარას,
ხან გვიხაროდა... და ხანაც სევდამ
ყველა ნათელი კვალი წაშალა.

ტყუპისცალი ხარ თითქოს უჩინო,
უერთგულესი ჩემი დობილი,
მე არარა ვარ, არც შენ უჩემოდ...
ერთმანეთზე ვართ გადაჭდობილნი.

წყდება სიცოცხლეს ფერთა ფერება
და სტიქიონთა დამდგარა ჯერი,
ვიცი, ნამდვილად არ მეჩვენება,
ჯილდოც, სასჯელიც... შენა ხარ ჩემი.

მზით და სინათლით სხივმოდაფდაფე,
მშვენიერია სამყარო ფერთა,
სულს როცა განცდა მოამარმაშებს,
მე შენს გარეშე წარვსდგები ღმერთთან.

ახლა ვდგავარ და სივრცეს გავყურებ,
მზე ჩამავალობს სევდით ღვთიურით,
ციმციმებს ცაზე მთვარის საყურე
და ვარსკვლავები ფანტასტიური.

ოი, რამდენი ფიქრი მდაღავდა,
თანაც რამდენი ტკივილი ვზიდე,
მე უცნაური ბავშვობა მყავდა,
ჩემს დიდ სიყვარულს წავაწყდი ვიდრე.

შენ-კი.. ო, შენ კი...(სვე-უცნაურო),
ხარ იდუმალი, ჩუმი და ფრთხილი..
თუმც ძალა სად გაქვს, რომ იხმაურო, 
რადგან ხარ ჩემი ერთგული... ჩრდილი...

??????