ცხოვრება
,,ამაოების ბაზარი"
უილიამ თეკერეი
აზრს კარგავს,
არსს კარგავს
ცხოვრების სიყვარული...
(აქამდე ვიყავი სავსე),
მოდის გულგრილობა,
ქრება სინანული,
ასეა ძვირფასო, ასე!
მზე ასცდა სიყვარულის
ჩვეულ ორბიტას,
ღამის ცა
შიშველი რჩება,
ო, ახლა ისეთი
სიგიჟე მომინდა,
რომ შემეშინდა და
მიშველე, დედა!
ირგვლივ შიში მეფობს
(კაკტუსის-ეკლება),
პირბასრი,
ავი და მძიმე,
დასკდება ძარღვები,
ცას შეელეკები,
შეაბნევ
სისხლისფერ მძივებს...
ცივი და მძიმეა
,,ბერეტა"-ს ტარი,
გრძნობ ცხელია და
მხურვალე ტყვია,
ნეტავ საით გიხმობს
იდუმალი კარით,
სამოთხის ბაღების
ვარდი და ია...
არ მიკვირს
თუ რატომ გიჟდება მგოსანი,
არ მიკვირს,
პოეტი რად იხლის ტყვიას,
ძნელია იარო...
მაღლა კი ფრთოსანნი
ლაჟვარდებს სერავდნენ
მზიანს.
შენ კი?!
ო, შენ-კი...
მუხლამდე ტალახში...
ვერ სწყდები ვერაფრით მიწას,
დაიწყებ ცისკენ მზერას,
დაიწყებ ფრთების აშლას
და... ვაი,
სამიზნე ხარ იმწამს.
მღვრიეა ცხოვრების
ტალღათა დინება,
ისარი სამიზნეს სცდება...
ვითომ ვფორიაქობთ,
ვითომ ბედვმზიანობთ
და თურმე ოცნება გვაქვს
ფრთებად.
ამაოების ბაზრის
უიღბლო მკვიდრები,
მოვდივართ, მივდივართ...
ჰოპლა!!!
რატომ გამაჩინე,
ოღონდ მაცოდინა,
მერე თუნდ იმავწამს
მომკლა.