ქევანიშვილი ეკა
გაზიარება

ბესლანი, შორიდან 

მძიმე დღე იყო. 
დილით თმა ისე დავივარცხნეთ და ბაფთებიც და ტანსაცმელიც. 
არც თბილ რძეზე გვითქვამს უარი. 
დიდხანს ვცქმუტავდით, რამე რომ არ დაგვვიწყებოდა. 
ჩანთა რამდენჯერ ჩავალაგეთ და ამოვალაგეთ… 
კაცი დიდხანს იდგა კარში და გვაცილებდა. 
მე წავიყვანე მისი შვილი სიკვდილში. 
მე ვკარი ხელი ზარ-ზეიმით. 
ვთქვი: შენ აქ დარჩი, რა მოხდა, ერთხელ 
ცეცხლზე შემოდგმულ სადილს მიხედე. 
შენ აქ დაგვხვდი, ჩვენ დავბრუნდებით. 

სახლის კარი მარტომ შევაღე. 

ის კი დღემდე აბრალებს ვიღაც პრეზიდენტებს, 
ჩემს სიზმრებში რომლებიც მუდამ მასტურბირებენ 
როცა სკოლა უცებ ფეთქდება. 
ისინი ამ დროს დაბერებულ გენიტალიებს ექაჩებიან და არაფერი. 
ნეტარება მათთან არ მიდის. 
ხოლო ამ დროს სკოლა ფეთქდება. 
ისინი კი, თითქოს შეუსწრეს, 
დაბნეული სახეებით გვისამძიმრებენ. 
ათას ანთებულ ტელეკამერას უყვებიან 
”...რომ უმცირესი დანაკარგებით” 
”...ოპერაცია”.... 
როგორ გადარჩა 
ხუთასი და მოკვდა სამასი. 
დარჩა სამასი და მოკვდა ასი. 
მოკვდა ერთი. 
ერთი ხომ მოკვდა! 
თითქოს ცოტაა. 

შავნიღბიანი ალი ასე არ მაღიზიანებს. 

მისგან არავის ელის დათმობას. სიბრალული - 
ხუთ შვილთან ერთად და ცოლთან ერთად და სახლთან ერთად 
და გადამწვარ სოფელთან ერთად ჩადო მიწაში. 
ალისი მესმის. 
მანაც არ იცის - ვისი ნებით, ვისი ბრძანებით. 
ვერც მე ვხვდები. 
როგორ მოხდა, 
ორთქლიანი საწვნით ხელში, ტელევიზორს უნდა მიაკვდეს. 
მაინცდამაინც ამ დღეს დაემთხვეს, 
არაკაცური საქმე როდესაც დაავალეს, მისი შვილის და ქალის სიკვდილი. 
ასე ცოცხალი მე - არ ვითვლები. 

ვინ გადაწყვიტა, მომდევნო კადრში 
მკლავებზე უნდა გადავიწვინო აფეთქებული მისი სხეული 
და კაცს ვუთხრა, 
შეხედე, ვერ ცნობ? შენი შვილია, მე გავაჩინე. 
რატომ შებრუნდი. 
რა არ მოგწონს მის მოწყვეტილ, სისხლიან ტანში? 
რას უწუნებ გადამტვრეულ ხერხემლის მალებს? 
ცალი თვალი რომ დარჩა ღია და სახეზე რომ დაედო მწვანე? 

ალისი მესმის. 
მეც გავწირავდი. 

მუდმივია ეს შეგრძნება - მისი ტარების. 
რასაც არ უნდა ვაკეთებდე, 
მიჭირავს ისე, თითქოს მშიერს აფრიკაში მომაჩეჩეს 
ფქვილის ტომარა. 
აფრიკა მახსოვს ეკრანიდან, 
თავი ჩვენც ასე გადავაქნიეთ, როცა ძვლებზე კანგადაკრულმა ბავშვმა 
ნამცხვარზე წაიოცნება. 
იმ რეპორტიორს ამ კადრისთვის გამოუწერეს ალბათ, პრემია. 
ჩვენც ზუსტად ასე გვეხვეოდნენ. სანახაობა: 
მეჭირა როგორც მკვდარი ჩიტი. 
როგორც ჰაერი. 
როგორც ყველაფერი მძიმე, მსუბუქი - უძლურება ამ წონისაა. 

საღამოები ყრუ, დაგუდული. 
ჩვევად შემრჩა, 
ღამე - დილისთვის კაბას ვუმზადებ. 
დაჟინებით ვდებ მესამე თეფშს მაგიდასთან. 
ვსხედვართ ჩუმად, შეთქმულები 
არც ერთი სიტყვა მკვდარზე - წარსულში. 
მკვდარი შენა ხარ! 

რადგან ამ სახლში 
ყველა სეზონზე დგას შემოდგომის პირველი დღე. 
ზარი დიდი ხნის დარეკილია.

??????