ქევანიშვილი ეკა
გაზიარება

არცმერამდენე წერილი (მეგობარს) 

ჩემო შორო. 
რაღაცნაირო ვიეტნამელო. 
არ შეიმჩნიო, 
ეს ეროვნება ტომარასავით სულ შემთხვევით ჩამოგაცვი, 
გატაცება არც მიფიქრია. 
ვერ გიყოფ სხვებთან. 
ვთქვი: შეუმჩნეველს გაგხდი ამ ქუდით. 
ვითომ ჩემი მიწური ხარ და ისლის ქოხიც, 
და ეს ქუდიც, როგორც თხელი სახურავი ჩამოგაფხატე. 
ჩემო შორო. 
ბრინჯის ნათესებში სუსტი ქარივით ჩავლილო. 
ფოსტალიონმა ეს წუთია შენი ბარათი შემომიტანა: 

ზურმუხტისფერ წყალზე ტივტივებს მოწნული ნავი, 
წონასწორობას სხვადასხვა მხარეს ვიცავთ ნიჩბებით. 
ფეხები კი მოფართხალე თევზებით სავსე ფსკერში ჩაგვზრდია. 
რა იღბლიანი თევზაობა გამოგვივიდა. 
შემ ამ სურათზე ნაპირისკენ ხარ გადახრილი და ნიჩაბიც, 
წყალს ისე სერავს, უნდა მივხვდე, მზით გაბრუებულს 
სახლში მაბრუნებ. 

ჩემო შორო. 
ადრინდელი ბარათებიც გადმოვაქოთე. 
ერთზე ვაშლები, სხვაზე საფოსტო ყუთი ხატია. 
კიდევ უფრო ადრინდელზე ერთი ნარცისი. 
მინიშნებების ამ ძაფს, რომელიც სამშობლოსკენ გამოფრენილ რკინას შეაბი, 
მოვყვები ნელა - ეს აქცია, ჩემი შველის, ჰგავს აშენებას. 
ვურევთ ტალახს, წყალს ვამატებთ გაცრილ სურვილებს. 
მე საფუძველში ძველებურად დამპალ მორებს ვყრი. 
შენ კი ღამით მიდიხარ და სანამ მძინავს, 
ხეებს აშორებ. 

ჩემს სიზმარში კი იჭრება სცენა: 

დგახარ შუაში, ქვესკნელსა და ზესკნელს შორის 
(ამ ადგილს შენ სკნელი დაარქვი). 
დგახარ მშვიდად, ერთი ხელით ცას იჭერ და მეორეთი დედამიწას, 
შუაში რომ არ მომიყოლოს. 

ჩემო შორო. 
რა მოკლეა გადარჩენის ეს ძაფი, თუ მკლავზე დაიხვევ. 
როგორ გრძელდება მხოლოდ თითზე თუ დაიტრიალებ.

??????