კილაძე მაია
გაზიარება

გაიარეს და.. 

ჩვენი ცხოვრება ძაფია
ისე, როგორც ბერძნულ მითებში,
გახსოვს, სამი და ერთი თვალით,
სიცოცხლის ბოლოს ძაფს რომ ჭრიან ხოლმე მაკრატლით?

ვიბადებით და ჩვენს ძაფს ართავს
ქალ-მარიამი
თხელი თითებით.

ერთმანეთს ვხვდებით,
ხელისგულებზე გვეტყობა ჩვენი ძაფების სიგრძე
(მომეცი ხელი, დავატოლო,
ჩემი ხაზი შენსას თუ მისდევს)
და ორი ძაფი ერთმანეთს ერთვის,
რომ გახდეს უფრო გამძლე და სქელი.
მერე მოქსოვოს თბილი სვიტრი,
მარტოობის დროს მოსაცმელი.
მოქსოვოს ბადე, რომელიც იჭერს
ბედნიერ წამებს,
კადრებს,
ღიმილებს,
როგორც თევზებს.
დაწნას ჰამაკი, საღამოების გასატარებლად
ვარსკვლავების ქვეშ. . .

მაგრამ, ძვირფასო,
რაც არ უნდა მჭიდროდ დაგვართან, 
ძაფის ბოლოს ორი აქვს წვერი
და თუ სხვადასხვა მხარეს გაქაჩავ. . .

ორი ვერასდროს გახდება ერთი.

??????