აპრილის მეცამეტე ღამის ცამეტი სიმართლე
ცამეტმა ვარსკვლავმა ერთად დაინახა,
როგორ ჩამოიშალა
ცამეტი სიცოცხლის სიგრძის ნაწნავები
ღამედ
და რომ გაიღიმა,
ზუსტად ცამეტი კბილი გამოუჩნდა თურმე, -
ასე ამბობს მეთორმეტე ვარსკვლავი.
ცამეტჯერ უყვარდა თავდავიწყებით
და პატარძლად ერგო დავიწყებას.
ცამეტი კოცნა დამალა აპრილმა იმ ღამეს
თავისი კალთით,
ჯერ უკოცნელი გრილი თითებით.
ცამეტჯერ ჩაისუნთქა და
ერთხელაც ვერ ამოისუნთქა.
სახე დაიხოკეს სალექსე ფურცლებმა
და კალმით დასერილებს
ბლანტე მელანი
სწვეთავთ
სისხლივით.
ცამეტ ფანჯარაში შეიხედა და ცამეტი
მართალი ფიქრი გაიგონა.
პირობითია, ყველაფერი პირობითია,
სიცოცხლეც, სიკვდილიც.
შენი სიზმრები მაჩუქეო, ვიდრე მეც
ვისწავლი ოცნებას.
როგორ ვაჩუქო?
მე ხომ
ყოველ ღამე
სიზმარეთში ვკარგავ გზას
და
ყოველ დილით
ხელახლა ვიწყებ რეალობის ძებნას.
ცამეტჯერ წაუვა მზეს გული,
ვიდრე აფროდიტე ყოჩივარდებით შეიმოსება.
მერე ეოსი შუბლზე აკოცებს მთვარეს,
რომელიც მზეზე მშობიარობას გადაჰყვება.
და მზის პირველ ტირილამდე
ფეხს წამოკრავ საკუთარ სხეულს,
უსიამოვნოდ რომ მოგედება,
როგორც ბავშვობისას სუპში მოტივტივე ხახვი,
ბაღში რომ ჭამის მადას გიკარგავდა
და მერე შენს ულუფას დიდ, მწვანე ქვაბში
ღვრიდა
ვიღაც დეიდა,
ცოცხით რომ დადიოდა ხოლმე,
როცა შენ თამაშობდი.
მაგრამ ახლა არავინ მოვა, რომ შენი
ფიქრები გადახვეტოს
შემოდგომის
ფოთლებივით.
მოდი, რადგან ამ რეალობაში დავიბადეთ,
ჩვენი არსებობა იმდენჯერ გავიმეოროთ,
რომ სიკვდილმაც ზეპირად ისწავლოს,
ვიდრე სამუდამოდ აგვიკვიატებს