უთავბოლო სონეტი
ჩემი სონეტი იკითხება დასასრულიდან,
ნებას ვიძლევი, წაიკითხოთ მარჯვნივ და მარცხნივ,
გემი გასულა უსახელო ნავსადგურიდან,
ვნება უზომო მაწამებს და ძალ-ღონეს მაცლის.
ვინაც მოსულა - შემთხვევითი მგზავრია ყველა,
ცალად დარჩენილთ მოლოდინი გვენუგეშება,
ბრწყინავს ცრემლები თვალებში და არაა შველა,
ძალა ბოროტი დაგვაჩნია ბედის ეშვებმა.
შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა, ღმერთო,
მორცხვად ინანა, ადრე ვინაც გითხრა მადლობა,
ენით რარიგ ვთქვა, კაცი კაცსა როგორღა ენდოს,
როცა უფალზეც სი(სუ!)ლელე არის დანდობა.
კარავი მომეც სიმშვიდისა - ამას გთხოვ მხოლოდ,
არავინ უწყის წუთისოფლის თავი და ბოლო.