ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

* * * "გაყვითლებული მთვარის ეტრატი" 

გაყვითლებული მთვარის ეტრატი
მიმხელს თქვენს ეჭვებს და ანათემებს...
ცოტაც მადროვეთ, ბარგის შეკვრამდი,
თქვენს კუთვნილ დილას ნუ განათენებთ.

გათავდა ძმობით ნათმენი მტრობა,
ერთმა კი არა, - ერთად გამეცით...
დღე ემუქრება ჩემს მარტოობას
და მირჩევნია დავრჩე ღამეში.

რომ ისევ ვკვანძო სხივის თოკები,
სხვა თავისმკვლელებს რომ დაუფლითავთ...
მაღლა, ძალიან მაღლა მოვკვდები,
რომ ვერ ჩამომხსნათ მთვარის ყულფიდან.

რომ ყველა ეჭვი გამოირიცხოს,
რომ ისევ შედგა ღმერთის ღალატი...
ამიერიდან, თქვენდა სასირცხოდ,
ამოვა მთვარე - თავის ქალათი.

და ლულებივით მობჯენილ თვალებს
სად გაექცევით, თავს რით დაიცავთ?!
ქვეყნად მეც უნდა მრგებოდა რამე -
თუნდ მკვდარს, თუნდ მაღრჩობელა მთვარის ცა.

სად გადამალავთ მთვარის სხივებით
დაორსულებულ ცოლებს, ასულებს?!
ნამდვილი ქმარი ცის წიაღშია,
სხვა სცენაზეა და როლს ასრულებს.

დაღლილები და დაურწყულები
ბოლოს გადიან ფიცარნაგიდან...
აი მიზეზი, კაცი - უფალთან
(ანუ პოეტთან) რამაც წაკიდა.

სწორედ ამიტომ, აბელის დღიდან,
შურით ჰკლავდნენ და დაფნით მოსავდნენ...
მშვიდობით - ქვეყნად ჩვენ ვერ შევხვდებით!
ნახვამდის - ცაში, მთვარის მოსვლამდე!

??????