მთას მიმავალი ბერის გაფრთხილება
ბერო,
იქითკენ გზას ნუ დაიჭერ,
კაბის კალთები
დაგაცვდება იმ ღრანტეებში,
წელი მოგწყდება აღმართებზე,
ხოლო ზევით კი -
იმ მთით რომ გსურს გზის შემოკლება,
მყვირალა ირემი
სუნს უცვლის ტყეს,
ვნების ძაფებით ქსელავს ხეებს
და პირის ქაფით
აყვავილებს უჯიშო ბუჩქებს.
მკაცრებია მისი ფეხები ბალახებისთვის!
რადგანაც იქვე,
ანდა უფრო შორს,
არავინ ირემს გზას არ ასწავლის,
სულგაკმედილი სძოვს ფურირემი,
ნორჩი პირით ბალახსა წიწიკნის.
ბერო,
იქითკენ გზას ნუ დაიჭერ,
დაჯექი ჩვენთან,
მეღორეებს არაყი უდგათ,
ცეცხლი უნთიათ,
ჩვენც,ხომ გვხედავ,
აღარ ვნადირობთ.
მყვირალობაა,
ხარი ირემი ფურს დაეძებს
გავეშებული.
საძრახისია ვაჟკაცისთვის
სხვის გრძნობებში
ხელის ფათური.
დაჯექი,
შევსვათ!
ხვალ დილაზე მოვა მანქანა
და გაგაყოლებთ.