ოდიშარია გურამ
გაზიარება

წერილი წყალს 

აღარასოდეს არ მითქვამს შენთვის _
მიყვარხარ-მეთქი, ისე მიყვარდი,
ღრმად არასოდეს ჩამიხედავს შენს თვალებში _
მეშინოდა ჩემი სირცხვილის და
გახსენებდი სიმღერებში ისე,
რომ ვერ გეცანი.
ვიცი, არ უნდა თავდებოდეს შენზე გალობა,
მაგრამ ხომ არსებობს კვნესა და
მე ვკვნესი შენით.
არც უსიტყვობა მიკადრებია შენთის და
არც სიტყვათუხვობა.
შენი ყინვიდან, შენი თოვლიდან,
შენი წვიმიდან გამორბის ბავშვი ჩემი და
შენს ხელებს მიწვდის,
და გცნობ შენ.
შენ მიგაქვს ჩემი შავი სიზმრები.
აღარასოდეს არ მოკვდება დამაწყევარი შენი,
რადგანაც აღარასოდეს არ ყოფილა იგი ცოცხალი.
ხარ შენ სიტყვები თევზთა და ქვათა,
ხარ შენ თევზიცა და ქვაც,
ტივტივებს შენში მიწა _ ჩემი სამკვიდრებელი.
დასცინი საათებს,
ამწიფებ ღრუბლებს,
ძირავ ღამეებს და
აწრიალებ მზის ქარებს...
განა ვხვდებოდი, რომ ყოველი ლოცვა
გალობდა შენზე?
როცა შემოდგომა გაუძღვება ფრინველებს,
როცა მძიმე ნაბიჯებს მოისხამს დეკემბერი,
როცა წაიქცევა ყანის სანთლები,
თვალთა გუგებში მისახლდები მე და
ნუთუ, დალოცვილო, მხოლოდ მას იტევს თვალი ჩემი
რაც მიაკუთვნეს?
როცა აღმოგაჩენენ ვარსკვლავები ბინდის,
როცა აჭიხვინდებიან მინდვრის ხანძრები,
როცა დაიკორტნება ცა ყორნებით,
გამოჟონავ შენ ჩემს სიტყვებს შორის
დარჩენილი სივრციდან, ლანდო ანგელოზისა.
შენგან განწირულს ხავსიც კი ეხმარება.
დიდება მათ, წყალო, ვინც დაგგალობდა შენ,
მაგრამ დიდება იმ ბაგეებსაც,
რომლებსაც შენზე ერთი ლოცვაც არ დასცდენიათ _
მათშიაც ხომ განეფინები.
ვერ ჩაგაწვენენ შენ დავიწყებაში და
ვერ დაგტკეპნიან სახურავებით _
შენი ჩიტები მშვიდად კენკავენ გარდაცვლილ წამებს და
შენს ცას მოჰყავს მშვიდი ხეები.
და ბალახი ხარ შენ და
იცინის მომაკვდავი შენი ხილვით გამხნევებული.
შენს სანათურში დაფრინავენ წმინდა პეპლები და
გეწაფებიან კაცებიც და ქვიშებიც,
საწყლებიც და უმოწყალოებიც.
მომქუხარებენ შენი ტალღები
სალ კლდეებში ჩაპნეულები.
ერთ დროს შენსავით ცივი გახდება
სისხლი ჩემი და მაშინ უფრო ხმადაბლა
ვისაუბრებთ.
ამიდიდდები გამშრალ ტყეებში,
აღმომიცენდები საყვარელი თვალებივით,
რომლებიც შენგან მოჟონავენ და
რომლებსაც მხოლოდ შენთან ვახსენებ.
შენ ერთადერთი ზმანება ხარ და
შენთან ცხრება ცეცხლი და ქარი ფერდანისლული.
შენ მაინც აღარ მიღალატო მე _
მრავალგზის ნაღალატევს და
დარჩი ჩემთან უკუნისამდე ერთადერთ ჭეშმარიტებად...
ვხედავ, თბილია პური შენი
მდუმარებით მოპოვებული,
ვხედავ, ანათებს შენი მარილი და
ღრუბელთა ქაფში ამაყად დაფრინავენ
ჩემი მერცხლები.
შენ კარგად იცი _ ვისაც გვიგზავნი
ისიც ჩვენშია.
არის კი ვინმე შენკენ მიმავალ
ქალბატონზე ულამაზესი?
მშვენიერია გველიც შენკენ გასწრაფებული _
ეს დაწყვეტილი ნაკადული
რომელ მდინარეს გამოეპარა?
მე, მზერამოკლე, გგონია გხედავ? _
შენ ხომ მნათობებს მიღმა იწყები და
მძიმეა, მძიმე ვაზი შენი.
რატომ ერთხელაც არ მოისხამს
შენი ჩანჩქერი ყვავილს, რად ჩქარობს?
შენც შემიდედდები ერთხელ სისხლივით და
შენც დამამთავრებ წყალდიდობის სიცარიელით...
ეწვეთები თვალებს სურათად _
ჩემი ნაყოფი შენს ტოტებს ღუპავს.
დიახ, მესმოდა შენი ხივილი,
ვგრძნობდი შენს მარტოობას,
ვხედავდი შენს სიკვდილს,
მაგრამ ვდუმარებდი, როგორც მასწავლე ისე
შემინდე...
თუმც შენი ნაპირები მქონდა,
თუმც შენი რტოები მემოსა,
თუმც შენი თვალებით ვსუნთქავდი...
მაინც ნაბიჯსაც არ ვდგამდი შენს გადასარჩენად.
შემინდე...
შენს ყველაზე პატარა გუბურას,
შენს ყველაზე მღვრიე გუბურას,
ჩემს გზებს ადევნებულ გუბურას
ვეამბორები და ვეჩურჩულები:
მაპატიე მე, შემიწყნარე-მეთქი...
თუმც გესაუბრები და გესაუბრები,
თუმც მისმენ, მაგრამ
ჯერ არ დაგვიძრავს არც ერთი სიტყვა,
რადგანაც ჩემში ზღვა ჩააბუდე დაბადებისას და
ასწავლე მას გზა ჩემი თვალებისაკენ.

??????