სიმძიმილი
უძლეველია დღე დღევანდელი.
სრულდება წესი.
/მე, ვით უცხოს ისე ჩაგივლი/.
ახლა ღიაა ყველა კარი
და დახურული ყველა ფანჯარა
და სულ სხვას ნიშნავს
დღეს ამდენი ერთად ყვავილი...
ქუჩაში გასულს
უცნაურად მომეჩვენება,
რომ ვიღაცას
სიცილი და სიმღერა უნდა,
რომ ნათურებთან
ირევიან უქმი მწერები
და დახლთან კაცი
არაყს სვამს და
ნელა თვლის ხურდას...
მოვა ზაფხული,
ისევ გავლენ ნავები ზღვაში,
როგორც უვლია,
ეს ქვეყანა ისევე ივლის...
მხოლოდ ჩვენს გულებს,
ვით სამარეს, სიმძიმე ჩაშლის,
რადგანაც გული სამარეა,
სამარე თბილი...
1966