(ეხ, სიყმაწვილევ...)
სიყმაწვილევ, ღვთის ანაბარავ,
უქონელის ერთი ხელი ტანსაცმელივით
უცებ გაგცვითე,
შენს თაფლს ხშირად
კრაზანა და ბუზი ეხვია!
შენი წყლისაც
ახლომახლო არავინ იყო,
არც სიბერით დაწმენდილი
გყავდა მშობელი...
ო, როგორ მინდა
შეგავლო თვალი —
სიფრიფანას,
გვირილების გვირგვინით შემკულს,
მზის ქარიშხლებში
მოლივლივე მინდვრად დიდი
პეპლების მდევარს...
მაპატიე, წრფელო, უბრყვილოვ,
გაგიმეტე,
ამღვრეული გამოგესალმე,
აქაური სევდის ფსკერიც
უშენოდ ვნახე —
უკვდავებაზე უარი ვთქვი
სიყვარულისთვის!