სხვა ნაპირი. ფრაგმენტი
და ზღვაც იყო სხვანაირი, ჩრდილოური,
ზედაპირის უჩვეულოდ გლუვი ქსოვილით
და თითქმის მოუხელთებელი, სიფრიფანა ჰორიზონტით,
რომლის ზოლი გაცილებით ახლოს ჩანდა,
ვიდრე იმ მეორე, ერთადერთ ზღვაში,
რომელიც მენახა. და მე, ცხრამეტი წლის
და ცოტათი გაკვირვეულიც, რომ თურმე ზღვებიც კი არ გვანან ერთმანეთს,
სიხარულით შევყურებდი ულამაზეს რუს გოგონას,
რომელიც წყლიდან ნაპირისკენ გამოდიოდა
ნელა, ბორძიკით – რადგან ქვიანი იყო ფსკერი. მზე ჩადიოდა
და აბრწყინებდა ზღვის მლაშე წყლით მოსარკულ სხეულს,
მე კი ვიყავი ცხრამეტი წლის, უწარსულო, და ვერ ვხვდებოდი,
რომ სულ ესაა სილამაზე: რამდენიმე თბილი ფერის
იღბლიანი შეხამება, სხვა არაფერი...