სიმონ ჩიქოვანის გახსენება ექსკლიუზივი
აშრიალდა შემოდგომის შხაპუნა,
შინ ვწევარ და მენატრება წვიმაში
ახლა სადმე სოფლად, მამა-პაპურად
ვიდგე სანთლით ღვთისმშობელის წინაშე,
აღარც ჩოქვით, აღარც რამე მუდარით,
აღარც ველით-ცეცხლით გადატრუსულით,
როგორც სკიდან წამოყრილი ფუტკარი
მაბრუებდეს ქართულ სიტყვის ზუზუნი.
ვესამძიმრო ბალახს უღვთოდ მოცელილს,
პანაშვიდზე მაინც ვიყო პირველი...
ახლა სადმე... მე-ცოდვილი მლოცველი
ძე ცდომილის შენ საოხად მწირველი.
ჯერ მოიცა, ჯერ სიცოცხლეს ვჭირდები,
სიკვდილს ბარე სამჯერ გამოვედავე...
(ნეტავ სიზმარს თუ ხედავენ ჩიტები,
თუ ხედავენ, როგორ სიზმრებს ხედავენ...).
აშრიალდა შემოდგომის შხაპუნა,
შინ ვწევარ და მენატრება წვიმაში
ახლა სადმე, სოფლად, მამა-პაპურად
ერთად ვიდგეთ ღვტისმსჰობლის წინაშე.