ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

მზეო, სულივით თავისუფალო! ექსკლიუზივი

ღვთის საპატიოდ ლოცვის ჟამს ძველი კოლხები მიწას იყრიდნენ თავზე,
ვითომ ცოცხლად იმარხებოდნენ. 


გინდა ვედრებად ჩაგვითვალე,
გინდა შეკედლებად ჩაგვითვალე,
გინდა განდგომად ჩაგვითვალე,
გინდა განდობად ჩაგვითვალე,
მზეო, სულივით თავისუფალო.
ჩვენა ვართ ჩვენივე მესაფლავეები,
ჩვენა ვართ ცხედრებიც და ჩვენა ვართ საფლავებიც,
თითქოს ათასი შვა ზეცამ მთვარეები,
შენ ხარ ერთადერთი, შენ ხარ ერთადერთი,
მზეო, სულივით თავისუფალო.
მოგართმევთ-თვალსაცერა ხარების ქედებს,
მოგართმევთ-რქაყანწალა ხარების მუხლებს,
მოგართმევთ-კერის ნაცარს, ნაღვლიან დედებს
შენს მოლოდინში რომ უხაზავთ წუხელ.
მზეო, სულივით თავისუფალო.
მოგართმევთ ჭიგოს და მოგართმევთ ხარდანს,
მოგართმევთ სახნისს და მოგართმევთ ერქვანს,
ოღონდაც რაც გქვია, კვლა იგი გვერქვას,
ლაჩარი-ლაჩარს, გამტანი –გამტანს,
მზეო, სულივით თავისუფალო.
მოგართმევთ -თვალმერცხალა ცირების ლოცვებს,
მოგართმევთ-თვალმახარა ვაჟების ბუხუნს,
სისხლიდან რომ მოდის, ხორცი რომ უხუხრს,
ღმერთმა საიმათო ულუფა მოგცეს,
მზეო, სულივით თავისუფალო.
მოგართმევთ სოხანეს, მოგართმევთ კალოს,
ოღონდაც აქეთკენ არ დაიკვალოს
ავმა და მაცილმა დღეისა შემდგომ,
მზეო, სულივით თავისუფალო.
მოგართმევთ ტაბაკონას როკაპის კბილებს,
მოგართმევთ ტაბაკონას როკაპის ხელებს,
უღმერთო მაცილთა ლაქუცა მხევლებს
გადუგდე საჯიჯგნად და გააკვირვე,
მზეო, სულივით თავისუფალო.
დასწვი და დაშუბე ავი და მაცილი,
დასწვი და დაბანგე მკვდრული და ღრმა ძილით,
ნიადაგ უგრძელე შენამდე მანძილი,
გოდება მიაგე, იმედი აცილე,
საკუთარ ძმაზე და ცოლ-შვილზე აცინე,
მტერივით აცინე, თავისუფალო.
...გინდა ვედრებად ჩაგვითვალე,
გინდა შეკედლებად ჩაგვითვალე,
გინდა განდგომად ჩაგვითვალე,
ჩვენ სხვა ანდერძნამაგს არვის ვუბარებთ,
ვივლით საფლავებად, მუხად და ძელქვებად,
ოღონდაც კვლა ქართველს ქართველი ერქვას,
ქართველი ერქვას- თავისუფალი!

??????