სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

ქორწილი 

დიდია მთვარის ლურჯი ჩრდილი, ედება ალვებს,
მგზავრო, აქეთკენ გადმოუხვიე,
აქეთ ლხინია და მთის წყარო აციებს ღვინოს.
ამაღამ მიწა შავ ზედაპირს გადაიქარვებს,
ხმელ ტოტზე დგას და, ჯვარს იწერს ნინო..

წყვილად მოდიან ერთმანეთში თავჩარგული თეთრი ირმები,
ბალღებს მარჯნისფერ თბილ რძეებში აბანავებენ,
აქთკენ თაფლი!- ამ ოთახში ისვენებენ მეჯვარეები,
ვერცხლის ჩიტები მიუბიათ მორთულ ნავებზე..

და ჩამოცხება ცოტახანში,
როცა მთვარე ვნებას დააკმევს
და ცხელი ორთქლი გადაუვლის სუფრის სამზადისს..
გამოვა მამა, 
გამოიყვანს ოქროს ქარავანს
და ოთხივ მხარეს გაინავარდებს..

ელი, ელი, ჩვენი სიმღერა გახსოვს?
იადონის პირიდან ანათალი,
წყაროს მარცვლიდან გაღვივებული..
მარტო ვარ ელი..
მარტო ვარ ელი..
აღარ მიშველი?

დგანან პირქუშად დედაბრები-ჭირისუფლები,
გულში სიხარულჩაკვნეტილნი-მაინც მღერიან.
მეკუბოვენი აკვნებს თლიან,
სამეფო ძღვენი ოთახებში ბევრზე ბევრია..

ჭაში ჩაკიდეს ხარის ბეჭი
ამომწვარი წარწერით: “შენ ვარ”..
წკრიალებს წყალი, და საქორწინო სამოსელი ნიავს აცვია,
ცოტაც და, მამა დიდ დარბაზში მეფურად შევა
შვილის ნაფეხურს მწველი თვალით 
ის გააცილებს..

დარდი მაქვს ძველი,
გული ცრემლივით სველი..
მე არავინ მყავს სხვა
მთვარიან ღამით რომ დავისიზმრო.
მიშველე ელი,
მიშველე ელი,
ჩემს ქორწილში წყალია ღვინო!..

და სადაცაა ირიჟრაჟებს,
გაფუვდება დილის ღრუბელი.
ქარი დარაბებს შემოუხსნის მექორწილეებს.
გაჩნდება კარი-მიუვალი, გაუღებელი
და ვეღარ შევა იმ კარებში ძეხორციელი..

აქ საით მგზავრო,
ლხინის სუფრა შორსაა.. სხვა დროს..
აქ იფხიზლე და მზის მოსვლამდე არ ჩაგეძინოს,
ამაღამ თეთრი დავიწყება ხეებს დაათოვს..
ხმელ ტოტზე დგას და, ჯვარს იწერს ნინო..

ელი, ელი, შენ შემინახე სიყვარული..

??????