* * * "შენ, ვინაც ამ დილით ხეები შემოსე"
და დრო შეუმოწმე ქოთნიან აივნებს,
შენ თბილი ხელებით ტოტზე რომ შემომსვი
და გულში გამივლე...
შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი,
გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ.
საკოცნად გამოწვდილ ბაგეებს დავყვირი
რომ: და ვარ... და ვარ...
წყვილებად წავიდნენ შრიალა ღრუბლები,
შენ, ვინაც ღრუბლებსაც ცა გამოუნახე,
პატარა ტოტიდან კრძალვით გეუბნები:
ღრუბლებს დაუძახე!
შენ, ვინც მომახარე ყველა გაზაფხული,
მოკუმულ მუჭში ვინც სინათლე ჩამიდე,
ვინც შორს გამიტყუე...
ისე გამიტყუე, რომ არც კი დამინდე!..
თოვლის სიმძიმისგან ხერხემალშემუსვრილს
იმდენს მატარებდი უკაცო ღამეში!..
შენ, ვინაც მოტეხილ რტოებზე შემომსვი
და ხელი გამიშვი!
ზევიდან პატარა სახლები მოჩანან
პატარა ბებრები. პატარა ალაგი.
ეს ალბათ, _ ძალიან რომ არ გაიმეტო
პატარა ქალაქი!..
გაფრინდნენ ფრთადახრით კეთილი სიზმრები,
რომლებიც ოდესღაც შენ თვითონ მანახე.
ჩემს ტოტებს ათასი ქარი და გრიგალი
შენ შემოალახე...
და ახლა მარტოდენ ღრუბლები მკენკავენ
შემჭკნარი ხილივით უღონოდ თავდახრილს.
არ გესმის, _ შორიდან ღრუბლები რეკავენ:
გადახტი!.. გადახტი!..
ვერ გადავურჩები დამშეულ ნისკარტებს,
ზეცას ჩამაყოლებს ყველა ამათგანი.
და შენ კი, რომელმაც შიშველი მიკადრე,
შენ _ ელი,
შენ _ ელი, ლამა საბაქთანი!