სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

ღამე 

ჩემს მარიამს

ღამეა ღვთისმშობელი.
არა ცისკარი,
არც შუადღე,
როცა მზე ხელისგულზე უდევს 
სამყაროს,
არც შებინდების ლურჯი ჩქერი
არაა იგი,
არამედ
ღვთისმშობელი არის ღამე და
ის დღეებით დაჭრილ ხორცზე გვაფარია.
ღვთისმშობელი არის
ერთი დიდი, გაბმული ღამე
და დღეები ხავერდის კალთაზე
ბავშვებივით ეტატებიან.
ის მოვიდა სამყაროში
როგორც ყვავილი,
მისი სუნთქვაც
გულის ზანზარს გავს.
ამიტომ არის ყველაფერი
უფრო ადვილი,
როცა ღამეში ჩაფლული ხარ,
როცა თავი გაქვს შერგული მასში
და დედამიწის ვარსკვლავებიც –
საფლავის ქვები
გარშემო თეთრი აკვნებივით მიმოფანტულა.
ღამე არის ხსოვნა
და სხვას ყველაფერს
ჩიტის ფასი აქვს.
ვყრივართ ჩვენივე
სიცოცხლისგან დახოცილები,
ღვთისმშობელი ფეხაკრეფით დაიარება
და სასთუმლის ბალიშიდან ამოტანილ
თივის ღერებით
თავზე სინათლის გვრგვინებს გვადგამს.

??????