სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

სახედარი 

დავიბადე თუ არა,
შენც იმ დღესვე შემოგაგდეს
ჩემს ეზოში,
გარედან კარი მოგიკეტეს და
დაგტოვეს სამუდამოდ.
რა იყო ჩვენი სიმდიდრე? –
ცოტა პური და მტვრიანი ქერი,
მე ვიზრდებოდი და
შენ კი თვალებში
წყალი გიღრმავდებოდა.
საწყალო, სად აღარ გატარე!
აგკიდებდი ხოლმე
ამდენ პატრონგამონაცვალ ხერხემალზე,
თუ რამე მებადა,
გავშლიდი სიზმრებიდან გადმოხატულ
რუკას,
დავხუჭავდი თვალებს და
დავასობდი საჩვენებელ თითს –
აი ამ ქალაქს, 
ამ ხეივანს გამატარებ სახედარო!
_ მღვრიედ გეტყოდი...
ან რა ჩვენი ქალაქი ის იყო,
ან რა ჩვენი გასავლელი ხეივანი!..
სულ თავქვე გატარე ცისთვალებავ,
როცა უმიზნოდ დაეხეტები –
თავქვე დადიხარ, აბა რა არის!
რამდემჯერ უხმოდ ჩაიჩოქე,
ჩემთვის არც კი ამოგიხედავს,
ასე მხოლოდ დედები იჩოქებენ
შვილებს რომ არ დაენახონ,
ისიც ხანდახან..
რამდენჯერ მიწაში წარგე ტუჩები,
სიმწრის ნერწყვით დაასველე და
იმანაც,
თითქოს ცამდე ამ სისველით გაფუებულმა,
წვიმით გიწამლა!
ან როგორ თოვდა შენს გარშემო
ცაცხვის ფოთოლი!
ან რა სიმშვიდით მიათრევდი
ყველაზე მძიმეს სამყაროში –
ჩრდილის საპალნეს..
მაგ გამობუგულ ფერდებშიც
რამდენჯერ მოგხვდა!
სახედრის წესია –
ურჩობისთვის უნდა დაირტყას
მათრახი!
სახედრის წესია –
ერთი გზით მაინც პატრონის გზას გადაუხვიოს,
ერთი ნებით მაინც მის ნებას ასცდეს,
მერე გიჟივით გახევდეს მზისქვეშეთში და
პატრონს ისაც კი აფიქრებინოს:
წამი გაქვავდა!
როცა სახედრის პატრონი გქვია,
მათრახიც თან უნდა გქონდეს..
როცა წინ 
სიზმრებიდან გადმოწერილი რუკა გაქვს
გაშლილი,
მათრახსაც ნიავის გემო აქვს.
თვალებანთებული მიდიხარ
ქალაქისკენ,
გზა მაგნოლიის ხავერდით გსუსხავს 
და
გული – ამდენჯერ პატრონგამოცვლილი
ბებერი სახედარი
ზურგით მაცხოვარს მიატორტმანებს.

??????