სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

დედას 


სამარის კარამდე ხომ
ნუკრივით უნდა გდიო,
აიმ კარში როგორ შემოგყვე!
ან წინ როგორ გადაგიდგე და
ბავშვური სიცელქით პირველი შევხტე!
დაიგეშებიან ღრუბელ-წვიმები და
დამწყევლიან დედის წინ მორბენალ შვილს..
განა იმას იფიქრებენ, რომ
სიცოცხლისგან დადიდებული თვალები
ვეღარ დავატიე შინ,
წავუგორე შენგან მონაქსოვ გზას და
ამაშიც, ამაშიც გადაგისწარი..
არა, ამას როგორ იფიქრებენ
საათის ხმას შეჩვეულები,
სამყაროს კანონიერ მიქცევ-მოქცევას შეჩვეულები და
ამ ჩვევაში გაბრუებულნი..
ვინ რა იცის,
მე უშენოდ იქნებ სულის ძაფიც გამიწყდეს და
ვეღარ გავმთელდე,
ვინ რა იცის,
შენი კაბის სუნმა იქნებ ისე მომწამლოს,
რძეც კი გამიქვავოს მკერდში..
ორით მეტი ჭაღარით წინ ვარ და
ორით მეტი სიზმრით,
კანონი თუა 
ესაა წინმავალის კანონი.
ჯერ მე ვიყავი და მერე შენ,
მაყვლის მინდორი უხილავი თითით მოგიღობე,
გაგაჩინე და შემოგიშვი,
გულისძირში მამაჩემი შეგაყვარე და
გავაზამთრე, მე რომ გეშვი,
ჯერ მე ვიყავი და
შენი გამძლეობის გამო
დედაჩემად გაჩნდი.
სამარის კარამდე მტვერივით უნდა გდიო და
იქ თუ შეგასწრებ,
რას ეტყვი 
საათის ბილიკზე მავალთ?..
ისეთს არაფერს,
იყო-თქო ჯიუტი ბავშვი,
მთელი ცხოვრება
წვიმასავით თავქვე ეკიდა და
ზევიდან ისეთებს ხედავდა!
სიცოცხლისგან დახელილი თვალები
ვეღარსად დაატია და
წინმავალის დიდი უფლებით
წავიდა-თქო შინ.

??????