ლანჩავა თეიმურაზ
გაზიარება

* * * "ზეციდან ცვივა" 

ზეციდან ცვივა დაღლილი ფრთები
და ნარჩენები სევდიან ღამის,
ვიღაცამ ხელი გამოჰყო თვლემით,
სიზმრიდან მაწვდის ფერწასულ ყვავილს.
ღრუბლებზე კიბე მიუდგამს დროჟამს,
ადი-ჩამოდის ამ კიბით ფიქრი,
მივათრევ ყვავილს _ ნაჩუქარ დროშას,
მოლოდინს ვხარჯავ და წამებს ვითვლი.
ვემორჩილები ზეციურ სურვილს,
საშველს არ მაძლევს სიმძიმე ხორცის,
მიწას, რომელიც მაცვია ტანზე,
თავდავიწყებით ვიღაცა კოცნის.
მაგიურ ძალას, ტუჩების სითბოს
კვლავ ამ ქვეყნისკენ მოვყავართ თითქოს,
გვიანღა ვხვდები, კი არ ვუყვარვარ,
მოწყენილია, თავს ჩემით ირთობს.
იქნებ თვითონაც ტანჯვისგან იშვა,
ამ ღამის გარდა სხვაც გვაქვს საერთო,
იქნება კოცნა ასწავლა შიშმა
და შიშის გამო კოცნით გაერთო.
იქნებ შიშია ეს ყველაფერი,
რაც გვაცოდვილებს, იქნებ შიშია,
იქმნება რაღაც მარადიული,
დრო უკვდავების მოლოდინშია.
სიზმრიდან ცვივა დაღლილი ფრთები
და ნარჩენები სევდიან ღამის,
საკუთარ სისხლის მორევში ვთბები
და ვყნოსავ ჩემს სისხლს _ ფერწასულ ყვავილს.

??????