* * * "ქარის გუგუნმა"
ბუხრის ხარხარმა
მთელი არსებით შეგძრა,
აფორიაქდა ღამის სიზმარი ჭრელი,
ობობასავით მდუმარებაში შეძვრა.
არ ეძინება გაუცხოებულ კენტავრს,
დააყურადებს რკინის
კარების ჭრიჭინს,
ამ ყიამეთში ვიღაც გესტუმრა, ბედავს,
შეგეხმაუროს, ხომ არაფერი გიჭირს.
ვერ შელევიხარ
გაფერმკრთალებულ ლანდებს,
გაუგემურდა თანდაყოლილი გეში,
ვიღაცას ეძებ, ცოტათი მაინც გგავდეს,
გსურს, შეატოვო აურზაური ხელში.
ვერ გადაურჩი შენც უკმარობას ყოფის,
მოხეტიალე ცაში, მიწაზე რჩები,
გამოფხიზლებად
თაგვის ფაჩუნიც გყოფნის,
რომ გამოჰფინო
დაობებული ძვლები.
ეპოტინები
ნისლით ამღვრეულ დროჟამს,
იმან გიმუხთლა,
ვისაც გულწრფელად ენდე
და ჩუმად მალავ
ცრემლით დანამულ დროშას,
რომ დაათრევდი
და პატრონობდი დღემდე.