ხასიათი
ხელს რა შეგვიშლის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ?
ვდგავარ შენს ირგვლივ და ხასიათს გიხასიათებ.
და მოკრძალების აკრძალვაა ახლა საჭირო,
კეთილი, იყოს ცოტა ბრაზი, გინდაც სიავე.
ძველი სადგური, სადაც ღმერთმა დაისადგურა
შია სველ ზამთარს. სხვენში ფიფქებს ყორანი კორტნის.
ხმელ კიბეებზე ამოვიდა ნედლი სამყურა,
ბებერ სიცივეს ყრუ კედლებთან ვუსხედვართ ორნი.
არ მოუსმინო, ამ სიჩუმეს, საშინლად თარგმნილს,
ვმარცვლავ შენს ყვირილს. რაც ყოველთვის ძირითადია:
გთხოვ დამიჯერო, ისეთს, ასეთს, არაფერს არ ვქმნი,
ჩემი სიტყვები ტექსტებიდან ხშირად გადიან.
მოხდა, მკრძალავენ, არაფერი არის საჭირო,
პირზე საერთოდ არ მაქვს ფერი, გითხრა სიმართლე,
ხელს რა შეგვიშლის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ,
სიშორის მიღმაც როცა შენ ერთს გახასიათებ.