საჯაია გიორგი
გაზიარება

რეზიუმე 

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ - 
თუმცა, არც ისე ადვილია! 
ხორცი, რომელიც შეიჭამა, 
სისხლი, რომელიც დაილია, 
ფეხი, რომელიც წამოვკარით, 
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ, 
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ, 
ეჭვი: "არ გვახსოვს"... "არ გვიქნია"... 
ყველა მოშლილი პარაპეტი, 
ყველა შებღალვა სამარეთა, 
და არც ნაკლები და არც მეტი - 
მზერა, რომელიც ავარიდეთ... 
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით, 
ხმალი, ხელიდან განაგდები, 
ყველა საყდარი და ტაძარი, 
შეჩვენება და ანათემა. 
მიწა, რომელიც მივაყარეთ 
ზეცას, დაცემით შესაშური... 
ჯვარი, რომელზეც მივაკარით 
ღმერთი, სახელად იეშუა. 
მამა, რომლიც აღარც ვიცით... 
დედა, რომელიც - უანგაროდ! 
შვილი, რომელიც გავასხვისეთ, 
ცოლი, რომელიც უარვყავით - 
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ, 
უნდა სულ რაღაც ათი წუთი... 
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით 
ყველა კუთხე და აზიმუტი, 
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა 
(მაინც დარჩება ფარატინად!) 
და საუკუნის გასაყარზე, 
როგორც მეფე და პალადინი, 
შევდგეთ წარსულის შეჯამებით - 
თუმცა, არც ისე ადვილია! - 
ხორცით, რომელიც შეიჭამა, 
სისხლით, რომელიც დაილია...

??????