საჯაია გიორგი
გაზიარება

* * * "წამოდი, გავიქცეთ!" 

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო - 
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია. 
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, 
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია. 

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა, 
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?! 
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა, 
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?! 

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?! 
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში. 
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია 
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში. 

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ! 
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო, 
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე) 
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო! 

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე, 
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი - 
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე, 
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი. 

მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა. 
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში, 
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა 
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში. 

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან - 
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები) 
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან 
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები... 

და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან, 
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე, 
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე 
და ასე ვიაროთ აბანოებამდე. 

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო - 
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია. 
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, 
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია. 

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და 
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება, 
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ, 
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება! 

??????