ლანჩავა თეიმურაზ
გაზიარება

* * * "ტყუილუბრალოდ წყრებით" 

ტყუილუბრალოდ წყრებით,
მე შევეჩვიე ლოდინს,
გათეთრებულხართ წლებით,
აღარც კი მახსოვს როდის...
როდის გიყვარდით, გენდეთ,
მტანჯეთ სულით და ხორცით,
არ გიკითხივართ დღემდე,
იუდასავით მკოცნით.
სიტყვა გამხდარა ჭირი,
დუმილი ოქროდ ფასობს,
ნარინჯისფერი მძივი
მე გისახსოვრეთ, გახსოვს?
შემოგთავაზებთ ამბებს,
ცეცხლს, ნაცრადქცეულ ბუხრის,
დასამშვიდებელ აბებს,
მარტოობის და მწუხრის.
თავს შეგახსენებთ ხვნეშით,
რომ ვერ შემნიშნოთ, ვინძლო,
იქნებ გავცოცხლდე თქვენში,
გაგახსენდეთ და მიგრძნოთ.

??????