სტურუა ლია
გაზიარება

ეს ხომ უკვე იყო 

ჯერ კიდევ გუშინ ბესიკის ქუჩიდან
მამადავითის ეკლესია ჩანდა,
ფრჩხილებს არ იკვნეტდი
ნერვიული ბავშვივით,
ტელევიზორში კულინარიის
უნივერსიტეტებს არ აკაშკაშებდნენ,
ვითომ სტრესების მოსახსნელად,
მაგრამ პილპილის წითელი უროები,
კივილივით ხასხასა მწვანილი,
თავში რომ გირტყამს,
სადაც სახაზავი უნდა
გქონდეს ჩადგმული
და არა შაკიკი, რომელსაც შეუძლია
ინფორმაცია
მოსალოდნელი დათბობის შესახებ
ხანძრად აქციოს,
მაგიდაზე თოვლის სუფრა
გადაგაფარებინოს, ყველაზე
გამჭვირვალე ფაიფურით სავსე,
ყველაზე გაჭირვებულები მოგიყვანოს,
რომ აჭამო, 
ფარშავანგები თოვლში _
სუფთა ფელინი!
მომდევნო სიტყვა _ «სიხარული»
ფრჩხილებში უნდა ჩაისვას,
მაგრამ ცოცხალ ლაპარაკში
ფრჩხილები არ ჩანს,
იქნებ იმ მოკვნეტილებში?
ბავშვის ნერწყვი, შენი სისხლი...
ბარემ, აიშენე ჩიტის ბუდე,
გაერიდე ამ უცხო ქალაქს,
ცნობისმოყვარე ფანჯრებითაც
რომ ვერ მოგწვდეს,
აიფარე სიმწვანე, სიმწვანე _
ბუერების კლასიკა...
ბუდეც ციხესიმაგრეა,
ოღონდ უხორცო,
უფრო სწორად, უაგურო,
აქედან პირდაპირ ცას უკავშირდები
და ცდილობ, ანათო თვალებით,
თეთრი ხელებით, წითელი ღრძილებით,
რომელიმე დავიწყებული სიტყვით,
რომ შენი ქმრის სულმა გიპოვოს
და სიზმარში კი არ მოგადგეს,
ქალაქის ყველა წერტილიდან გამოჩნდეს
როგორც ოდესღაც
მამადავითის ეკლესია.
მთვარით შეამოწმოს შენი
ნათების ხარისხი, რასაც
სინამდვილეში კილოვატსაათებით 
ზომავენ,
როცა ონკანიდან
ფეკალური წყლები მოდის
და არა ლურჯი არაგვი,
ან მღვრიე მტკვარი, _
საპირფარეშოს ესთეტიკა?
მაგრამ ეს ხომ უკვე იყო:
თითო თვალი, ჩავარდნილი
თითო ლექსიკონში, ზღვა
რომ ქუჩაში გაუშვა,
ისეთი ვიწრო ოდისეა
ერთი ქალაქის უწმინდურების,
ეკლესიური ლათინურის და
მარწყვისტუჩებიანი ოპერეტისაც კი...
ის, ზღვის პატრონი,
ხომ ბრმა იყო
და ვერ დაემალებოდი,
ვერც ამას, მტაცებლისთვალებიანს,
იქნებ გლეხის ხასხასა ნათესებში?
ხორბლით თუ ჭინჭრით განელებული
ინტელექტის მზე
უფრო ადამიანური ჩანს:
წელამდე _ ირლანდიური ტემპერამენტი,
წელქვევით _ სქოლიოების დუღილი...
უვადო მონაკვეთში
მასა და მკითხველს შუა
შორისდებულები დაფრინავენ:
აზრის ყოყმანი, ემოციების გართულება _
მოდი, ვიყიდოთ ეს ძვირფასი წიგნი!
ყოველი გვერდის წაკითხვა
ტაძრის აშენებას უდრის თავში,
სადაც მრგვალი და თახთახა
ტვინი დევს, ბავშვის ჩანასახივით
ჯერ ჩვილი, უენო,
განუსაზღვრელი შესაძლებლობების მოლოდინში
ბერნსებით და ლონგფელოებით
მოჩითული, როგორც ყვავილებით...
რამდენი მათგანი მოკვდა,
გაიქნა, როგორც საკმაზი
უფრო მნიშვნელოვან ლაჟვარდში,
რამდენი დარტყმული გაფრინდა
მისკენ და მიებეჭდა კიდეც,
წიგნის თაროებივით
დალაგებული ადამიანების თვალწინ,
მათ გასაკვირად...

??????