მეგობრობის დღიური უფროსებისთვის
ჩემი მისამართი - სანაპირო
დროის სამაჯური - "ორიენტი",
გუშინ უღმერთობა დავაპირე,
მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი.
ჰობი - უშენობის დასასრული,
მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი,
ფიქრი - არეული... და სასულე
სულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით.
ჩემი სავარჯიშო - პითაგორა,
ჩემი უნიჭობა - აქსიომა,
სახლთან სულის ბორბალს მივაგორებ
დღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით.
ჩემი ორეული - პოეტია
და სხვა სამოსი არც მაბადია,
დაბადებისწუთისმომენტიდან,
შენში გავიღვიძე... მაპატიე.
არა, უღმერთობა არ ივარგებს,
შენ კი ლექსებისთვის არ გცხელა და
წუხელ სხეულიდან ავიბარგე,
პირჯვარს ვისახავდი მარცხენათი.
ჰოდა, ჩემი წლების- პოეზია,
უნდა გადავცურო (ვფიქრობ) ტივით -
შენი ოკეანე... პროგრესია...
მასში უსუსური მიკრობივით -
ვრჩები. კარს მიხურავს შვეიცარი...
მრჩება გასართობად - საქანელა,
ჩემივ გაოცება შევიცანი,
შენ რომ შემოიცვი დაქალება.
გრძნობის სისხლძარღვები - ი-ჟენშენი,
ცნება - არაფერი არ გამომდის,
შენ კი ცხოვრობ ახლაც ისევ შენი,
ამოჩემებული სამყაროთი.
გუშინ უღმერთობა შევინახე,
მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი,
ჩვენი მისამართი - ჩვენი სახლი
დროის სამაჯური - „ორიენტი“...