მამფორია ოთარ
გაზიარება

თოვლი 

ამ სისხამ დილით თოვლში პირველად
ხელის მოჩრდილვით ცეცხლი ვაკვესე.
ვით მოფარფატე თეთრი პეპელა,
ისე დამაკვდა ფიფქი ბაგეზე.
ალბათ თბილისში ახლა არ ცივა,
კოჯრის ნიავი ფოთლებს აქეზებს,
მწვანე ფერებში ელავს მთაწმინდა
და სხივებს აბნევს მზე რუსთაველზე.
აქ კი არყები ტოტებდახრილი,
ელიან სხივთა ამონათებას.
შორს დათოვლილი მიჰქრის მარხილი,
შორს არის ჩემი ციცინათელაც...
ცვივა და ცვივა ფრთადასეტყვილი
ფიფქები _ ზამთრის თეთრი პეპლები,
მივდივარ თოვლში ხმაგაკმენდილი,
მივდივარ, მაგრამ სად შეგეყრები. 

??????