ჩემი ახლობელი
არასოდეს შემიხედავს სერიოზულად ჩემი ახლობლისთვის , რატომღაც ყოველთვის ცრუპენტელა მეგონა , რაღაც არადამაჯერებელი ლაპარაკი იცოდა , ქცევას თავი რომ დავანებოთ . თითქოსდა ამპარტავანი იყო , მეტიჩარა და ქარაფშუტა . მეგონა რომ რამე ნაღდი საქმე მისი ხელიდან არ გამოვიდოდა . ასეთი წარმოდგენა მქონდა მასზე : ყველაფერში ზერელეა და სიღრმის წვდომის უნარი არ გააჩნია – მეთქი . ამიტომაც მასთან შეხვედრისას მეღიმებოდა , რადგან წინასწარ ვიცოდი , ათასგვარ ტყუილს მოჩმახავდა , ყველაფერს გადასწვდებოდა , ყოველშემთხვევაში ასეთი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა და კაცმა რომ თქვას არც თუ უსაფუძვლოდ ; აბა რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებდა თუნდაც ასეთ რაღაცას : მოვიდა და ბიჭებში დაიწყო მტკიცება – აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს ვფლობო და ზვიადის დაცვაში ვირიცხებიო . ჯერ კიდევ 91 წელი იყო , ისე დამაჯერებლად ამბობდა , გულში ყველას შეგვეეჭვა , მაგრამ შეპასუხება არავის გვიფიქრია , ერთი თვის შემდეგ კი სადღაც წამოცდა – მხედრიონელები მყავს მეგობრები და მგონი გავწევრიანდები მეცო . ჰოდა ამის შემდეგ ბიჭი იყავი და გერწმუნა მისი ნატრაბახევი . არადა ხანდახან ეჭვი მეპარებოდა ჩემი წარმოდგენის სისწორეში : ვფიქრობდი , შეიძლება არაა ასე ზერელე – მეთქი . ეს მაფიქრებინა მისმა სიტყვებმა , ზღვის სანაპიროზე რომ მივდიოდით ერთ საღამოს , მაშინ თქვა ,– რაღაცას ვფილოსოფოსობდით ჩვენთვის , როგორც პირველკურსელებს ჩვევიათ ,– ციტატა ბარათაშვილიდან „ მაგრამ ვერ ცნობენ გლახ – მოკვდავნი განგებას ციურს “ და რამდენიმე კომენტარი თუ აზრიც მოაყოლა . მაშინ ბარათაშვილის პოეზია წაკითხული ნაღდად მქონდა კრიტიკას რომ თავი დავანებოთ და რატომღაც ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია , ამიტომაც ვიფიქრე ალღოიანი ყოფილა და არც თუ ისე ზერელე – მეთქი , მაგრამ იმაში რომ იმაზე უფრო დაკვირვებული იყო ვიდრე მეგონა , ზემო სამეგრელოს წყლის კულტზე და მასთან დაკავშირებულ ტოპონიმიკის გაგებაზე , მისმა მსჯელობამ დამარწმუნა . მე მაშინ გაოცებული დავრჩი , ბევრ , ჩემთვის აქამდე უცნობ ფაქტზე ძალზე დამაჯერებელი ლოგიკით მეტყველებდა . თუმცა რაღაცნაირად ყბედი მაინც იყო , რაც ცოტა არ იყოს დისტანციას დაგაჭერინებდა მასთან . მახსოვ ომის დროს , როცა დროებითი ზავი ჩამოვარდა მეტეორივით , ქართული პოლიტიკის შორსმჭვრეტელობით სოხუმის ფილიალმა სწავლება დაიწყო . ჩვენგან განსხვავებით ჩემი ახლობელი სამხედრო ფორმაში გამოკვართული მოვიდა და სტუდენტებთან მოსულ კორესპოდენტს ტვინი გამოულაყა იმდენი ესაუბრა : უსაშველოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გუმისთა – ფსოუს მონაკვეთს ვინ ამბობს , მთელ ლაზარევსკოე – სოჩის ,– ჩრდილოეთით ,– და ტრაპინზონამდე ტერიტორიის ,– სამხრეთით ,– უახლოეს ხანში დაბრუნებას გვაიმედებდა . ახლა რომ ვფიქრობ , ეტყობა ტიპი იყო ასეთი , ოცნება რეალობად რომ ეჩვენებოდა . მახსოვს , პირველკურსელებმა გადავწყვიტეთ რაღაც საზოგადოების შექმნა , ჩემი ახლობელი , რა თქმა უნდა , მოვლენების ცენტრში იყო , ზღვის პირას შევიკრიბეთ , კაფეში ,– მაშინ მთელი სოხუმის ახალგაზრდობა ზღვისპირა კაფეებს იყო მოდებული ,– და ის – ის იყო ვთანხმდებოდით საზოგადოების ფორმასა და შინაარსზე რომ ჩემმა ახლობელმა ლექსების კითხვა დაიწყო ; დაუღალავად კითხულობდა , ექსტაზით , თუმცა უმრავლესობას არ გვესმოდა მისი შედევრების მომხიბვლელობა . ისე , ახლა რომ ვუკვირდები , იქნებ კარგიც ქნა , თორემ რომელი საზოგადოების ჩამომყალიბლებლები ჩვენ ვიყავით ?
განსაკუთრებულ უნდობლობას ჩემი ახლობლის მიმართ ის იწვევდა რომ წარა – მარა იცვლიდა პარტიებს : დღეს რომ „ ჰელსინკის “ კავშირში იყო ხვალ , იტყოდა „ ედპ “ – ში ვარო , სამი დღის შემდეგ კი უკვე „ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიაში “ იყო . ყველაზე არადამაჯერებლად მიტინგებზე გამოიყურებოდა , თუმცა ხალხი სულგანაბული უსმენდა : სახე დაუწითლდებოდა , თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა , როცა მისი გამოსვლა ეროვნულ გენისა და ერის სულიერ მისიის განმარტებაზე მივიდოდა უკვე ლავასავით ბრდღვიალებდა მისი სახე და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა . ხალხი მხურვალე ტაშით აჯილდოვებდა , ჩვენ კი , მისი კურსელები , სიცილით ვიჭაჭებოდათ , განსაკუთრებით სიტყვას რომ დაამთავრებდა , ჩვენთან მოვიდოდა და რომ გვკითხავდა , „ როგორი იყოო ?“ . ამიტომაც ვფიქრობდი , ძალიან , ძალიან ზერელეა და თავგანწირვის უნარი არა აქვს – მეთქი .
მოვიდოდა და სიყვარულით დამწვარი კაცის სახეს მიიღებდა , აგვიწერდა მთელს ტრაგედიას თუ რა სულით უყვარდა და ის კი რა უგულო და პატივმოყვარე გამომდგარა თითქოს , არადა გასაოცარი ის იყო რომ მართლაც გაგვაცნობდა , და მისი შეყვარებულის ნახვისას ვრწმუნდებოდით რომ ამ გოგოს მართლაც უყვარდა ჩემი ახლობელი და მზად იყო მისი გულისათვის „ ამრადან “ შიგ ზღვაში გადამხტარიყო , არც პატივმოყვარეობის ეტყობოდა რამე . ადგებოდა და სწორედ თვითონ მიატოვებდა გულგრილად , ვინ იცის რას არ მოიგონებდა . ჩვენ ვბრაზობდით იმ გოგოზე , რას აშტერებინებს თავს ამ ბიჭსო . ასე რომ , კი იყო ტრაბახა , მაგრამ ვატყობდით რომ შეყვარებულებს მართლაც დონ ჟუანივით იცვლიდა თან ყველას გაგვაცნობდა თითქოსდა ჩვენს დასარწმუნებლად და გასაბრაზებლად .
აფხაზეთის შემდეგ , შემთხვევით , თბილისში შემხვდა ; რუსთაველზე მოდიოდა დინჯად , ნაცრისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი , ხელში საქაღალდე ეჭირა , სათვალე ეკეთა ( ეჭვი შემეპარა , მართლაც აკლია თვალს თუ ისე , მოდისთვის უკეთია – მეთქი ), ლამაზი , თხელი კაშნე ელეგანტურად გადაეგდო კისერზე და ისე მოაბიჯებდა ( საერთოდ ასეთი სიარული იცოდა ), თითქოს დანაღმულ მინდორზეა და ეშინია ნაღმი არ აუფეთქდესო . პროფესორივით მომესალმა . რას შვები , რას აკეთებ – მეთქი ? ჟურნალისტად ვმუშაობო , ტელე – კომპანიაში . თავიდან ცოტათი შევეჭვდი , მაგრამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პატარა ხმისჩამწერი რომ მაჩვენა დავრწმუნდი . რა საკითხებზე მუშაობ – მეთქი ? რა თქმა უნდა აფხაზეთზეო . და გადმოუშალა გუდას პირი : თითქმის ყოველ მესამე დღეს შევდივარ სოხუმშიო . კი მაგრამ , როგორ – მეთქი ? ეს მისგანაც კი მეტისმეტი იყო . რა თქმა უნდა ფარულადო , იქ იმდენი კაცი ირევა , კაციშვილი ვერ შეგამჩნევსო . აფხაზური თუ იცი – მეთქი ? როგორ გითხრაო , აი შენ რა ენას სწავლობდი სკოლაშიო ? გერმანულს – მეთქი . ჰოდა , შენ ახლა გერმანული რომ იცი , იმ დონეზე ვიცი აფხაზურიო – რაღაცას გავიგებ , რაღაცას მივხვდები , ერთი სიტყვით თავს დავიძვრენო . მართალი გითხრად ვერ დავიჯერე , რადგან კარგად ვიცნობდი , მაგრამ მაინც ვკითხე , რა ხდება იქით – მეთქი ? არავინ გველოდება , ცხადიაო . ეს მეც ვიცი , საეროდ რა ხდება – მეთქი ? რა ვიცი , ხალხი დადის , ბაზარი მუშაობს , რუსები სახლებს ისაკუთრებენ , დაჩებს აწყობენ და დასახლებებს აშენებენო , ათასი ჯურის ხალხი ჩამოდის და მზამზარეულ ბინებში სახლდება და რაც მთავარია , ენგურზე მტკიცდება საზღვარი , როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურადო . ესე იგი მშვიდობით – მეთქი ?! არა , მთლად ასეც არააო . ის მუდამ ასეთი წინააღმდეგობრივი ხასიათისა იყო და მუდამ ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცეებს ამტკიცებდა . დავშორდი და ცოტა არ იყოს იმაზე მეტად ამაღელვა მასთან შეხვედრამ ვიდრე ველოდი ან მეგონა .
სულ ბოლოს , ახლახან ვნახე , უფრო სწორედ მისი სურათი ვნახე ეკრანზე : სათვალე ეკეთა , როგორც ყოველთვის პროფესორივით იღიმებოდა . 26 მაისს გალში , „ მინიომის “ დროს , პარტიზანებთან ყოფილა , ჟურნალისტად და მათთან ერთად ჩაუცხრილავთ სადღაც ღალიძგას ღრანტეებში . ახლა დიქტორი იუწყებოდა რომ , ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით აჯილდოვებდა მას ძლევამოსილი ქვეყნის პრეზიდენტი , მამაცობისა და ქვეყნის განვითარებაში , დემოკრატიის დასაცავად შეტანილი წვლილისთვის , სიკვდილის შემდეგ .
მოულოდნელობისაგან გაოცებული მივაჩერდი მის სურათს , მოციმციმე ეკრანზე ოდნავშესამჩნევი ირონიით რომ იღიმებოდა და არ დავიჯერე , ვიფიქრე , რაღაცას მატყუებს და ტრაბახობს – მეთქი .