ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)
გაზიარება

მანსარდა თავლაში 

 

 

***
სოფლიდან შემომითვალეს, ჩამოდი, ძველი ჯარგვალი დავშალეთ და თავლა აგვაშენებინეო. მეზარებოდა, მაგრამ ქალაქში მუზეუმის ერთფეროვანი, მოსაწყენი და მონოტონური საქმით ტვინგადაღლილმა, ვიფიქრე, იქნებ განვიმუხტო ცოტათი-მეთქი.

 

 

ავტობუსში დიდად არ დავღლილვარ თუ არ ჩავთვლით ერთ, მეტად მსუქან მგზავრთან შელაპარაკებას, გამწარებული რომ აქებდა რუსებს და მე რომ დედის კეთილები ვუგინე, რა თქმა უნდა რუსეთის მამფალების. ალბათ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ წარმოვიდგინე მთელი დარჩენილი მგზავრობის მანძილზე საბჭოთა კავშირზე და ასეთებზე უნდა ელაპარაკა და რა გაუძლებდა? მართლაც არათუ მას, არც სხვებს ამოუღიათ ხმა სამსაათიან დამქანცველ გზაზე.
მამაჩემს გაუხარდა, რომ მოვიცალე, ძმასაც, თუმცა არ გამოუხატია, რძალს კი ყოველთვის მხიარული ღიმილი აეკვრებოდა სახეზე როცა ჩავდიოდი სოფელში; ამათ რომ ეზარებოდათ, მე ხან რას წამოვიწყებდი ხანაც რას და პირველი სწორედ ის ამიბამდა მხარს, შემდეგ მამაჩემიცა და ძმაც იძულებული ხდებოდნენ ჩაბმულიყვნენ საქმეში. ოთხმოცსაა მიტანებული მამაჩემი, დალევით ჩემდენს ახლაც სვამს, ცოტა მუხლებმა მიმტყუნესო დაიჩივლებს, მხოლოდ. თავლა იმხელა დაუწყია, კარგი ორი თვალი ოდა გამოვა, ჩვენი საცოდავი მეზობლის, ვალიკოს მიერ აშენებულ ფიცრულ სახლზე დიდი აშკარად არის, სიგრძე და სიგანე ერთი აქვს. საძირკვლად სულ წაბლის ბოძებია, კავებიცა და დირეებიც, სულ წაბლისაა. აქ ჩემს ბავშვობაში თავლა იდგა, პატარა, სადღაც 16 კვადრატული მეტრი ფართობის ალბათ, ამიტომ იძახდა მამაჩემი თავლას ვაშენებო, თორემ, რამდენადაც ვატყობ, უფრო ბოსელის დანიშნულება ექნება; კვიცი ერთ პატარა ჯარგვალშიც კი დაეტეოდა. ძველ თავლას მეორე სართულიც ქონდა, ფაქტიურად სხვენი, სადაც თავხესთან თუ გაიმართებოდა კაცი წელში, გვერდები კი დაფერდებული იყო და ერდოსა თუ სამერცხლულს თუ გავითვალისწინებთ, მანსარდასა ჰგავდა.

 

 

თავლის სწორედ ეს ნაწილი წარმოადგენდა ხოლმე ჩვენი- ბავშვების, საყვარელ სათამაშო ადგილს. სწორედ აქ ვთმაშობდით სახლობანას მე და ტყუპი დები- შავგვრემანი ანი- მამის მხრიდან ბებიის პატივსაცემად რომ დაარქვეს სახელი და თეთრი, რძესავით თეთრი ჰანა- დედის მხრიდან ბებიის, პოლონური წარმოშობის ქალის უკვდავსაყოფად რომ შეურჩიეს სახელი. სწორედ აქ გამოგვიჭირა ანისა და ჰანას უფროსმა ძმამ- ლაზარემ, შიშვლები. მართალია აღარ მახსოვს, ხუთი თუ ოთხი წლის ბავშვები რატომ ვიყავით შიშვლები, მაგრამ რომ არ დავუსჯივართ, კარგად მახსოვს. მერე, დიდი ხნის მერე, შვიდიოდე წლის შემდეგ, ისიც კარგად მახსოვს ტყუპების მამამ, არსენმა ცხვირის ძვალი რომ გამიტეხა ქვასავით მუშტით. არადა თითქმის არაფერი დამიშავებია, უბრალოდ ტირის თოფიდან, ბიძაჩემმა რომ მაჩუქა დაბადებისDდღეზე, ვისროდით მე და ჩემი სკოლის მეგობარი და მეზობელი- გიო და გიოს ნასროლი პირდაპირ ყურში მოხვდა, უფრო სწორედ, პირდაპირ კი არა ზურგიდან მოხვდა ბიბილოში- დაფნარი გაიარა ტყვიამ და გზაზე მიმავალი არსენი მოძებნა მაინცა და მაინც. არსენმა ხომ მხეთქა ცხვირზე,- არც სისხლი წამომსვლია და არც გამსიებია, მაგრამ ნაპერწკლებად გამინათდა მიდამო,- შემდეგ დედაჩემი მცემდა კარგა ხანს, ვინ მოარტყა, მითხარიო, მაგრამ სტუმარზე ხომ არ ვიტყოდი ის იყო-მეთქი? მერე მეუბნებოდა გიო, ამდენს ვერ გავუძლებდი და მე რომ ვყოფილიყავი ვიტყოდიო, თუმცა დარწმუნებული ვარ არ იტყოდა.
***
-- ადი მაღლა და ამოსჭერი სატეხით, ორი ძელია დასამაგრებელი, სათავე უნდა გავდოთ,-- მეუბნება მამაჩემი.

 

 

კიბით ავდივარ, ხის კარკასი თუ ჩონჩხია აგებული მხოლოდ, ვებერთელა პარალელოპიპედსა გავს. ორნახევარი მეტრია სიმაღლე. აქედან ჩამოვარდნა არაა სასიამოვნო, ჩემი არც თუ ისე მცირე წონის გათვალისწინებთ. პარალელოპიპედის ერთ-ერთი გვერდის შუაში, გადავაჯექი ძელს ცხენივით და დავიწყე სატეხით პატარა ორმოს ამოკვეთა, სათავის დამჭერი ძელის ჩასამაგრებლად.
მაინც მგონია რომ ძველი ბოღმა ახსოვდა არსენს როცა მარტყამდა, თორემ ყურის ბიბილოს გაკაწვრა რაღა ასე დასასჯელი იყო, ნახევარი ცხოვრება ცალი ნესტოთი ვსუნთქავდი შემდგომ სანამ ოპერაცია არ გამიკეთა ოდიშვილმა და არ მტანჯა ერთი საათი, თან სულ დედას აგინებდა დამხმარე ექიმსა თუ ექთანს: ასეთი ცხვირი ჯერ არ მინახია, თქვენი ბრალია, ნაჩქარევად დამაწყებინეთ ოპერაციაო.
ძველ თავლაში ვიყავით მე, ტყუპები, გიო და ანჟელა მაშინაც, როცა მეზობლის, ჩვენზე ათი წლით უფროსი, ანდროს ოჯახური ამბავი წყდებოდა. ყველაფერი ისმოდა ჩვენს თავლაში. ამიტომაც გვქონდა სულ დავა მათთან; გვეჩხუბებოდნენ, სადმე სხვაგან გადაიტანეთ ეს წყეული საძროხე, თქვენი საქონლის ბღავილი და ბოგინი არ გვაძინებს ღამეო. ისე კაცმა რომ თქვას ღამე სულაც არ ღრიალებდა და ბღაოდა ჩვენი საქონელი, მაგრამ მაინც არ იყო სასიამოვნო საძინებლიდან სამიოდე ბიჯის დაშორებით საქონლის ახორს რომ აგიშენებს მეზობელი.

 

ბებია მიყვებოდა, არაა ასე საქმე, ეს თავლა ბაბუაშენმა, დავითმა, თავის ჯეელობაში ააშენა, მაშინ სად ჰქონდათ ამ მათხოვრებს ოდა, ყანის ბოლოში ცხოვრობდნენ ფაცხაში, მერე ააგეს თავიანთი ოდაო. მოკლედ საქმე ისე წავიდა შემდგომ, რომ გივის ოჯახმა ახალი სახლი აღმართა მოშორებით, ფაცხის ადგილას. თანაც ცოტა ხანში ჩვენი ცხენები და საქონელი ერთიანად ამოწყდა და ისევ თბილი მეზობლობა გავაჩაღეთ. თავლა კი მხოლოდ სასიმინდედღა გამოიყენებოდა, ნალიად რაღა, უფრო სწორედ თავლის სხვენი, და ჩვენს სათამაშო ადგილად. ანდროს კი რაც შეეხება, ახალმოყვანილი Hყავდა ცოლი, მაგრამ ვერა და ვერ ააწყვეს ურთიერთობა, არა პირველი სამიოდე თვე სიამტკბილობაში გაატარეს, მერე დაიწყო წივილ-კივილობია. საოცრად ლამაზი ქალი იყო, ლანა ერქვა, ხშირად მეხმარებოდა მათემატიკის დავალებების შესრულებაში, ამას როგორ წაყვა- მეთქი? ყოველთვის მაოცებდა. ძალიან ხშირად შევსწრებივარ როგორ ჩაუდებდა თავს დედამთილს კალთაში და ტიროდა.

 

დედამთილი, დაიცა დეიდა, ეფერებოდა თმაზე. ბებია კი, ანდროს ბებია, უტატანებდა:
-- არა, რა გატირებს, რა გატირებს ამიხსენი?-- თან ბოროტად აკვესებდა თვალებს საოცრად დანაოჭებული შავი სახიდან, -- ჩაარტყა უნდა თავში! -- დასძენდა მწარედ და შუაცეცხლიდან აღებულ ნაკვერჩხლიან, აბოლებულ შეშასა თუ მუგუზალს აუფრიალებდა სახესთან.
-- დდ,დაანება, თთ,თავი, ვერ ხედავ ტტ,ტირის- მოაშორებდა დაიცა თავის დედამთილს რძალს.
მერე ისიც მახსოვს ბიჭები რომ იჭაჭებოდნენ ქუჩაში სიცილით, როცა არსენი ამბობდა: \"ვერ ტყნავს, ეს გამოყლევებული და როგორ გაუჩერდება ცოლიო!\"-- მართალი გითხრათ, მაშინ გავბრაზდი არსენზე; შემეცოდა ანდრო, ეტყობა მართლა დავიჯერე არსენის სიტყვები და იმიტომ შემეცოდა.

 

 

\"გამოყლევებულის\" მნიშვნელობას კი მაშინღა მივხვდი პირველად.

***
-- ეყოფა ახლა, ჩაამაგრე!-- მეძახის მამაჩემი. წურწურით მომდის ოფლი სახეზე, ხელისგულით ვიწმენდ და მეტრონახევრიან ძელს ვართმევ, ერთ ბოლოს დირეზე ამოჭრილ ორმოს ზომაზე ვასწორებ და ვამაგრებ მასში.
-- არ წაიქცევა?
-- ჩაჭედე და გვერდებზე ხარიხებით გაამაგრე.-- ასეც ვშვები. 
ძველ თავლას წვრილი ლარტყებით ჰქონდა მეორე სართულის მოკლე, ერთმეტრიანი კედელი შემოვლებული, ცხაურასავით იყო, სიმინდი რომ არ გაფუჭებულიყო. სწორედ ამიტომაც შეგვამჩნია მაშინ ტყუპების ძმამ- ლაზარემ; როცა ვთამაშობდით უცხო თვალისგან დაცულები არ ვიყავით. საცოდავი ლაზარე, ხუთი წლით იყო ჩვენზე უფროსი, აფხაზეთის ომში მოკლეს შემდეგ, ტამიშთან.

 

 


ტყუპებთან ძირითადად მანსარდაში ვთამაშობდი ხოლმე. აი, ანჟელასთან კი, ქერათმიანი დახუჭუჭებული თმები რომ დასთამაშებდა მხრებზე, მუდამ პირველ სართულში, თავლაში ვერთობოდით; განა რამე, უწყინარი თამაშები იყო; მე- მამა, ის- დედა, ხშირად შვილიც გვყავდა, მეზობლის 5 წლის ბიჭი, ნუკრი, თუმცა იშვიათად; მარტო გვერჩივნა. იმ დღეს კი როცა ტყუპები, მე, ანჟელა და გიო ვიყავით მანსარდაში, ანა ამბობდა: \" ანდრომ ცოლს ღალატი დასწამაო, თან ვიღაც დაასახელა, ასე უთხრაიმას დიდი ყლე აქვსო და იმიტომ მღალატობო”, როცა ამას ამბობდა მე ის მახსენდებოდა 5 წლისანი როგორ გამოგვიჭირა მისმა ძმამ შიშვლები, ჯერ აქ მანსარდაში, შემდეგ კი მასთან სხვენში. უკვე 10 წლისანი ვიყავით და უფრო დიდებივით ვცდილობდით თავდაჭერას. მაშინ მე უკვე გაგონილი მქონდა არსენისგან, \"ვერ ტყნავს ცოლს და როგორ გაუჩერდებაო\", მაგრამ ეს არ მითქვამს თანატოლებისთვის, რატომღაც მკრეხელობად ჩავთვალე. მოკლედ მამამ, აპალონმა, ჩამოაკითხა შვილს და წაართვეს ანდროს ცოლი; ღირსებიანი კაცი იყო ლანას მამა, ლანა კი ძალიან ლამაზი და საოცრად სათნო. მართალია, მიკვირდა როგორ წაყვა ანდროს-მეთქი, მაგრამ არ გაემტყუნებოდა; ისეთი სიმღერა იცოდა ანდრომ გიტარაზე, თან აღნაგობაც პოდიუმზე გამომავალი მანეკენი ბიჭებისა Hქონდა და აბა ვინ დაუჭერდა ქალს, მით უმეტეს, რომ მაჭანკლებმა გაჩარხეს საქმე.

 

ანდროს სახლიდან გამომავალ დავასა თუ კამათს ვუსმენდით ბავშვები, მაგრამ ის მახსენდებოდა სამი წლის წინათ, მე და ანჟელა რომ ვთამაშობდით თავლაში. ანჟელამ სახლიდან დედამისის ტანსაცმლებით სავსე ვებერთელა ჩემოდანი მოათრია, ხან ერთ სამოსში გამოეწყობოდა ხანაც მეორეში, და ასე შიშველ-ტიტვლები დავრბოდით თავლაში. იმ დროს საქონელი უკვე ამომწყდარი იყო, უფრო სწორედ ცხენები მე საერთოდ არ მახსოვდა, ბოლო ძროხა კი ახალდაკარგული იყო; ბაბუაჩემის შემდეგ აღარავის გაუგრძელებია ფერმერობა, მამაჩემი ადვოკატი იყო და აბა ცხენებისა და ძროხების სადევნელად სად ეცალა, ეს სიბერეში აუჩვილდა ეტყობა გული და დაუბრუნდა, საგვარეულო საქმიანობას. ზოგჯერ ბაგაში ჩავიმალებოდით, რამდენიმეჯერ მანსარდაზეც ავირბინეთ. ეტყობა გივისთან გაიგონეს ჩვენი ბასტი-ბუბუ და მოულოდნელად თავლის კარი ანდრომ შემოაღო. ამ დროს ანჟელას უკვე ეცვა ერთ-ერთი წითელი კაბა, მეც მამაჩემის შავი ხალათი მქონდა შემოფართხუნებული და არც თუ ისეთი საგანგაშო ვითარებაში ვიყავით, მართალია კი შევკრთით ორთავენი, მაგრამ როგორც კი ანდრო ვიცანით დავმშვიდდით; ანდრო ხომ გაცილებით დიდი იყო ჩვენზე, მაგრამ მაინც ჩვენიანად ვთვლიდით. რას წარმოვიდგენდით, დამარცვლითა და დაწვრილებით მოუყვებოდა ბებიამისსა და დედამისს ამ ყველაფერს და გივიც უკვე დაბრუნებული რომ იქნებოდა სამსახურიდან (ფოსტალიონად მუშაობდა).

 

ამბის მოყოლა, გაგიხარიან, ეხერხებოდა, ალბათ ოჯახიდან მოსდგამდა, გივისაც ყველა ამიტომ ლანძღავდა; სანამ წერილს ადრესატამდე მიიტანდა, მთელმა მისმა ჯალაბმა უკვე ზეპირად იცოდა შინაარსი და მთელ სოფელს იყო მოდებული ამბად. როგორ არ გააფრთხილეს გივი, საბჭოს თავმჯდომარემაც დაიბარა, მაგრამ არაფერი ეშველა, ცოტათი მაინც მოუფრთხილეს და ახლა ისე ლამაზად წებავდნენ, თავიდან, კონვერტს, ვერ შენიშნავდი ადვილად თანაც მხოლოდ ახლობლებს უყვებოდნენ შინაარს.

***
-- მოდით ახლა, რას მახვეწნინებთ, მიირთვით საჭმელი! -- იძახის რძალი სახლის უკანა კარებიდან, მარცხენაში, ტაფა უჭირავს, მარჯვენაში ღომის ჩოგანი, თან მაჯით შუბლზე ჩამოშლილ თმას ისწორებს.
-- არა, ღამდება უკვე, ჯობია მოვასწრო! -- გავსძახე და ნივნივა კოჭზე გავიარე ბარბაცით, ვიწრო ძელი იყო სარტყლად შემოვლებული, პარალელოპიპედის მეორე ბოლოსაკენ გავემართე, ირწეოდა თავლის ჩონჩხი.
-- ყანყალებს! -- ჩამოვსძახე მამაჩემს.
-- მოკასებია დასამატებელი და გამაგრდება!
-- მოკასი რა ჯანდაბაა?
-- აგერ გვერდულად რომაა მიჭედებული, ბოძსა და კოჭზე,-- მითითებს მამაჩემი. ვინ დაარქვა მოკასა, რუსულია ნეტა? ვერ გავიხსენე ასეთი სიტყვა რუსულის ჩემი მარაგიდან. ხარიხაა ვითომ? მკლავი საშინლად დამეღალა, მაინც დავიწყე სატეხით ძელზე ორმოს ამოჭრა. 
მოყოლა კი არა, ამბის მოტანა და დაფქვა ეხერხებოდა ანდროს, თორემ, მოყოლა- ბოლო ბებიაჩემი იყო ვინაც იცოდა. რილკესი არ იყოს, ნამდვილ მოყოლას ვგულისხმობ. როცა მართლა გავიწყდება სად ხარ და მონუსხული უსმენ; თვალწინ დაფრინავენ ყურით აღქმული ეპიზოდები და სიუჟეტები.

 

 

ვეღარ ვანსხვავებდი ბებია როცა ყვებოდა, ნამდვილს როდის მიადგებოდა და როდის- გადმოცემით გაგებულსა და გამოგონილს; ტაბაკონასა, ხუდონსა და ბზიფში დავქროდი თუ ვმოგზაურობდი; თვალწინ დამიდგებოდა წალენჯიხასა თუ საბერიოში მოკლულ აბრაგს როგორ დასტიროდა ცოლი- სკვამია; როგორ მიჰქონდა გადარეულსა და აზვირთებულ ბზიფს ცხენიდან გადმოთრეული მუსურყვას სხეული.
დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი: საღამოს მე და გაღმა უბნელი ლევანი ორღობეში წვეტიან ქვებზე გამწარებული ვთამაშობდით ფეხბურთს, რა თქმა უნდა, მშვენიერი,- იმ დროისთვის,- ჩინური კედები გვეცვა, ასე რომ ფეხის გულებზე არ გვქონდა პრობლემა, უბრალოდ მუხლისთავები გვქონდა დაჩეჩქვილ-დაბღოტილი. დედა მეძახდა, რაღაცნაირად, ავისმომასწავებელი ხმით. რატომღაც იმწამსვე ანდროს სახე წარმომიდგა თვალწინ. სამზადში იყვნენ შეკრებილნი: დარიცა ინტერესით იცინოდა, დედაჩემი გაფითრებული უსმენდა ანდროს, ქალოია საუბარი იცოდა, დაწვრილებით ყვებოდა ყველაფერს, ანუ უამრავ რამეს ურთავდა, ამძაფრებდა წარმოსახვით. მე კარებთან ავიტუზე, წირთხლსა და ვებერთელა განჯინას შორის, ბებიას რომ მოჰყოლია მზითვებში; აზრი არ ჰქონდა გაქცევას. არც მახსოვს როგორ მცემდა დედაჩემი. მაგრამ კარგად მახსოვს იმ ღამეს პირველად რომ არ დავწექი დედასთან და ბებიასთან გადავბარგდი.

 

 

მერე კარგა ხანს, 12 წლამდე, სანამ არ გარდაიცვალა, სულ ბებიასთან მეძინა. ანჟელა კი დედამისმა- მაყვალამ გაიგდო ცემა-ცემით; სიტყვა არ ამოუღია, იქვე დაფნის ვებერთელა წკეპლა მოსწყვიტა და ამოსცხო ანჟელას, იმან ბღავილით გასწია სახლისკენ, მაგრამ არ უშვებდა, მაყვალა, თმაში ჩაფრენოდა და რიტმულად უტყლაშუნებდა წკეპლას დუნდულებზე. დავახრჩობ ამ ქალს-მეთქი, გავივლე მაშინ გუნებაში, არადა როგორ მიყვარდა და პატივს ვცემდი; ციხიდან როცა დაბრუნდა, არავინ არ შეიფარა, მარტო ჩვენი ოჯახი ჰყავდა მზრუნველად. მის ორთვალიან სახლში ჯერ არ შეისვლებოდა, ექვსი წლის წინანდელი სისხლის ოხშივარი ისევ იდგა ოთახებში, ოთახებში კი არა ქუჩაშიც იგრძნობდა კაცი, რაღაცნაირად მძაღესა და სიდამპლის სუნს, ნესტოებით თუ წარმოსახვით აღქმულს. მახსოვს ამ სახლთან ჩავლისას შიშის ზაფრა გვიტანდა, არა მარტო ბავშვებს; საღამოხანს, ჩაის სმისას მიეპარა თურმე მაყვალა მამობილს, ვალიკოს და ზურგში ჩაარჭო მისივე ნაჯახი, რუდუნებით მის მიერვე გალესილი- დურგალი იყო საცოდავი. ეზომდე მიფორთხებულა ვალიკო, ზურგში ჩარჭობილი ნაჯახით, გამონთებია მაყვალა და ზედ ალაგესთან უროთი დაუჩეჩქვია თავი, მოუსწრაფვია მისთვის სიცოცხლე.
მეზობლები ითხოვდნენ, არავის შეეშვა მაყვალა ოჯახში.

 

 

კარგა ხანს გამარჯობას არ გვეუბნებოდნენ, რატომ უშვებთ სახლშიო. მხოლოდ ჩვენ, ბავშვები მივდიოდით მაყვალასთან, ანი და ჰანა რამდენჯერმე სცემა არსენმა ამისთვის, მაგრამ ერთიოდე კვირითღა თუ შველოდათ დებს დასჯის შიში, მე და გიოს რომ გვხედავდნენ ვერ უძლებდნენ ცთუნებას და ისინიც მოდიოდნენ მაყვალას ეზოში, თანდათან არსენიც შეეგუა, როგორც მერე შეეგუა იმას, რომ ანა გაგრელს წაყვა, პირველი კურსის დასაწყისშივე ხოლო, ჰანა- ლაგოდეხელს, პირველი კურსის დასრულებისთანავე და წლიწადში ერთხელღა თუ ხედავდა შვილებს, ძლივს რომ შეარიგეს მამას. 
მაყვალა ჯერ ფაცხაში ცხოვრობდა, მერე დავეხმარეთ და ვალიკოს აშენებული პატარა, ფიცრული სახლი შევაკეთეთ; კედლები შევწებეთ ქაღალდით, იატაკზე ლინოლეუმი დავაგეთ და სარკმლებში შუშა ჩავსვით. ეს მერე, მანამდე კი ზამთრის სუსხიან საღამოებში, ახლაც თვალწინ მიდგას, ჯერ ანჟელა შემოაღებდა კარს, შვიდი წლისა, მას სამი წლის იესე მოჰყვებოდა და კარგა ხნის შემდეგ შემოვიდოდა მაყვალა, აყურადებდა შემომიშვებენ თუ არაო. ეტყობა მაინც უწევდა ჩემი ოჯახი ანგარიშს მეზობლებს, მაგრამ ამ შემადგენლობით, ამათ გარეთ როგორ გაუშვებდი კაცი?! 

*** 

 

 


-- ოდი ჩამოდი დაღამდა!-- მეძახის ისევ რძალი. უკვე დაბნელდა, ძლივს ვარჩევ სატეხის თავს.
-- კი, მოვალ, მაცალე ცოტა,-- მერე კი მამაჩემს ჩავსძახე,-- ხუთი სანტიმეტრი ეყოფა სიღრმე?
-- კი, რათ უნდა მეტი,-- მეუბნება, თავს ვერ წევს ზემოთ, მოტეხილა ამ სამ თვეში საგრძნობლად. მეტრონახევრიანი ბოძი ჩავარჭვე ღრმულში და გვერდულად ჩავაჭედე ლერსმანი.

 

 

ირწევა, მაგრამ არ წაიქცვა. გვერდებში მივაჭედე ლარტყა, გავასწორე მართობულად ისე რომ მართკუთხა სამკუთხედის მართი გვერდი შექმნას. კარგად გამაგრდა.
--ამაზე უნდა ჩამოვდოთ, იმხელა მორი?-- ვკითხე შეშინებულმა. ძირს 15 მეტრიანი ვებერთელა ნაძვის მორი ეგდო, დამუშავებული; შეძლებისდაგვარად გასწორებული ნაჯახით.
-- ხო, მაგრამ მძიმეა, ნადი დაგვჭირდება ხვალ ამ სათავეს მაღლა ასატანად,-- ამომძახა, დაღონებულმა. ეჭვით შევხედე ჩემს ნაცოდვილარს; ეს დაიჭერს ამხელა მორს? კიდევ უნდა გავამაგრო ხვალ, გავიფიქრე, სარტყლის კოჭზე ჩამოვჯექი და ფეხები დაბლა ჩამოვაკონწიალე, ოფლში ვიყავი გახვითქული. როგორ შეეძლო სოფელს არ მიეღო ზამთრის სუსხში ორი წვრილშვილის პატრონი ქალი ოჯახში? ვაჟას მოკვეთილი გმირებისა გვიკვირს. 
ციხიდან რომ ჩამოვიდა, ჯერ იყო და რა თქმა უნდა არავინ ელოდა ასე მალე, ოთხ წელიწადში, მის ჩამოსვლას რუსთავის სატუსაღოდან, მერე კი- ბავშვით რომ ნახეს, დააღო სოფელმა პირი.

 

 

ერთ შვილს დეიდა უზრდიდა სადღაც ქალაქში, ანჟელას რაღა, და იშვიათად, წელიწადში ერთხელ ალბათ, ჩამოყავდა ჩვენთან, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ დროს, სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოხდა ასე, და ახლა როცა დედამისი ჩამოვიდა და საერთოდ აქ უნდა დარჩენილიყო წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდებოდა. მახსოვს რა სიყვარულით ჩამიკრა გულში შვიდი წლის ბავშვი და გადამკოცნა, თან გაკვირვებული იმეორებდა: ”ეს ოდია?, ოდია ეს?”

***

-- ჰე, მოდით ახლა თორემ გაცივდა საჭმელი! შუქიც არაა როგორ გავაცხელო ისევ!-- ისევ იძახის ძმისცოლი, დაბალია და ფერმკრთალი, ახლაღა შევნიშნე- უკვე დასტყობია მუცელი. მივედი თავხე ძელთან, იქნებ ავწიო ერთი მხრიდან მეთქი; ძვრაც ვერ ვუყავი. ჩუმად გაეცინა მამაჩემს, გამახსენდა როგორ მიყვებოდა, ეს სახლი შვილო, სულ მე და ბაბუაშენმა ავაგეთ, ეს ვებერთელა ძელები და კავები სულ მხრით გამოვათრიეთ ტყიდანო.
-- მაგას რას ასწევ მარტო, ხვალ დავუძახებ მეზობლებს და მერე,-- მითხრა თანაგრძნობით.-- სახურავი ასე დამრეცი რომ გამოვა?-- შეძლებისდაგავარად იყურებოდა ზემოთ, წელზე ხელი შემოებჯინა, თავი კი არ ჰქონდა აწეული, წელში იყო უკან გადახრილი.
-- მერე კარგი არაა? თოვლი დასრიალდება! --გამიკვირდა მე.
-- კარგი კია, მაგრამ კრამიტი არ გაჩერდება. სხვა სახურავი არ მაქვს. 
-- არა, არა, სხვენი ხომ უნდა გამოიყენო? აბა მარტო ბოსელი უნდა იყოს, ზემოთ სასიმინდეც ხომ გინდა?
-- სად ვნახო შიფერი?
-- მოვახერხებთ რამეს, სად გეჩქარება.-- შემენანა, ამხელა შენობა ასე მარტივად გადასახურავად.
-- მაგას ორმოცი ცალი არ ეყოფა, ცალი თუთხმეტი ლარი ღირს,-- ამბობს ძმა, ქურთასთან დაიჭრა ფეხში და ჯერაც უჭირს სიარული, თორემ მე არ დავჭირდებოდი, ამ წვრილმანი საქმისთვის,-- მთავარია ერთი თვალი გადავხუროთ, სადაც ძროხები უნდა დავაბათ, ცოდვანი არიან, უკვე წვიმები იწყება, ეზოში ვერ შემოგვყავს, ხბოებმა რომ არ გამოღეჭონ.
ძლივს მოიბრუნეს ხელი, როგორც დედაჩემი ამბობდა ხოლმე, საქონელზე. ერთი რომ ამოწყდნენ, ვერა და ვერ მოვაშენეთ.

 

მახსოვს, ულამაზესი კოპლებიანი ძროხა იყიდა მამაჩემმა, ბოჩოლითურთ, ცნობილი მწყემსის- ამერანისაგან. ორი თვის თავზე მოკვდა ბოჩოლა და დედამ უკან დაუბრუნა ძროხა. მერე იყო არსენმა გვათხოვა. ეს იმიტომ რომ, რახან ნაყიდი ვეღარ გავახარეთ იქნებ ასე გადარჩესო. სამ კვირაში მოკვდა. ბღავილით მიდიოდა ყოველ საღამოს არსენის ახორთან. მე და დედა მივიდოდით და ძალით მოვათრევდით ჩვენს ბოსელში; ცხენი აღარ გვყავდა და თავლა ბოსელის მოველეობას ასრულებდა უკვე.

ბოლოს სახლში თქვეს, ქიტესა დაგვპირდა დეკნას გაჩუქებთო. ძალიან უყვარდა ჩვენი მშობლები, ქიტესას,- მამაშენმა ბევრჯერ დამიხსნაო, მითხრა ერთხელ.

მეგონა ბოჩოლასა თუ ხბოს გვჩუქნიდა და ვებერთელა ძროხა შემოაჯლიგინა ეზოში. გიჟივით დარბოდა პირუტყვი, ახლოს არ გვიკარებდა, ძლივს მივიჩვიეთ, ცოტა ხანში კი ნახშირივით შავი ხბო გააჩიანა, იმწამსვე ბალუ დავარქვით ბავშვებმა; არ მახსოვს ამაზე მეტად რა გამიხარდა ბავშვობაში: სუსხიანი მარტის დასაწყისი იდგა- დედა, ბებია, მე და გიო ვიყავით თავლაში, დედამ სათუთად შემოახვია ბოჩოლას ჩვრები თუ ნაჭერი და ბაგაში ჩასვა, ჩელა მიადგა და გულდასმით ლოკავდა, თავზე, ტანი ჩვრებში ჰქონდა შეხვეული. მართლაც მოვიბრუნეთ ხელი და გამრავლდა საქონელი. მერე კარგა ხანს წუწუნებდა დედაჩემი, ამდენ პირუტყვს მარტო როგორ მოვუვლი, თქვენ არ მეხმარებითო. მას მერე არ გვითამაშია ბავშვებს არც თავლაში და არც თავლის მანსარდაში, მას შემდეგ არც ანჟელასთან მითამაშია; დედამისი რა თქმა უნდა შემირიგდა; მე ვეხმარებოდი ხოლმე, როცა რამის მიჭედება, გახერხვა თუ შეკეთება დასჭირდებოდა, სოფლის სხვა ბიჭებივით, ნერვებს არ ვუშლიდი.

 

ისე კი ვკითხე ერთხელ, ამხელა კაცები რომ გყავს ყოველთვის სტუმრად ვერ თხოვ დაგეხმარონ-მეთქი? ახლაღა ვხვდები მისი ის ღიმილი, მაშინ რომ პასუხად მაძლევდა, რამხელა სიყვარულსა და სითბოს იტევდა. 
ანდრომ კი ვერ მოისვენა, და როცა ცოლი წაართვა სიმამრმა, ადგა და სასამართლოში უჩივლა. ძმა მიყვებოდა, მიყვებოდა რა, საღამოს სახლში რომ ვიყავით ყველა და მე დედას ვეტმასნებოდი, მაშინ გვიყვებოდა; ძმამაც კარგად იცოდა მოყოლა, ოღონდ თუ გულს დაუდებდა და განწყობაზე იყო მოშინღა ყვებოდა:
-- გადარეული იყო აპალონი, გააფთრებული დადიოდა სასამართლოს ფოიეში და მე რომ დამინახა გაშტერებით მითხრა: “ეს რა მიყო, ამ ნაბიჭვარმაო!”-- და სიცილი მოაყოლა, ძმამ.-- ყველას გვეგონა რომ გოგოს მხარემ იჩივლა, სასამართლოში! თვალები გიჟს უგავდა: “ ეს როგორ მომჭრა თავი ამ ნაბიჭვარმაო!” 
ხუთი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ანდროს, სანიმუშო ყოფაქცევისთვის წელიწადნახევარში გამოუშვეს. მერე ძირითადად ქალაქში იყო. ერთხელ ქალაქიდან რომ მოდიოდა, ჩვენს ალაყაფთან ჩავლისას, ბირჟაზე შეკრებილი ბიჭები დაესივნენ, “ანდრო, გვაჩვენე ერთი მაგი საბუთიო,” ანდრომ არსენს დაანახა რაღაც წითელი, გასაშლელი მოწმობა, სხვები რომ მიუახლოვდნენ, “გეყოფათ ახლაოდა საჩქაროდ წავიდა სახლისკენ.
-- ვინც მაგი კეკებეში მიიღო იმის დედაც მოვტყან!-- შეიგინა არსენმა და ბიჭები ახორხოცდნენ. ბოლოს როცა ვნახე, უკვე დამოუკიდებლობის შემდგომ, წითელი ჯვრის მისიას ახლდა.

 

 

მანქანაზე ჰოლანდიის დროშა ოყო. გაოცებულმა ვკითხე ჩემს უფროსს, ასეთები რათ უნდათ-მეთქი?!
-- იცნობ?
-- როგორ არ ვიცნობ, ერთი წამხდარი და უღირსებო კაცია.
-- ეგ წითელი ჯვარი სულ აგენტების ბუდეა, რა გიკვირს ერთი!-- გაღიზიანებით წარმოთქვა ჩემმა უფროსმა და ვიტრინაში არეკლილ საკუთარ სილუეტს შეავლო თვალი, შემდეგ კი კაბა შეისწორა ოდნავ. ნუ გადაამლაშეთ-მეთქი ვუთხარი ღიმილით. მერე ფიქრმა გამიელვა; ურთიერთობითი იყო ყოველთვის, ადვილად ახერხებდა კონტაქტში შესვლას, ეშმაკს მოთაფლავდა და სიკვდილს გააბრუნებდა უკან. მახსოვს, სოფლის დირექტორი, ინგლისურის მასწავლებელი, როგორ აღმერთებდა: ასეთი ნიჭიერი ბავშვი არ ღირსებია ჩვეს სკოლას არასოდეს და არც აწი ეღირსებაო, არადა თვითონ მას ოქროს მედალზე ჰქონდა სკოლა დამთავრებული: სოფლის ისტორიაში პირველი იყო ვინაც ოქროს მედალი მიიღო, პირველი და უკანასკნელი, მერე არავის ღირსებია. 

***

-- მთავარია არ გაწვიმდეს,-- ამბობს მამაჩემი.
-- რაღაც ისე მოიღრუბლა, ვეჭვობ! -- წარმოთქვა რძალმა,-- ორშაბათს დარჩები?
-- არა, მუზეუმში ახალი დირექტორი დაგვინიშნეს, არ მაქვს მასთან ღრეჯვის თავი,-- ვთქვი ისე, რომ სხვა ახსნა განმარტება არ დამჭირვებოდა.
-- მთავარია სათავე ავათრიოთ, მერე მეც ვიზამ, ნელნელა-- ამბობს ძმა და ჭიქებს ავსებს.
-- რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, მაინც მაღალი სახურავი გავაკეთოთ, სხვენში რომ შეინახოთ რამე, თორემ ზარალია.
-- აგერ ხართ ორივე და გადაწყვიტეთ.
-- ერთი სათავე დავამაგროთ და დანარჩენიც იქნება,-- უთხრა ძმამ.
-- მთავარია არ გაწვიმდეს,-- ისევ გაიმეორა მამამ, მერე ჭიქა მომიჭახუნა და თქვა:
-- ყველა წასულების ხსენება, ნათელში იყოს!
-- სოსო! —გაისმა აივანთან.
-- ვუი, იესეა! -- წამოხტა რძალი და სანამ გარეთ გავიდოდა მანამდე დაიძახა,-- მობრძანდი იესე!
შემოვიდა იესე. მაღალია, სულ გამელოტებულა.

 

 

გულღიად, გაბადრულად მომესალმა და გადამეხვია.
-- როგორა, ხარ?!
-- გაიხარე, შენ ხომ ხარ კარგად?-- სიხარულს ვერ მალავს.
-- ანჟელა, როგორაა? აქეთ ხომ არაა?
-- არა, რა უჭირს.
-- რამდენი ჰყავს, შვილი?
-- სამი, გოგო და ორი ბიჭი.-- იბადრება იესე.
-- დიდები იქნებიან უკვე?-- დავმთვრალვარ, ისე მიჩუყდება გული.
-- უფროსმა სკოლა დაამთავრა, უკვე.
-- მომიკითხე რო ნახო! -- ვეუბნები თითქოს სხვათაშორის და ჭიქას ვუვსებ.

 

 


შუაღამემდე არ დამეძინა; ვერ ვხვდებოდი ნამთვრალევი, ფიქრებში ვიყავი თუ სიზმარში; შავი, უსიერი, ტაიგისა თუ ჯუნგლების ხედები ირეოდნენ თვალწინ; ამაზონის ჯუნგლები თუ თოვლითა და ყინულით გადათეთრებული რუსული სტეპები თუ ციმბირი. მერე თითქოს უცებ გადაიჭიმა ცაცა და მიწაც და დალის ნახატების პეიზაჟი გადაიშალა. რაღაცნაირი, ახლებური ცა და მიწა იყო თითქოს. ვებერთელა სივრცე გაწოლილიყო, ხმელი, გაჩხიკინებული ხე იდგა შუაში, გამხმარი ლეღვის ხე; მის ერთ-ერთ ხმელ ტოტზე ჩამოკიდებულ თოკზე სხეული ფრიალებდა, ყულფში თავგაყრილი ადამიანის სხეული, ფიტულივით მსუბუქად, თუმცა მუხლებით მიწას ეხებოდა, ძველი კოლხეთი გამახსენდა სიზმარში, ვიფიქრე, ასე ხომ იქ მარხავდნენ მიცვალებულებს, მაგრამ მაშინ მუხა უნდა იყოს-მეთქი. უცებ სახით ჩემსკენ მოატრიალა სიომ და მე ვიცანი ადა, მაყვალა დედა. მიკვირდა სიზმარში, ადა ხომ კარგახნის მკვდარია, თავი როგორ ჩამოიხრჩო-მეთქი? თუმცა რადგან მუხლებით ეხებოდა მიწას, ნაღდად ისაა-მეთქი, დავასკვენი; სწორედ ეს იყო ხომ მაშინ ეჭვის საბაბი- თავი არ მოუკლავს ადასო. მოულოდნელად თვალები დაჭყიტა და შავი, საშინელი მზერით მომაჩერდა, არა, თავიდამ მეგონა რომ მე მიყურებდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ მის წინ, მიწას ჩასჩერებოდა, რომ დავაკვირდი, ვალიკო ვიცანი, უფრო სწორედ, მიწაში კისრამდე ჩამარხულ ადამიანში- ვალიკოს სახე თუ თავი ვიცანი; თავზე სისხლით წითელი ჯვარი ჰქონდა გამოსახული, ჭრილობის სახით.

 

ფიქრმა გამკრა, აკი უროთი გაუჩეჩქვა თავი მაყვალამ, ასეთი იარა საიდან აქვს-მეთქი? შორს ჰორიზონტზე ვიღაც მორბოდა, ახალგაზრდა კაცი, აშკარად სალესი ქვა ეჭირა ერთ ხელში, მე რომ პატარაობაში ბაბუას ვპარავდი ისეთი, მეორეთი- დროშას მოაფრიალებდა: ცხადში ვიხსენებდი, ანდროს გავდა-მეთქი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს.

 

ხელზე ვიღაცამ მომქაჩა, მოვიხედე და იესე ვიცანი, ოღონდ ბავშვობის იესე, ორი წლისა რომ ჩამოაჩანჩალა მაყვალამ, ქერა, ოქროსფერი კულულები რომ დასთამაშებდა კეფაზე და მას შემდეგ- რაც სოფელი შეეგუა ციხიდან დაბრუნებული მკვლელის ოჯახს,- დაიცა რომ ზრდიდა, ხოლო ოჯახიდან ანდროს გაქცევის შემდეგ მის იმედადღა რომ იყო. 
ალიონზე გამომაღვიძა სახურავზე წვიმის თქეშმა; ბავშობაში რომ მიყვარდა, თავლის ყავარზე წვიმის თქარუნი, ისე უშენდა ისხარი, ძალუმი და მაცოცხლებელი. ავდექი, თავი გავაქანე და ხელები საფეთქლებზე მივიჭირე, თხემი ტკივილისაგან მისკდებოდა, თითქოს სისხლი არ ეტევა თავში და გარეთ გამოჭრას ლამობსო. ვინანე, რამ დამალევინა ამდენი საფერავი?! ფანჯარა გავაღე და სახე წვიმას მივუშვირე: წვეთები სასიამოვნოდ მომეალერსნენ სახეზე, ხელისგულები ჩამოვისვი შუბლიდან ნიკაპისკენ, მივისრისე წვიმა და თავლისაკენ გავიხედე: უცებ, ცხადში,- შემიძლია დავიფიცო,- ნათლად დავინახე თუ როგორ დარბოდნენ ჯერარაშენებულ თავლის სხვენზე ჩემი ბავშვობის სულისწორები..

 

 

 

??????