ლეგენდად დარჩეს!
ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი
და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!