სონეტი 7 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
აგერ, მნათობმა გაახილა ზეცაში თვალი,
ამოაფრქვია აღმოსავლეთს სხივთა მძივები,
მერე თვისსავე სინათლეში მოხატა კვალი,
საწუთროს თაღზე სიდიადით ნალივლივები.
მერე შუადღის დაბრძენებით დამშვენებულმა,
ვეღარ მოირგო ყმაწვილური ვნება-სურვილი
და, ვით მოკვდავმა, სილაღეში თავაშვებულმა,
კვლავაც განაგრძო გზა-სავალი ოქროცურვილი.
მერე დაეშვა... ვეღარც ყელი მოიღერა და
გარდუვალობას ვეღარც ასცდა ბნელი ქაოსის,
სადღაც მიღმიერ სამყაროსკენ ტყორცნა მზერა და
ვეღარაფერი მოიტოვა სააქაოსთვის.
და სიკვდილამდე ერთი შვილი მაინც დატოვე.