გიგო ღრუბელაშვილი
ჯერ მზე არ იყო ამოსული, როდესაც ერთი ქვითკირის სახლიდან გამოვიდა გარეთ ფერმკრთალი, ცოტა გამხდარი, მარილიანი სახის ახალგაზრდა კაცი. მას ეცვა უბრალო, იაფფასიანი ლურჯი ბლუზა, თავზე ეხურა ყვითელი ჩალის განიერი ქუდი, მხარზე ჰქონდა გადაგდებული ნაცრის ფერი შალი. ხელში კარგა მოზრდილი ძვირფასყდიანი წიგნი ეჭირა. გამოყო თუ არა სახლიდან თავი, მის წინ გამოჩნდა ლამაზად ამწვანებული ფართო მოედანი, რომელსაც სამის მხრიდან მოსდგომოდა ამ სოფლის თვალუწვდენელი სახნავ-სათესი მინდორი. ამ მინდვრიდან ახალგაზრდა კაცს წინ მოეგება წმინდა, გრილი ნიავი, ნაზად შეარხია ჰაერი მის გარშემო და ყნოსვის დამატკბობელი სურნელება მოჰფინა მთელს მის არსებას. იმავე წამს მისმა დაღვრემილმა სახემ სევდა-ვარამის ღრუბელი გადაიყარა, შენასკული წარბები გაიშალა... ცოტა ხანს კიდევ დარჩა ერთ ადგილას გაშტერებული; შემდეგ აიღო თავი მაღლა, მხიარულად მიიხედ-მოიხედა და ფეხაჩქარებით გასწია მოედნისაკენ. სულით და გულით უნდოდა შეხვედროდა ვისმე, ძმურად გადახვეოდა, მეგობრულად გადაეკოცნა, მაგრამ ნაცვლად ძველი ამხანაგებისა, ნაცნობ-ნათესავებისა მას წინა ხვდებოდნენ მხოლოდ შინაური ფრინველები და წვრილფეხა საქონელი, რომელნიც ამ სისხამ დილა ადრიან გამოშლილიყვნენ მოედანზე და გულიანად სწიწკნიდნენ ნამიან ნორჩ ბალახსა. შუა მოედანზე მან დაინახა კარგა მაღალი ბრტყელი ქვა, რომელიც სამანივით იყო მიწაში ჩამჯდარი. მთელი სახე გაუცოცხლდა, გულმა სიამოვნებით უწყო ფანცქალი.
- გამარჯვება, გიგო, გამარჯვება! - მოესმა მიმავალს იმ ქვიდან, - გახსოვს, აქ რომ ბურთაობას თამაშობდი და მე მუდამ ,,ბერა ქვად” დამნიშნავდით ხოლმე. აი შე ეშმაკო, შენა. ცალ თვალს რომ დახუჭავდი და ისე მიზანში ამოღებულს გამომიგორებდი ხოლმე ბურთსა. გახსოვს, მერე ე ჩემ გვერდზე რომ დადგებოდი, შეისროდი მაღლა ბურთსა და გაშლილ ხელს ღონივრად შემოჰკრავდი ხოლმე. ბუჰ... გაისმოდა ერთი და ბურთი ტრიალ-ტრიალით და კოწიაწით გაფრინდებოდა ჰაერში, გადაევლებოდა თავზე მოთამაშე ბიჭებსა და შორს მიწაზე ზღართანს გაიღებდა. ხა, ხა, ხა! როგორი თავპირის მტვრევით გამოუდგებოდნენ ხოლმე იმას შენი ამხანაგები. როგორ იბეგვავდნენ მუხლებსა, ყირამალა გადადიოდნენ. შენ კი ე ჩემ გვერდზე დოინჯშემოყრილი იდექი და ამაყად გასცქეროდი შენგან გაკრული ბურთის ოინებსა. ხომ არ დაგავიწყდა ყველა ესა, ხომ არ დაგავიწყდა, ჩემო კარგო, შენი პატარაობა? ხომ გახსოვარ მე?
- როგორ არა, ჩემო ძვირფასო, როგორ არა. ყველა ეგ რაც ახლა შენა თქვი, კარგად მახსოვს: ასე მგონია, ეგ ამბები გუშინ იყო-მეთქი. ის კაცი რა კაცია, რომელსაც ავიწყდება თავის სიყმაწვილე და მეგობრები იმ ნეტარი ყმაწვილობისა. კარგად მახსოვხარ შენცა და ათასი წელიწადიც რომ ვიცოცხლო, მაინც არ დამავიწყდები. ყოჩაღ, ჩემო კარგო, ყოჩაღ, რომ ისევ ძველებურად გამოჭიმულხარ. როგორცა სჩანს, შავი დღეები არა გამოგიცდია-რა: კაცის მრუდე ხელი არ მოგკარებია, სეტყვასა და ნიაღვრებს შენთვის ვერა დაუკლიათრა. ახ, ნეტავი ყველაფერი ეგრე შენსავით მაინც დამხვდეს ამ ჩემ პატარა სამშობლოში.
II
- აბა, ახლა ჩემსკენაც მოიხედე, გიგო, - მოისმა ამ დროს მოედნის ერთი ნაპირიდან... - რაღა თქმა უნდა, ეხლა შენ ვეღარ მიცნობ. ან კი რაღა საცნობი ვარ, მე უბედური... ამ ათი-თორმეტი წლის წინათ კი შენ ხშირი სტუმარი იყავი ხოლმე ჩემი. ჩემი გაბარდღნული, ეკლიანი ტოტებიდან არა ერთხელ ამოგისხამს პატარა ჩიორების ნამწია ბარტყები... გახსოვს, ერთხელ ბროლის დიდი სურა რომ გაგეტეხა სახლში და გაჯავრებულ მამაშენს რომ ეფრინე?... გახსოვს, ჩემ ტოტებში რომ შემოძვერი და დაიმალე... ხა, ხა, ხა. როგორ გავნაბეთ სული შენცა და მეც, როცა მამაშენმა ჯავრობით და მუქარით გვერდზე გამოგვიარა, ვერ დაგინახა და წკეპლის ქნევით ყანებისკენ გასწია...
- ოხ, ჩემო საყვარელო კუნლის ბუჩქო! მართლაც რომ ძნელი საცნობი ხარ. რა მოგსვლია ესა, საბრალოვ?.. რა უყავ შენი მრავალზე უმრავლესი, ფოთლით დაბურული ყლორტები და ტოტები, რომლებზედაც ისეთ მხიარულ ჭიკჭიკსა და ჟრიამულს ასტეხდნენ ხოლმე უთვალავი პაწია ფრინველები ყოველ დილა-საღამოობით? ეგრე უღმერთოდ ვინ შეგახო თავისი უკუღმართი ხელი? ვინ გაგასწორა, შე საწყალო, მიწასთან?
- თქვენებიაანთ პავლემ, ჩემო სიცოცხლე, თქვენებიაანთ უმსგავსმა პავლიკამ. ერთ ღამეს მოვიდა ის წუწკი, მოიტანა გაალმასებული ცული და შეუბრალებლად დამიშინა შიგ ძირში. მე შევტირე და შევეხვეწე: ნუ მღუპავ, რა არის, რომ ამ ტრიალი დედამიწის ზურგზე მეც ვუცქირო მზესა და მთვარესა-მეთქი... ,,ვენახის ღობე ვიღაცამ გამიტეხა და იმის გასამაგრებლად მინდიხარო”, გულდინჯად მითხრა მან და არხეინადვე გააგრძელა თავისი მხეცური მოქმედება. მჩეხა და მჩეხა, სინამ სრულებით არ მომაშორა ჩემი ძვირფასი ტოტები, ყლორტები და მარად მხიარული, ცქრიალა მწვანე ფოთლები. მას აქეთ დავრჩი ასე უბედურადა. გაზაფხულობით გამოვისხამ ხოლმე მშვენიერ ნორჩ ყლორტებსა; ვფიქრობ: გაიზრდებიან, ტოტებად გადიქცევიან და ძველებურ დიდებას კიდევ ვნახავ-მეთქი... მაგრამ წყეული თხები მიწის ზემოთაც არ აუშვებენ ხოლმე; წვერის ცანცარით და ტარტაროზული თვალების ბღვრიალით მოცვივიან და ერთ წამს მოსჭამენ და ჩაახრამუნებენ ხოლმე. ჩემდა საუბედუროდ, წვიმაც როგორღაც გვიან-გვიან მოდის; ამ გვალვამ ხომ დამადნო და დამანელა.
- ნუ გეშინიან, ჩემო საბრალო, ნუ მიეცემი მაინც სასოწარკვეთილებას. ვგონებ, ამ გვალვას მალე მოეღება ბოლო. გაიხედე დასავლეთისაკენ, როგორი საავდრო ღრუბელი მოსდებია ცის დასავალსა. ეტყობა, რომ დასავლეთის ქარიც ამოვარდნას აპირებს. დღეს თუ ხვალ ის ღრუბლები მთელ ცას მოეფინება, გაჩნდება ჰაერში ჭექა-ქუხილი და შხაპუნა გრილი წვიმა დააბუჟბუჟებს დედამიწის გამხმარ ზურგსა. მაშინ შენთვისაც გათენდება ბედნიერი დღე.
III
- შენ პირს შაქარი, გიგო, შენ პირს შაქარი. გადღეგრძელოს ღმერთმა, შვილო! - დაიძახა ახლა დიდმა, ბებერმა მუხამ: - მოდი, მოდი ჩემთანაც. დარწმუნებული ვარ, აღარ გეხსომება, ერთხელ ჩემი ტოტიდან ძირს რომ ჩამოვარდი და მკლავი იღრძევი.
გიგო მსწრაფლად გატრიალდა იქით, საიდანაც მოესმა ეს ხმა, წასდგა რამდენიმე ნაბიჯი წინ და უცებ შესდგა; ელდა ნაცემივით ერთ ადგილას გაშეშდა. მის წინ გადაიშალა თვალგაუწვდენელი, სანახავად საზარელი, ბრძოლის ველი, რომელზედაც ათასობით ეყარნენ უსულდგმულო შვილები ერთ დროს დიდი და დაბურული ტყისა. კაცს ეგონებოდა ღვთის რისხვა მოვლენია ამ ადგილებს და თავზარდამცემი მუსრი გაუვლია ყველაფრისათვის, რასაც კი იქ სიცოცხლის ნიშან-წყალი სდებიაო. თეთრკანიანი და მწვანეფოთლებიანი ნეკერჩხალი, სასიამოვნო ყვავილიანი დიდებული ცაცხვი, რკინასავით მაგარი მსხვილი მუხები, მრავალი თელა, იფნი, რცხილა, ვერხვი, რომელთაც თავიანთი ქოჩორა კენწეროები ერთ დროს მაღალ ღრუბლებამდინ ჰქონდათ აშვერილი, ყოველივე ეს ეხლა ეყარა ძირს დედამიწაზედ დაჩეხილი, ტოტებდამტვრეული, ფოთლებ დამჭკნარ-დაყვლეფილი. საითკენაც კი უნდა გაგეხედათ, ყველგან დაინახავდით მხოლოდ ამ დაჭრილ-დახოცილ დევ-გმირების ძირებსა, რომლებიც შორიდან საფლავების ქვებს წააგავდნენ, ხოლო როცა ახლო მიხვიდოდი, მაშინ ცხადად გაარჩევდით მათ მდუღარე ცრემლებსა, მათ წყლისფერ სისხლსა, რომელიც კიდევ უხვად გადმოსდიოდათ სასიკვდილო ჭრილობიდან. გიგო იდგა გაშეშებული, მწუხარებით მოცული. მის ყურებს ცხადად ესმოდათ გაბმული კვნესა, გმინვა, ჩივილი.
- ღმერთო! ღმერთო! - დაიძახა მან გამწარებულის ხმითა: - რომელმა ტყის ნადირმა დაატრიალა ეს საცოდაობა? ვინ მიარტყა ასეთი გახურებული ტყვია თავის თავსაცა და ქვეყნის აწმყო-მომავალსაც?!.
- სხვა აბა ვინ იქნება ყველა ამის ჩამდენი, თუ არა პატრონი ამ ტყისა! - კვნესით წარმოსთქვა ბებერმა მუხამ: - ვენახს, სახნავ-სათეს მინდვრებს, სახლს, ბაღებს და სხვა ამგვარ საკუთრებათ რომ პატრონები ჰყავთ, ეს კიდევ არ არის აგრე რიგად საკვირველი: ადამიანები სხვადასხვა გვარად სდებენ ყველა ამას თავიანთ ამაგსა და ამიტომ მათი პატრონებიც ხდებიან. მაგრამ, ვინ რა ამაგსა სდებს ტყესა? გინახავს, ან გაგიგონია ჩვენში სადმე ტყის მომვლელები?.. ვინ არის, რომ ტყის დაუძინებელი მტერი არ იყოს! მხოლოდ ერთი ცა, რომელიც წვიმას აგზავნის, და მეორეც დედამიწა, რომელიც გვბადავს და საზრდოს გვაძლევს, მხოლოდ ესენი არიან ჩვენი გულშემატკივარი მეგობრები და ჩვენზე პატრონობაც მხოლოდ ამათ უნდა ჰქონდეთ მინდობილი. მაგრამ თქვენა, ჩემო კარგო, თქვენ, ადამიანები, ცის კანონებს ვერა ხედავთ და დედამიწისა არ იცით, ორთავეს კი, ცასაცა და ქვეყანასაც, ერთგვარი სიამაყით სთელავთ ფეხითა.
- შენი გულისწყრომა, დარბაისელო მუხავ, საფუძვლიანია. მხოლოდ მაგ გულისწყრომის პატიოსანი ჭურჭელი ყველა ადამიანზე ერთნაირად როდი უნდა მოაპირქვაო! ჩვენშიაც არიან იმისთანა ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით თქვენი დიდი მნიშვნელობა... ჰაერში რომ საავდრო ღრუბლები მიფრინავენ ხოლმე, ვინ შეაჩერებდა იმათ ჩვენს მიწა-წყალზე, თუ არ თქვენგან გაგზავნილი გრილი ჰაერი, რომელიც ჰკუმშავს იმ ღრუბლებს და მათში მდგომარე ზღვის წყალს ჟუჟუნა წვიმად გადააქცევს ხოლმე. თქვენ რომ არა ყოფილიყავით, მაშინ წვიმა, ეს ციური მადლი, ან სულ გაჰქრებოდა ქვეყნიერებაზე და ან, სარგებლობის მაგივრად, დიდ ზარალსა და ვნებას მოუტანდა ხალხსა. ჯერ ეხლაც ვინ მოსთვლის რამდენი ადამიანის ქონება და სიცოცხლე სამუდამოდ დაუღუპავთ წვიმის დროს მოხეთქილ ნიაღვრებსა... მხოლოდ თქვენ არ აძლევთ წვიმის ნამებს გაცოფებულ ნიაღვრებად გადაქცევის ნებას. თქვენი მრავალი ფესვები, ძირს დაშვებული ტოტები, მიწაზე დამპალი ფოთლები აქეთ-იქიდან წინ ეღობებიან ამ ნამებს. გზას უკვრენ და ძირს, ტყის გაფუებულ ნიადაგისკენ აბრუნებინებენ პირსა. მიწა ღრუბელივით ისვამს წვიმის წყალს, შემდეგ სწმენდავს, აციებს და ბოლოს ანკარა წყაროებად გზავნის დედამიწაზე. ვინ არ იცის, რომ სათავე ყველა მდინარისა იწყება ამ წყაროებიდან... და უმდინარეებოდ, უწყლოდ ხომ სრულიად აოხრდებოდა მთელი ქვეყნიერება! ხომ სრულად მოისპობოდა კაცობრიობის ცხოვრება! ამნაირად ტყეები ჩვენი ცხოვრება-სიცოცხლისთვის ისეთივე უსაჭიროესი გარემოებანი არიან, როგორადაც ჰაერი, საჭმელი... სამწუხაროდ ეს ჭეშმარიტება კაცთა უმრავლესობას არა აქვს შეგნებული. დანარჩენი ადამიანები ორ რიგად განიყოფებიან: ერთმა კარგად იცის იგი: ჰქადაგებს, ლაპარაკობს, სწერს მასზე, მაგრამ ყველა ამას მეორე რიგი ყურადღებასაც არ აქცევს და საზიზღარის გულ-ბილწობით ამბობს: თავი ქვისთვისაც უხლიათ ჩემ შვილიშვილებსაო; როცა მე აღარ ვიქნები ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო!
- მართალს ამბობ, გიგო, მართალსა! - დაიძახა ბებერმა მუხამ: - სწორედ მაგ სიტყვებს გაიძახოდა იმ დღეს ამ ტყის უგუნური პატრონი: ,,ამ ტყეს გავჩეხავ და ხეების გაზიდვით კარგა ბლომად ფულს ავიღებო. მის ადგილს გადავაქცევ სახნავ-სათეს მიწებადა და რამდენსამე წელს დიდი ჭირნახულის მოსავლით ჩემს ბეღელსა და ორმოებს დავავსებო; დავჯდები მერე და ლხინსა და ქეიფში ვატარებ ჩემ სიცოცხლესაო”.
IV
გიგო ღრუბელაშვილი მწარედ დაღონებული, მწარედ გულდაკოდილი გამობრუნდა უკან და მოედნის მეორე ნაპირისაკენ გაუდგა გზასა. მალე უკან დასტოვა მოედანი, ბებერი მუხაც და მთელი თავისი სოფელიცა. ის ფეხაჩქარებით მიდიოდა სულ წინა და წინ, სანამ არ მიადგა მშვენიერ აღელვებული ყანების თვალგაუწვდენელ ზღვასა. ახლად ამოსული მზის უთვალავი სხივები ბრწყინვალებით მოჰფენოდნენ ამ ზღვის გასაოცარ ტალღებსა, რომელთაც ნაზად აქანავებდა დილის ცელქი, გრილი ნიავი, მარცვლით სავსე დიდრონი თავთავები წვრილ ღეროებს ვეღარ დაემაგრებინათ და ერთმანეთს მძიმედ მისწოლ-მოსწოლოდნენ; მორცხვი პატარძალივით თავები ძირს ჩაეღუნათ და განუწყვეტელის დინჯის რხევით თითქო რაღაც საოცნებო ამბებს ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. წითლად მოღაჟღაჟე ყაყაჩო, ლამაზი და მოხდენილი შროშანა, ტურფა, ნაზი ფოთლებით შემკული სოსანი და კიდევ მრავალი სხვა “მინდვრის კეკლუცები” თითქო სულგანაბით ყურს უგდებდნენ ამ ამბებს, მოსწონდათ მათი შინაარსი და, ნიშნად სიამოვნებისა, აქეთ-იქიდან მხიარულად გამოიჭყიტებოდნენ, მთელი ტანით ეშხიანად ირხეოდნენ, კოპწიაობდნენ, თითქო შეწითლებულ ფუნჩულა თავთავებს ეარშიყებიანო!..
ამ მოსავლით სავსე მინდორს იქვე შორიახლოდან ამაყად გადმოსცქეროდა კარგა მაღალი მთა. მხოლოდ შაქრის თავივით მოყვანილი წვეროები ამ მთისა იყო დაფარული დიდი და ხშირი ტყითა; მინდვრისკენ დაშვებული ფერდობი კი, ეჭვი არ უნდა, ადამიანის წყალობით, დიდი ხანია გამოსთხოვებოდა ტყის სასიამოვნო სიგრილესა და ჩრდილებს. ამ ფერდობზე ხტუნაობით და წანწკარით მხიარულად მორბოდნენ მაღლიდან ცივი ანკარა წყროები, რომელთა მეოხებით მთელი ეს ამოდენა გვერდობი ზურმუხტის ფერად ახავერდებულიყო. ახალგაზრდა ღრუბელაშვილი იდგა შუა ყანაში და აღელვებულის თვალებით გასცქეროდა ამ ბუნების ენითგამოუთქმელს მშვენიერებას. მას ეგონა: ეს მთაცა და ეს მინდორიც განზრახ მორთულან, განგებ შეუკრებიათ მთელი მადლი თავიანთ ძლიერებისა და დღეს დილით გამოსულან აქ კაცთა ნათესავის გასაშტერებლად და ერთმანეთის საცქერლადო. ერთი აღტაცებით კიდევ გადაავლო თვალი მის გარშემო გადაფენილ ბუნების სიკეკლუცესა და შემდეგ უცებ რამდენიმე ნაბიჯი აჩქარებით გადმოსდგა უკანა. ,,ცოდოა, რომ ამ დიდებულებას ადამიანის ფეხმა ზედ გადაუაროსო!” სთქვა მან და საჩქაროზე გავიდა ვიწრო ბილიკზე, რომელიც შუა ყანებზე იყო დაქნილი. წიგნი დასდო ძირს ბილიკზე, ზედ დააკეცა თავისი შალი და სიამოვნებით წამოწვა. აქეთ და იქით მას უდგნენ ხშირი, მაღალი ყანის კედლები. მისი მოძრაობით გვერდზე გადახრილი თავთავები ისევ ძველებურადვე გასწორდნენ, ჩვეულებრივად მიადეს თავი თავსა და ამგვარად მწოლარეს ზევით შეჰკრეს საოცნებო მშვენიერი თაღი. როდესაც გულაღმა მწოლარე გიგო ღრუბელაშვილი გასწორდა და მაღლა აიხედა, მან ლაჟვარდი ცის მაგიერ გაოცებით დაინახა ეს თაღი დაჭიკნილი თავთავებისა, რომელთაც თავები ძირს ჩამოეკიდათ თითქო იმ განზრახვით, რომ მათ ქვეშ მწოლარე ახალგაზრდა კაცი უფრო კარგად დაენახათ, უფრო კარგად გაესინჯათ!
V
- ოხ, ღმერთო, რა მშვენიერებაა! - შესძახა გიგომ აღტაცებითა: - რა კარგი იქნება, რომ მუდამ ესეთ სიტკბოებასა გრძნობდეს ჩემი გული და გონება... რა კარგი იქნება, რომ ადამის ყოველი შთამომავალი ასე ჩემსავით ნეტარებადა რაცხდეს თავის სიცოცხლის თვითეულ წამსა!
ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გაჩუმდა. ნელ-ნელა მოშორდა მის სახეს აღტაცების გამოხატულება. თვალებგაშტერებული შეიცქირებოდა მაღლა, მაგრამ ცხადადა სჩანდა, რომ იქიდან ჩამოკიდებულ დინჯად მოქანავე თავთავებს ის ამ დროს ვეღარა ხედავდა. მისმა ფიქრებმაც გაშლილი და მონავარდე ფრთები შეკუმშეს, დაუსრულებელი ლაჟვარდი სივრციდან ძირს დედამიწაზე დაეშვნენ. ჯერ მისმა საკუთარმა პაწია სამშობლომ და შემდეგ მრავალმა სსვადასხვა სოფლებმა დინჯად, აუჩქარებლივ ჩამოუარეს წინ მის გონების თვალსა. მას წარმოუდგა საცოდავი ქოხმახები, რომლებშიაც მცხოვრებნი ამ სოფლებისა წვა და დაგვით ათრევდნენ თავიანთ სიცოცხლის მწარე დღეებსა. ის ცხადად ხედავდა გლეხკაცის განუზომელ სიღარიბესა, მის დავრდომილებას, მისი აზრისა, გრძნობის და გონების დაუძლურებას. ხედავდა მის გამუდმებულ მძიმე ჯაფასა, რომლისაგან იგი ჯანითა და აგებულობით სუსტდებოდა, წრიოკდებოდა და გადაშენების საზარელ უფსკრულს უახლოვდებოდა. შემდეგ მას გადაეშალა წინ საზიზღარი სურათი იმ ავაზაკთა კრებისა, რომელნიც მთელი თავიანთ მეცადინეობით ხელს უწყობენ მუშაკაცის უბედურებასა, მის დაჩაგვრას და მიწასთან გასწორებასა. ბოლოს, მას წარმოუდგა ის შავბნელი გარემოებანი, რომელთაც დაჰბადეს ქვეყნად ერთის მხრივ ეხლანდელი მშიერ-მწყურვალი გლეხკაცი, ხოლო მეორეს მხრივ მისი ოფლისა და სისხლის მსმელი, მისი მჭამელი ორფეხა ნადირი...
- არა, არა, - დაიძახა გიგომ ხმამაღლა: - საქმე ძლიერ ცუდად მიდის. ასე რომ გაგრძელდეს კიდევ ოციოდე წელიწადს, ხალხი სრულიად დაეცემა, სასოებას დაჰკარგავს: სიღარიბე და უსამართლობა სამუდამოდ ბოლოს მოუღებს მას. დაე, რაც მოსახდენია, მოხდეს. მე უნდა მივეშველო ხალხსა, ძმურად გვერდში ამოუდგე და მის ფეხზე წამოყენებას შევწირო მთელი ჩემი სიცოცხლე. ორიოდე თვის შემდეგ მაღალ სასწავლებელში შევყობ თავსა, ვემთხვევი სწავლა-მეცნიერების დიდებულ ტახტსა... მე იქ შევისწავლი სამკურნალო მეცნიერებას და თანაც გულდადებით. ვიკითხავ პედაგოგიურ თხზულებათ. საჭიროა აგრეთვე ცოდნა სამართლის კანონებისა, რომ მათის დახმარებით გლეხკაცი აღარავის არ დავაჩაგვრინო. შევისწავლი ყველა ამას, მოვალ ჩვენს სოფელში, გავხსნი სკოლას და ვასწავლი დიდებსაცა და პატარებსაც. თავისუფალ დროს ვივლი სოფლიდან სოფლად და სადაც კი შევხვდები ღარიბ ავადმყოფსა, უსასყიდლოთ ვუწამლებ. ეჭვი არ უნდა, მალე სხვებიც დაადგებიან ჩემს გზასა და ოცი, ორმოცი წლის ამგვარი მოღვაწეობით ხალხის მდგომარეობას, თუ სრულიად არა, ბევრნაირად მაინც გავაუმჯობესებთ. მერმე შეიძლება რაიმე დიდმა შემთხვევამ აწინდელი საერთო ვითარება ძირიან-ფესვიანად შესძრას, შეარყიოს. მაშინ ჩვენც გავიბერტყავთ მშვიდობიანობის მტვერსა და თავგანწირულ მამულის შვილებათ გამოვალთ ბრძოლის ველზე. აბა, მობრძანდით მაშინ მტარვალებო, და თქვენი ცოცხალის თავით დაგვიდექით წინა. გიჩვენებთ მაშინ თქვენ სეირსა, თქვე შეჩვენებულებო, თქვენა...
VI
- ახ, უკაცრავად, ყმაწვილო, ნეტა გამაგებინა, ვინ არის ის უბედურ დღეზე გაჩენილი, რომელსაც თქვენ ეგრე ეუბნებით.
გიგო ღრუბელაშვილი გიჟივით წამოვარდა ფეხზე და როდესაც დაინახა ამ სიტყვების მთქმელი, მთლად აირია და რამდენსამე წამს უძრავად დარჩა ერთ ადგილასა სარივით გაშეშებული, თვალებდაჭყეტილი და პირდაღებული.
საკვირველიც არ იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ ჩვენგანს ასეთივე საქმე დაემართება, ღრუბელაშვილის მდგომარეობაში რომ ჩავვარდეთ როდესმე. მის წინ პატარა, ვიწრო ბილიკზე იდგა ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის ახალგაზრდა ქალი, რომლის მშვენიერების აღწერა თვით შოთა რუსთაველსაც კი გაუჭირდებოდა. მაგრამ ყველა მის სიმშვენიერეს ღვთიურ გვირგვინად ადგა მისი შეუდარებელი თვალები. რა ფერისანი იყვნენ ეს თვალები, სწორედ მოგახსენოთ, არ ვიცი, ან კი რა საჭიროა ამის ცოდნა იქ, სადაც აზრი, გრძნობა და სათნოება ერთად დამკვიდრებულან და შეერთებულის ძალით უხვად ჰფენენ სულიერს და უსულოს თავიანთ ცხოველმყოფელ მადლსა. ამ ქალის მოულოდნელმა თავზე წამოდგომამ გიგო ღრუბელაშვილი სულ მთლად გადარია, მაგრამ, დაინახა თუ არა მისი შეუდარებელი თვალები, იმავე წამს იგრძნო გამოუთქმელი ნეტარება. თითქო იმ წამს საიდგანღაც მოსკდა აზვირთებული ნაკადული ყოველ მაღალ, კეთილშობილურ გრძნობათა, განვლო მთელი არსება გიგოსი და შეგუბდა მის სულსა და გულში. გიგომ გახურებულ შუბლზე ხელი გადისვა და ცოტა მოკრძალებით უპასუხა ახალგაზრდა ქალსა:
- თქვენა გნებავთ შეიტყოთ, ვის ვემუქრებოდი ეს არის ეხლა? მოგახსენებთ დიდის სიამოვნებით. მე ვფიქრობდი აწინდელი ჩვენი ცხოვრების უკუღმართობაზე, იმ საზიზღარ უკუღმართობაზე, რომლისგან ლამის მთელი ჩვენი ხალხი მიწასთან გასწორდეს. ვემუქრებოდი იმათ, რომელნიც ხელს უწყობენ ამ უკუღმართობას. რომელთაც თავიანთი პირადი სარგებლობა კერპად დაუსვამთ და საზოგადო კეთილშობილებას მას მსხვერპლად სწირავენ.
- მეც არა ერთხელ მიფიქრია მაგ საგანზე, - თქვა ქალმა: - რაღა თქმა უნდა თქვენგან აღნიშნული უკუღმართობა დიდი ბოროტებაა. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ამ ბოროტებას ფესვები ღრმად და განივრადა აქვს გაშლილი: მთელი წარსული კაცობრიობისა ამ ფესვებს ზედ აწევს, მათ ძუძუს აწოვებს და ასაზრდოვებს. ამისთანა ბოროტების წინააღმდეგ საჭიროა ძლიერი იარაღი, საფუძვლიანი მოქმედება, მედგარი ბრძოლა...
- საუცხოვოდ ლაპარაკობთ, საუცხოვოდ! ასე მგონია ჩემს გულში იცქირებით, ჰკრეფავთ იქ ჩემს აზრებს და გრძნობათ და შემდეგ, თქვენი მშვენიერი ბაგით, უკანვე მიბრუნებთ! კარგად ვხედავ მოხსენებულ ბოროტების ძლიერებასა და მეც არა მარტო ცარიელი მუქარით ვაპირებ მასთან შებრძოლებასა.
- შეიძლება, რომ მოკლედ გამაცნოთ თქვენი განზრახვა?
- რატომ! მოგახსენებთ! მე მინდა სოფლად დავსახლდე. სოფელი შეწუხებულია გაუნათლებლობით, სხვადასხვა სნეულებით და ორფეხა წურბელა ნადირებით. სკოლითა და ადვილად გასაგები ლექციებით შევებრძოლები პირველსა; სამკურნალო მეცნიერებით შევასუსტებ მეორესა; სამართლის ცოდნით, პურის მაღაზიებით, საზოგადო დეპოების დაარსებით და სხვა, გარემოებაზე დამოკიდებულ, მოქმედებით წინ დავუდგები მესამეს. იმედი მაქვს, ერთი მეც ბევრ რასმე გავაკეთებ, მაგრამ ისიც კი მტკიცედ მწამს, რომ მე მარტოკა არასოდეს არ დავრჩები დიდ ხანსა: მალე სხვებიც მომეშველებიან...
ახალგაზრდა ქალმა აჩქარებით გადასდგა რამდენიმე ნაბიჯი წინა, ხელი გაუშვირა გიგოს და აღტაცებით შესძახა:
- მართალს ამბობ. მარტო არ დარჩები მაგ სასიქადულო ასპარეზზე... ამ დღიდან მეც იქ ვიქნები, სადაც ხალხის აღდგენა მოითხოვს შენს ყოფნასა.
- ღმერთო ჩემო! ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმა! ეს რა ბრძანეთ! მართალია ეგ თქვენი სიტყვები, თუ ხუმრობთ?
- ვფიცავ იმ დიდებულ საქმეს, რომელზედაც ვლაპარაკობთ ეს არის ახლა, რომ წმინდად ავასრულებ ჩემგან ნათქვამი სიტყვების აზრსა.
- ოხ, ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ! წეღან რომ პირველად შემოგხედეთ, მე თქვენ ზეციდან ჩამოფრენილი ანგელოზი მეგონეთ. თქვენ, რომელიც ღვთაებას შეუმკიხართ ეგრეთი შეუდარებელი სიტურფითა, რომელმაც დაჩრდილეთ გადაფურჩქნული სიმშვენიერე ჩვენს გარშემო გამეფებული ბუნებისა, თქვენ გნებავთ გლეხკაცს ამოუდგეთ გვერდში და იშრომოთ მისთვის, რომლის სულსა და გულს, სამწუხაროდ, იმოდენივე ჭუჭყი დასდებია, რამოდენიც ადევს მის სხეულსა?!
- დიაღ, მთელი ჩემი ძალითა და ღონით მე ვეცდები, რომ ცოტა რამ ჭუჭყი მაინც მოვრეცხო ხალხის სულსა! მაშინ, დარწმუნებული ვარ, მისი სხეულიც თავისთავად იწყებს გასუფთავებას.
- სულით და გულით გმადლობთ მაგ საუცხოვო სიტყვებისათვის! წეღან ბუნების სიმშვენიერემ დაატკბო მთელი ჩემი არსება. მაშინ მზად ვიყავი: ეს სიმშვენიერე ღვთაების გამოხატულებად მეღიარებინა და მისთვის მოწიწებით თაყვანი მეცა. მაგრამ ამ დროს ჩემმა მრავალმოწყალე ბედის ვარსკვლავმა გამომიშუქა, საჩქაროზე თვალები ამიხილა და მითხრა: რაც უნდა დახატული იყოს უსულდგმულო ბუნება, მაინც სულიერი მშვენიერება მასზე დაშორებით მაღლა იდგებაო. და აი ახლა თქვენ წინა ვდგევარ და ხმამაღლა ვიძახი: თაყვანის ცემა შეშვენის მხოლოდ იმ მშვენიერებას, რომელშიაც დამკვიდრებულა სული ცხოველი!
VII
ამ სიტყვებმა გასაოცარი გავლენა მოახდინეს ახალგაზრდა ქალზე. აქამდეც მშვენიერი, ის ახლა სწორედ მოწყვეტილ ვარსკვლავს დაემსგავსა. კალმით ნახატი სახე კმაყოფილების შუქით გაუბრწყინდა, თვალები სიცოცხლის ალით აენთო და ლამაზი ლოყები თურაშაული ვაშლივით დაებრაწა. გიგო ღრუბელაშვილს კიდევ რიღაცის თქმა უნდოდა, პირი გააღო, მაგრამ ამ დროს უცებ შენიშნა საკვირველი ცვლილება თავისი ტურფა მოსაუბრისა, დამზადებული სიტყვა ენაზე დაეკრა და განაბულ-გაშტერებული მხოლოდ ცქერად გადიქცა: ამ დროს ,,მინდვრის კეკლუცებსაც” რაღაც დაემართათ. უეცრად ფერი დაჰკარგეს და შემკრთალ გაცრეცილის სახით მორიდებით იწყეს ბალახებიდან ცქერა. მწვანე, ქოჩორა ტყიდან დაიძრა გრილი და წმინდა ნიავი, ჩამოურბინა მთის ფერდობს და მასზედ მოფენილ ყვავილებს გაუთამაშ-გამოუთამაშა; ყოველ მათგანს მოსტაცა სურნელება, აურია იგინი ერთმანეთში და, საოცნებოდ შეზავებული, გამოაქროლა მინდვრისაკენ. ჩვენს ნაცნობ ვიწრო ბილიკზე მან დაინახა დედოფალი მშვენიერებისა; სიამოვნებით მიესალმა ამ დედოფლის გიშერივით შავს თმასა და ბროლივით თეთრ კისერზე მიუწეწ-მოუწეწა იგი, მერმე თაყვანებით შეეხო მის ვარდისფერ ტუჩებსა და შემდეგ მხიარულად იწყო ცურაობა მღელვარე ყანების მოელვარე ზვირთებში. დარბაისლურად ჩაფიქრებული თავთავები შეინძრნენ, თავები აიღეს მაღლა და დაინახეს თვის შორის მდგომარე კეკლუცი. ნიშნად კმაყოფილებისა შეჰქმნეს დინჯი, მოხდენილი რხევა და ერთმანეთს რაღაც სასიამოვნო უჩურჩულეს, ეს ჩურჩული ერთმა მეორეს გადასცა, მეორემ მესამეს, ამან კიდევ სხვებს... აქ ჩვენი ცელქი, კუდიანი ნიავიც ჩამოერია, თავის ასფრთოვან მხრებზე შეისვა იგი და ელვასავით გააქან-გამოაქანა. ერთ წამს მთელი ის მიდამო, მთა და ბარი, მინდორი და ველი მოჰფინა ამ ჩურჩულითა. ყოველის მხრიდან მოისმა გაბმული შრიალი, მხიარული გუგუნი, რომელსაც სიამოვნებით ბანი მისცეს უთვალავმა ფრთოსანმა მგალობლებმა... და უცებ მთელი ის არემარე დაჰფარა ერთმა დიდებულმა ღაღადებამ, ერთმა აღგზნებულმა ქებათ-ქებამ. გიგო ღრუბელაშვილს თავისი თავი ზეცაში ეგონა: გატკრციალებული თვალები გაშტერებით მიეპყრა ერთი მხრისაკენ და აღტაცებით იმეორებდა: შენ ხარ გვირგვინი მშვენიერებისა, შენ ხარ წყარო ბედნიერებისა! და მხოლოდ შენ, მარტო შენ გშვენის ქება და დიდება, პატივი და თაყვანისცემა!!..
VIII
ახალგაზრდა ქალის აღგზნებული სახე დამშვიდდა. მისმა სიტურფემ ახლა სხვა ელფერი მიიღო... წეღან თუ ის განხორციელებული მშვენიერება იყო, ახლა იგი გადაიქცა ხორცშესხმულ სათნოებადა. ლამაზი თავი რამდენჯერმე დაღონებით გაიქნ-გამოიქნია, შემდეგ დაიძრა ადგილიდან და ნელ-ნელა გასწია ბილიკზე, ღრუბელაშვილი საჩქაროზე ჩამოეცალა გზიდან.
- გვეყო ლაპარაკი, - უთხრა მას ქალმა, - წავიდეთ, საქმეს დავადგეთ.
- წავიდეთ, წავიდეთ, - დაიძახა გიგომ და გაჰყვა მას უკან.
რამდენიმე წამს ორივენი ჩუმად მიდიოდნენ... შემდეგ ქალი შესდგა და მოუბრუნდა გიგოს:
- იცი, სად მივდივარ?
- ვიცი, ჩემო ზეციერო მბრძანებელო. აგერა, აიმ სოფელში...
- მერე, იცი ისიც, რა ამბავია ახლა იმ სოფელში?
- ეგეც ვიცი, მაგრამ რა საჭიროა მაგის ცოდნა... ისიც საკმარისია ჩემთვის, რომ შენ იქითკენ მიდიხარ: როგორც შენა ხარ მეფე ჩემი გულისა, ამიერიდან მე ვიქნები აჩრდილი ყოველის შენის მოძრაობისა.
- ეგ ძალიან კარგი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, - სთქვა ახალგაზრდა ქალმა სიამოვნების ღიმილით: - მაგრამ მე მაინც ველი შენგან ჩემი საკითხავის პასუხს.
- იმ სოფელში ამ ერთი კვირის წინათ ხოლერა გაჩნდა და ამჟამად საზარელის მძვინვარებით ჟლეტავს მის უბედურ მცხოვრებელთ.
- გცოდნია. მაშ წავიდეთ იმ სოფელში და ძმურად ხელი მივაშველოთ უნუგეშოდ, უპატრონოდ დატოვებულ ხალხსა.
- მზად გახლავარ! - დაიძახა გიგომ და გამოუდგა უკან აჩქარებით მიმავალ ახალგაზრდა კეკლუცსა.
მალე გაირბინეს ჩვენი ნაცნობი ვიწრო ბილიკი; მალე, ძალიან მალე უკან დასტოვეს პატარა რუც, რომელიც ჰყოფდა ამ მინდორს მოხსენებულ ხოლერიან სოფლისაგან... მარდად ჩაირბინეს პატარა გვერდობიც და თვალის დახამხამებაზე თავი ამოჰყვეს სოფლის დაჩრდილულ ტალახიან ორღობეში... გაიარეს ეს ორღობეც და აგერ მათ წინ გამოჩნდა უბადრუკი სოფელიცა, პირველად მათ დაინახეს საბძლები და ოთხ ბოძზე შეყუნტული ცარიელი ძარები და შემდეგ თვით საცოდავი ქოხმახებიცა, რომლებშიაც, ვითომდა, ცხოვრობდნენ აქაური გლეხები. კაცს ეგონებოდა - ეს ქოხმახები განგებ აურ-დაურევიათ, განზრახ დაუდგამთ ასე უსწორ-მასწოროდაო. ერთსა რომ აღმოსავლეთისაკენ ჰქონდა კარი, მეორეს ამისთვის ზურგი მიეშვირა, თითქო რაღაზედაც შემოსწყრომიაო და დასავლეთისაკენ გაიცქირებოდა; მესამე კარგა მანძილზე მოშორებოდა ამ ორთავეს და პირი ჩრდილოეთისაკენ მიებრუნებინა; მეოთხე კი ნახევრად ნოტიო მიწაში ჩამძვრალიყო და იქიდან ისეთი დაღრეჯილი გამოიყურებოდა, თითქო ეს არის ვიღაცას წიხლი ჩაუკრავს და გულ-ღვიძლი ჩაუყრევინებიაო. ამგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა დანარჩენი ქოხმახებიცა.
სადგომების შემდეგ თქვენ ყურადღებას მიიქცევდა უსათუოდ მათ წინ დიდრონ ზვინებად დაყრილი საქონლის პატივი, რომელსაც, როგორც მუდამ, ისე ახლა, შემოხვეოდნენ შინაური ფრინველები, ფეხ-ნისკარტით სთხრიდნენ, სჩიჩქნიდნენ და აქეთ-იქით აღიავებდნენ. ზოგიერთ ამგვარ ადგილებზე წვიმის წყალი შეტბორებულიყო და შიგ ჩამპალი პატივისგან საზიზღარი მოშავო ფერი მიეღო. ამ წუმპეებს ზემოდან დაჰყურებდა მკათათვის გახურებული მზე და მთელ სოფელში იდგა საზარელი სუნი, რომლისგანაც ჩვენს ნაცნობ ახალგაზრდებს ჯერ ისევ ორღობეშივე ეკმინდებოდათ სული. სახლების წინ შემოწნული ბაკები, კარმიდამო და სოფლის დახლაკნილი გზები აგრეთვე ნაგვითა და სხვადასხვა გვარის უსუფთაობით იყვნენ მოფენილი. ამასთანავე, საითკენაც კი უნდა მიეხედნა ადამიანს ამ სოფელში, ყველგან შენიშნავდა საშინელს სიღატაკეს; რომ იტყვიან, - სიღარიბის ნატისუსალი ასდისო, სწორედ ამ უბედურ სოფელზე შეიძლებოდა ამის თქმა. ყოველივე ეს სოფლის ნაპირშივე ბოხჩასავით გადაეშალათ ჩვენს ახალგაზრდებს.
- ღმერთო ჩემო, - წამოიძახა აღელვებით ღრუბელაშვილმა: - ამას რა ამბებსა ვხედავ... აქ ხომ სრულიად გაწყდება უბედური ხალხი!
- საკვირველია, - დაუმატა თვალცრემლიანმა ქალმა: - რატომ შარშან, შარშანწინაც და გამუდმებით ყოველ წელს აქ ხოლერა არ ჩნდებოდა და ძირიან-ფესვიანად არა სთხრიდა აქაურობასა!
- ყველაზე უწინ სოფელი უნდა გავასუფთაოთ, - თქვა გიგომ და გასწია წინ. მას მიჰყვა ქალიცა. პირველად მათ შეხვდათ ერთი ხანში შესული დედაკაცი და ორთავემ მიმართეს მას:
- დედი, დედი! ერთი დაუძახე ვისმე... სად არიან კაცები?
დედაბერმა ნამტირალევი სახე მოიბრუნა მათკენ. გაოცებით აათვალიერ-ჩაათვალიერა იგინი და შემდეგ ჰკითხა:
- ვინა ბრძანდებით? ან რად გინდათ კაცები?..
- ჩვენი ვინაობა რა საჭიროა შენთვის. და კაცები კი იმიტომ გვინდა, რომ ეგებ დღესვე ეს პატივი, ეს საშინელი უსუფთაობა აქედან გავზიდოთ სადმე, თორემ ღმერთს ერწმუნე, სულ დედა-ბუდიანად გაიჟლიტებით.
- აი ამ წუნწუხებმა, ამ საშინელმა უსუფთაობამ იცის ხოლერის გაჩენა... - სთქვა ქალმა.
დედაბერმა გაოცებით შეხედა, მწარედ გაიღიმა და უთხრა:
- თუ ამისაგან არის, მაშ შარშან და იმაზე წინაც რატომ არ იყო ხოლერა? ეს უსუფთაობა ხომ მაშინაც აქ იყო?
ამაზე გიგოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ დედაკაცმა აღარ დააცალა, გატრიალდა და უკნიდან ბუზღუნით მოაძახა:
- ნეტა ერთი რას დაეხეტებით! რას მასხარაობთ! ამ მეორედ მოსვლის დროს ვისა სცალიან თქვენთვისა?!..
IX
ჩვენი ახალგაზრდები სრულიად სხვაგვარ დახვედრას მოელოდნენ. მათ ეგონათ, რომ მთელი სოფლის გლეხკაცობა ერთმანეთს ეცემოდა, რაკი შეიტყობდნენ მათ იქ მისვლასა. მაგრამ დახე უმადურებას! ნახევარ საათზე მეტი იქნება, რაც ისინი სოფელში შემოვიდნენ და ამ დროის განმავლობაში ერთმა ბალღმაც კი არ გამოყო შინიდან თავი. ბოლოს ეს დედაკაცი შეხვდათ და ამანაც ესეთი უზრდელობა გამოიჩინა. ვერ ეჭაშნიკათ ესეთი ამბავი ჩვენს ყმაწვილებს, მაგრამ რას იზამდნენ? უგუნურ, გაუნათლებელ ხალხს ჯიბრში ხომ ვერ ჩაუდგებოდნენ. ამიტომ მიმართეს სულგრძელობას. დაივიწყეს უკმეხი ბებრის სიტყვები და ახლა სხვა მხრისაკენ გასწიეს. იქვე ახლო მათ დაინახეს ერთი ძველი ფიცრული ქოხი. ამას, როგორცა სჩანდა, წინა ბოძები დამპალი ჰქონდა, ამის გამო კარგა ძალზე იყო წინ გამოზნექილი და ისეთნაირად იყურებოდა, თითქო ემუქრება ვისმეო: არ გაბედო ჩემთან მოახლოვება, თორემ გადმოვწვები და უსათუოდ ქვეშ მოგიტანო. სახლი ასე იმუქრებოდა, მაგრამ როგორცა სჩანდა, ზოგიერთები ამ მუქარას არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთი ჭაღარაშერთული გლეხი შიგ ძირში მისწოლოდა წამოწოლილ კედელს და საშინელ სენით შეპყრობილი ხმამაღლა კვნესოდა, საზარლად გმინავდა. მალიმალ ისმოდა მისგან მძიმე, გაბმული ბოყინი და ყოველ ამ დროს მისი პირიდან შადრევანივით გადმოდიოდა გვამიდან ამონაღები. ჩვენმა ახალგაზრდებმა, დაინახეს თუ არა ეს ავადმყოფი, მაშინვე მოურიდებლივ გასწიეს მისკენ. გიგომ დასტაცა უბედურს ხელი, წამოსვა და ზურგით სახლის კედელს მიაყუდა. ამავე წამს ქალმა ამოიღო ჯიბიდან თავისი პატარა ხელსახოცი და მით ფრთხილად მოსწმინდა გლეხს გათხუპნული თავ-პირი. როცა ხელსახოცი ისე მოისვარა, რომ მით გაწმენდა აღარაფრისა აღარ შეიძლებოდა, მაშინ ის შევიდა შიგნით სახლში და იქიდან გამოარბენინა ერთი კოკა ცივი წყალი. გარეცხა თავისი ხელსახოცი და გასუფთავებული ნელ-ნელა მიუსვ-მოუსვა ავადმყოფს სახეზედა. გლეხს იამა, ცოტა გამოერკვია და დაბალის ხმით წყალი მოითხოვა. საჩქაროზე დაალევინეს. ცივმა წყალმა კაი გავლენა მოახდინა სნეულზე: ის სრულიად გამოერკვია, გრძნობაზე მოვიდა.
- ვკვდები, დედაკაცო, ვკვდები, - დაიძახა მან კვნესით: - რაღად მოსულხარ? აკი წეღან ბავშვები წაასხი ვენახში!..
- ნუ გეშინიან, ნუ გეშინიან, ჩემო ძმობილო, - გაამხნევა ქალმა: - ყოჩაღად იყავ. არ შეშინდე და ეგ ბოროტი სენი მაშინ ბევრს ვერაფერს დაგაკლებს.
გლეხმა გაოცებით გააჭყიტა თვალები. ჯერ ამ ქალს შეაცქერდა, მერე გიგოსკენ მიიბრუნა სახე და უცებ შეშინებულივით უკან დაწევა მოინდომა.
- თქვენი ღვთის გულისათვის, ნუ მამკლავთ -დაიძახა მან გამწარებით: - თქვენ, ალბათ, დოხტურები იქნებით... თავი დამანებეთ... მომშორდით... იქნება ღმერთმა შეიბრალოს ჩემი საწყალი ცოლ-შვილი.
- ჩვენ დოქტორები არა ვართ, ჩემო ძმაო, - უთხრა მას გიგომ: - ჩვენ შენი ძმები ვართ. შენი სიკვდილი კი არა, შენი ფეხზე წამოყენება გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ შენ, როგორც დოვლათით, ისე ჭკუა-გონებით, ღონიერი გახდე... ჩვენ გვსურს, რომ შენი მადლიანი მარჯვენა ძლიერებით შეიმოსოს: მოკეთეს სიყვარულით მოეხვიოს და მტერს ბოროტ გულში გაალმასებული მახვილი ჩასცეს.
გლეხი თვალებდაჭყეტილი, გაშტერებული შესცქეროდა მოლაპარაკეს და როდესაც ეს გაჩუმდა, მან კიდევ უკან დაიწია, ცოტა გაიღიმა და დაცინვით წარმოსთქვა:
- ჰეი, ჰეი, როგორ გაგილესია ეგ ენა-და. ღმერთია შენი თავდები, შენ ან ადუკანტი იქნები, ან მწერალი...
- არა, ჩემო ძმაო, არა! მე წელს აქ სწავლა გავათავე და ახლა რუსეთში მივდივარ სტუდენტადა... - დაიწყო ღრუბელაშვილმა, მაგრამ ამ დროს გლეხს ხელახლად აუვარდა გულზიდილი, დააბოყინა და ამონაღები ზედ გულზე შეასხა ჩვენს სასტუდენტოს. სინამ ეს ამას მოიწმენდდა, გლეხი გადატრიალდა გვერდზე. პირი იქითკენ ჰქნა და მაგრა მიეკრა კედელსა. ბევრი ეხვეწნენ ჩვენი ახალგაზრდები, ბევრი სწიეს აქეთ გადმოსაბრუნებლად, მაგრამ სრულიად ვერა გააწყეს-რა... გლეხი პირუკუღმა იწვა და ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებით ვიღაცას ლანძღავდა, სწყევლიდა.
- წავიდეთ აქედან, - სთქვა ქალმა, - ხომ ხედავ, რომ ამ კაცს იოტის ოდენა ნდობაც არა აქვს ჩვენი! წავიდეთ სხვაგან... იქნება სხვა უფრო საჭიროებდეს ჩვენს დახმარებასა.
- მართალს ამბობ, - მიუგო გიგომ და ორივენი გამოტრიალდნენ უკანა.
X
ამათ გაუარეს წინ ერთ მიწურ სახლს; უნდოდათ გზის გაგრძლება, მაგრამ ამ ადგილზედ მათ იგრძნეს რაღაც ცუდი, საეჭვო სუნი. გიგო ღრუბელაშვილი ავიდა სახლის ბანზე, ნელ-ნელა აიფაფხა დარბაზის გვირგვინზე და, როდესაც თავი წინ წაიღო ერდოში ჩასახედავად, ის მიხვდა, რისაც იყო ეს სუნი. ჩაიხედა ერდოში და იმავე წამს გველნაკბენივით გადმოვარდა უკან.
- ოხ, რა უბედურება დავინახე, რა უბედურება, - წამოიძახა მან და აჩქარებით გასწია ამ სახლის დერეფნისაკენ. ხვრელის მსგავსი ბნელი დერეფანი ფეხების ფრატუნით და ხელების ცაცუნით ჩაიარეს და მიაწვნენ დარბაზის მძიმე კარებსა. დამაყრუებელი გაბმული ჭრიალით ნელ-ნელა გაიღო ეს კარი და ჩვენი ყმაწვილები გულის ფანცქალით შევიდნენ შიგნითა. კერის ახლო, დედაბოძთან მათ დაინახეს ორი მიწაზე გაშოტვილი გაშეშებული ადამიანი. ერთსა ეცვა კაცურად, მეორეს ქალურად, ორივენი ახალგაზრდები იყვნენ. საზარელი სუნი, რომელიც აქა ტრიალებდა, ცხადი ნიშანი იყო, რომ ესენი სამი-ოთხი დღის გარდაცვალებულნი იყვნენ... ლეში მათი უკვე იხრწნებოდა. კაცი პირქვე ეგდო, ქალი გულაღმა და თავი ცოტა მაღლა ჰქონდა წამოწეული. ტუჩებს ხრწნა დაეწყოთ, ზევით-ქვევით აწეულ-დაწეულიყვნენ და დახრჭენილი კბილები თავზარდამცემი სიცილით გამოიყურებოდნენ. ამ სანახავმა თავზე თმები აუბურძგნა ჩვენს ახალგაზრდებს. ფერმიხდილნი იდგნენ ერთ ადგილას და მუნჯებივით გასცქეროდნენ უსულდგმულო ლეშის ჯოჯოხეთურ ღრეჭასა. მათ გულებსაც რაღაც დაემართათ: თითქო რაღამაც მაგრა ჩაბღუჭა ბჭყალებში და თითქმის სრულიად შეაჩერა მათი თავისუფალი ფანცქალი. მაგრამ ამ დროს დარბაზში მოხდა ისეთი ამბავი, რომელმაც ეს სულგანაბული, ოდნავ-ღა მოფანცქალე გულები კინაღამ გვამიდან ძირს დედა-მიწაზე გადმოახტუნა. უცებ ამ გლოვისა და მწუხარების სამფლობელოში, ამ ძლევამოსილ სიკვდილის შავბნელ სამეფოში გაისმა ხმამაღალი გატაცებული ხარხარი, კისკისი. ამ ხმამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩვენს ახალგაზრდებზე, თითქო ამოღებული ხანჯალი ჩაეკრა ვისმე მათთვის გულში. ერთი შეჰკივლეს და თავზარდაცემულნი გამოცვივდნენ კარზედა. იმავე წამს დარბაზიდან გამოვარდა სრულიად დედიშობილა, თმაგაბურძგნული მოხუცებული დედაკაცი. ვენახის ეკლიან ღობეზე შეხტა და წეღანდებური კისკისით გადაერია ვაზებსა.
XI
მიეფარა ვაზებს უბედური ბებერი, მაგრამ მისი საშინელი კისკისი ჯერ კიდევ კაი ხანს ისმოდა ჩვენი ახალგაზრდების ყურში. ესენი იდგნენ იმავე ადგილას, რომელზედაც წეღან შეჩერდნენ; კისრები წინ წაეშვირათ და დაჭყეტილ თვალებს ვეღარ აშორებდნენ ბებრის სისხლით შესვრილ ეკლიან ღობესა. მათმა ესეთმა მდგომარეობამ გასტანა თითქმის საათის მეოთხედი. მერე კი ნელ-ნელა დაუმშვიდდათ გული, ცოტცოტაობით მოიკრიბეს გრძნობა-გონება. გადასდგეს ორიოდ ნაბიჯი, შესდგნენ ისევ და სამწუხარო თავის ქნევით შეხედეს ერთმანეთსა. საწყლები! სევდა-ვაებით ისე ავსებოდათ გული, რომ ამ ერთმანეთის დანახვამაც კი არ აგრძნობინა მათ სულს სრულიად არავითარი სიამოვნება. საზოგადო უბედურება მძიმე ლოდივით დასწოლოდა მათ კერძო კმაყოფილებას და ყოველი სხივი მისი შთაენთქა და გაექრო თავის შავბნელ უფსკრულში. ღრუბელაშვილი თავჩაღუნული იდგა და მგლოვიარესავით მწარედ დაღონებული იცქირებოდა მიწაზე. მას ამ წამს ამ ქვეყნიური სრულიად აღარა ახსოვდა-რა. შარშანდელი თოვლივით გამქრალიყო მის მეხსიერებაში როგორადაც დილანდელი აღტაცება, ისე თვით მიზეზიც ამ აღტაცებისა. შავი ფიქრებით მოცული მისი გონება მხოლოდ ერთ საგანს ჩასციებოდა, მხოლოდ ერთ საგანს ხედავდა. მას თვალწინ ედგა დიდი, უზარმაზარი საფლავი, რომელსაც ყოველის მხრიდან შემოხვევოდნენ სხვადასხვა ხორცშესხმული ბოროტებანი: უსამართლობა, მტარვალობა, ძარცვა-გლეჯა. ამათის ბრძანებით ათასობით მოჰყავდათ დამხდარ-დაყვითლებული, ჯაფისაგან წელში გამწყდარი ხალხი, შეუბრალებლად ჰყრიდნენ ამ საფლავში და საზიზღარის სიცილ-ხარხარით ცოცხლებსავე აყრიდნენ ზემოდან მიწასა. ირგვლივ ისმოდა საშინელი კვნესა, გმინვა, წყევლა, შეჩვენება. და ყოველივე ეს გახურებული შამფურებივით უვლიდა მთელს ტანში გიგო ღრუბელაშვილსა, უვლიდა და თანაც თვალებიდან მდუღარე ცრემლის ნაკადულები გადმოსდიოდა.
- ვინა სთქვა: ქვეყანა მშვენიერიაო! - დაიძახა მან გამწარებულის ხმითა... - ქვეყანა საზიზღარია, ბუდეა ბოროტებისა!.. შეაჩვენოს ღმერთმა ისიც და მისი მოთაყვანეცა!
- მოიცა, რა გაყვირებს, - უთხრა მას ხელის წაკვრით ქალმა: - ყური დაუგდე, არ გესმის? ეს რა ხმაა?
ღრუბელაშვილი გამოერკვა შავი ფიქრებიდან, დაუგდო ყური და მართლაც მას შემოესმა რაღაც ისეთი ღმუილი, რომლისაგან მთელმა მისმა ძარღვებმა ჟრიამული დაიწყეს. ეს ხმა თანდათან მაღლდებოდა, ძლიერდებოდა, ცხადი იყო, რომ პატრონი ამ ხმისა ნელ-ნელა უახლოვდებოდა ჩვენს ახალგაზრდებს. გავიდა ორიოდ წამიც და იქვე ახლო, ვენახის შემოსახვევ კუთხის უკანიდან, შემოესმათ ფეხის ხმაცა. ჩვენი ყმაწვილები ცოტა გვერდზე მიდგნენ და შეშფოთებით მიაჩერეს თვალები იმ მოხვეულ ღობეს, საიდანაც უნდა გამოჩენილიყო მომავალი. და აგერ გამოჩნდა კიდეც... გამოჩნდა წელში მოხრილი სამოც-ოთხმოცი წლის დაძაბუნებული ბერიკაცი, რომელსაც ორივე ხელები უკანა ჰქონდა გაშვერილი და ისე მოიკაკვებოდა, თითქო რაღაცას, მეტისმეტ მძიმეს, მოათრევდა. აგერ, აგერ!.. ღმერთო, ღმერთო, ეს რა მოაქვს ამ უბედურ მოხუცებულსა! გამოჩნდა ვეებერთელა ნახშირივით გაშავებული, თვალებჩაცვივნილი გვამი ახალგაზრდა ვაჟკაცისა, რომლისთვისაც საყელოში ჩაევლო ბებერ კაცს ორთავე ხელები და, ოფლში გაწურული, ნელ-ნელა მოათრევდა მას; მოათრევდა და თანაც ხან ღმუოდა მომაკვდავი ძროხასავითა და ხანაც დაჭრილი ნადირივით საზარლად ღრიალებდა.
ჩვენს ახალგაზრდებს შიშისაგან მუხლთ მოჰკვეთოდათ და კრიჭაშეკრულნი მუნჯებივით იდგნენ ერთ ადგილასა. ამგვარად დარჩნენ, სინამ ბერიკაცი თავის თავზარდამცემი ბარგით არ წაეხახუნა მათ ზედა. მაშინ კი გაქანდნენ მოხუცებულისაკენ, ჩამოართვეს გაშეშებული ცხედარი და წაასვენეს იქით, საითაც უჩვენა ბერიკაცმა... გადავიდნენ ვენახის გადმოშლილ ღობეზე და ერთი კაკლის ქვეშ ამოთხრილ საფლავის წინ შესდგნენ. აქვე სჩანდა ხუთი, თუ ექვსი ახალი საფლავები, ერთ ამათგანს დაადგა თავსა მოხუცებული და იწყო მოთქმით ტირილი: ,,დედაკაცო, ხორეშან, რა მიყავი ესა, შე უღვთო, უსამართლო. რად დამტაცე შვილები... ოთხში ერთს მაინც მე დამინარჩუნებდი, შე გაუკითხავო, შე უბრალებელო შენა...”
მერმე მობრუნდა დანარჩენი საფლავებისაკენ და ახლა ამათ დაჰბღავა ზემოდან: ,,აი შეგირცხვათ ვაჟკაცობა, შეგირცხვათ ახალგაზრდობა... მყრალ უსამართლო წუთისოფელს როგორ შეუშინდით, ბიჭებო! რა გინდათ მაგ ცივ და ბნელ სამარეში, თქვენი ჭირიმე, თქვენი, შვილებო. წახვედით და მერე რაღად დამტოვეთ აქ? უთქვენოდ რა უნდა გავაკეთო ამ ქვეყნად?” ამის შემდეგ მოტრიალდა ახალი გვამისაკენ და მუხლმოდრეკით დაეცა მას გულზედა... დიდ ხანს ისმოდა ჩუმი, სულის სიღრმიდან წამოსული ქვითინი უბედური მამისა... ბოლოს, წამოდგა ფეხზე და ხელი წაავლო ცხედარსა; ჩვენი ყმაწვილები მიხვდნენ მის განზრახვას, თვითონაც მივიდნენ და ის იყო აპირებდნენ გვამის აწევას, რომ ამ დროს დაინახეს მათკენ გაჯავრებულის ტრუხუნ-ტრუხუნით მიმავალი ღორი. ბერიკაცი იმავე წამს უკან გატრიალდა და საჩქაროზედ დაიმალა სიმინდებშია...
- თქვენ აქ რას აკეთებთ? - დაუყვირა ღორმა ჩვენს ახალგაზრდებს.
- ხალხის საშველად მოვედით! - მიუგო გიგომ.
- ხალხის საშველად... ტრუხ, ტრუხ... მერე ვინ მოგცათ ნება?
- კეთილი საქმის ჩამდენს რა ნება უნდა!
- როგორ თუ რა ნება უნდა? აბა შეხედეთ აი ამათა... - და გაიშვირა ხელი ორღობისაკენ. გაიხედეს იქით ჩვენმა ყმაწვილებმა და დაინახეს მთელი ხროვა სოფლისაკენ მომავალი მტაცებელი ნადირებისა, რომელთაც პირში რაღაც დაწერილი ქაღალდები ეჭირათ...
- ხომ ხედავთ იმათ, - განაგრძო ღორმა,-ემაგათთანა პატივსაცემი ნადირებიც კი დაემორჩილნენ სამართალსა: დღეს დილით მოვიდნენ ჩემთან და ყოველმა მათგანმა ამ სოფელში შემოსასვლელად ნებართვა აიღო ჩემგან. ხომ ხედავ, სუყველას კანონი პირში უჭირავს...
- ღორი კანონებს იძლევა, მგელსა და მელას აღსრულებაში მოჰყავთ იგინი... ახლა კი ნამდვილად აშენდება ქვეყანა!.. - დაიძახა გიგომ გამწარებული ღიმილით.
- მაგ დაცინვის კილოზე ცხადად ეტყობა, რა შვილიცა ბრძანდები, - დაიტრუხუნა ღორმა: - მე დიდი ხანია კარგად ვიცნობ თქვენისთანა ორგულ, ღვარძლისა და უთანხმოების მთესავ ვაჟბატონებს! ადექით, ამ წამშივე დაიკარგენით აქედან თორემ...
- ღორო! - სთქვა გიგომ. - ნურც ეგრე პამპულაქობ! მართალია ეს დრო შენია, მაგრამ იცოდე, რომ მომავალი ჩემია და მაშინ გიჩვენებ შენს სეირსა...
- რაო? - დაიტრუხუნა ღორმა: - რომელი მომავალია შენი? მთელი ეს წუთისოფელი თავის წარსულითა, აწმყოთი და მომავლითა სულ ერთიანად ჩემია და მუდამ ჩემი იქნება.
- არა, ღორო, არა! - უთხრა ღრუბელაშვილმა: - ჯერ ახლანდელ დროშიაც მართლა სუყველაფერი შენი როდია... შენ გეკუთვნის მხოლოდ აწინდელი ლაფები, წუნწუხები და ყოველივე სიმყრალე. სხვა, რასაც კი სიწმინდის შუქი ადგია, ის ჩემია და არა შენი.
- შუქიო? - შეჰყვირა ღორმა: - რა შუქი!.. რის სიწმინდე!.. მალე მოვუვლი მე იმათ თავსა... ერთი, ერთი დამანახვეთ მე ისინი... მე ვუჩვენებ იმათ თავიანთ სეირსა!..
- შენ იმათ ვერ დაინახავ, ღორო! - უთხრა გიგომ, - რომ იმათ დანახვა შეგეძლოს, მაშინ ხომ ღორიც აღარ იქნები...
ღორი გაჯავრდა, მოთმინებიდან გამოვიდა და ეშვებგამოშვერილი გაქანდა ღრუბელაშვილისაკენ. იმან ხელცარიელმა ვერ გაბედა შებრძოლება და გაიქცა... ქალი გამოუდგა მას უკან.
XII
მზე ჩასული იყო, როდესაც გულებდახეთქილები და ხვითქში გაცურებულნი მოადგნენ დილანდელ ვიწრო ბილიკს ჩვენი გამოქცეულები. ბილიკის ახლო შუა ყანაში იდგა კარგა მაღალი ბუჩქი, რომლის გვერდზე ცივი, ანკარა წყარო სასიამოვნო ჩუხჩუხით ამოდიოდა მიწიდან. ამ წყაროსაკენ გადუხვიეს ჩვენმა ყმაწვილებმა, აქეთ-იქიდან წამოუწვნენ მის ამწვანებულ ნაპირებს და კმაყოფილებით იწყეს მისი კამკამა წყლით გახურებულის შუბლის გაგრილება. ღრუბელაშვილი ორთავ ხელებით ისხამდა წყალს თავსა და სახეზე, რომელთაც მზის გახურებული სხივებისაგან კარგა ძალა დასდგომოდათ... კარგა ხანს იყო ასე თავჩაღუნული ღრუბელაშვილი და როდესაც შემდეგ თავი მაღლა აიღო, მან გაოცებით შენიშნა საკვირველი მოვლენა: მისი მეგობარი ქალი, როგორც იჯდა, ისე მოკეცილი, უცებ მოშორდა დედამიწას და ნელ-ნელა იწყო ზევით-ზევით ამაღლება. კაცის სიმაღლეზე რომ ავიდა, იქ გაჩერდა და საშინელის სისწრაფით იწყო ჰაერში ტრიალი. ტრიალებდა და რამდენიც დრო გადიოდა, იმდენად უფრო და უფრო რგვალდებოდა ბურთივით. ბოლოს დაჰკარგა ყოველივე სახიერება ადამიანისა და გადაიქცა ჰაერის ლამაზ ბურთად. შიგნიდან ეს ბურთი რაღაცით იყო განათებული და თხელი კანი მისი ვარდისფრად კრიალებდა. გამობერილი გვერდები სხვადასხვა ფერადა ჰქონდა აჭრელებული, ხოლო თავსა და ბოლოზე ლაჟვარდი მსხვილი ასოებით ეწერა: ,,ოცნება, ფანტაზია”. გაოცებულმა ღრუბელაშვილმა წასდგა რამდენიმე ნაბიჯი წინ, მიუახლოვდა ბურთსა და მოინდომა მისი დაჭერა, შეიშვირა მაღლა ხელები, მაგრამ ოდნავ მიეკარა თუ არა, ბურთი გასკდა და იმავე წუთს უეცრად გაჰქრა ჰაერში. რამდენსამე წუთს დარჩა იგი ასე ხელებაშვერილი, მაღლა შემაცქერალი, თითქო გაპყრობილი ხელებით ზეცას შესთხოვს რასმეო. მერმე წაბარბაცდა, მკლავები მოწყვეტილივით ჩამოყარა ძირსა და გულთან იგრძნო რაღაც მწარე, მეტისმეტად მწვავი ტკივილი.
- ოჰ, ღმერთო, ღმერთო! რა უბედური ვარ! - დაიძახა მან გამწარებით და ორთავ თვალებიდან ღაპა-ღუპით წამოუვიდა ცრემლები...
XIII
ჩვენმა ნაცნობმა ბებერმა მუხამ დაინახა სოფლისაკენ მომავალი, მომტირალი გიგო, ტოტები დინჯათ გაიქნ-გამოიქნია და გულშემატკივრობით დაუძახა მას:
- რა ამბავია, გიგო, შენს თავსა? რა მოგსვლია, შვილო, რომ ეგრე გულ-ამოსკვნითა სტირი? მწუხარებას გამაგრება უნდა!.. თუ უბედურად რაცხავ შენს თავსა, წარმოიდგინე ის საცოდავნი, რომელნიც შენზედ დაშორებით უფრო დიდს უბედურებაში ლევენ თავიანთ გამწარებულ სიცოცხლესა! მაგრამ რას ვამბობ? რა საჭიროა წარმოდგენა! აბა, აი ჩრდილოეთისკენ მიბრუნდი. ხედავ, რა ტანჯვა-ვაებით იჟუჟებიან ჩემი საბრალო შვილები?..
ღრუბელაშვილმა შესწყვიტა ტირილი; დადგა და გაიხედა ჩრდილოეთისაკენ. იქ მთელი თვალგაუწვდენელი გაჩეხილი ტყისათვის ცეცხლი წაეკიდებინათ და ირგვლივ ცა და ქვეყანაც გახვეული იყო შავს კვამლში. ხანდისხან ცეცხლის მოწითალო ალი არღვევდა ამ შავად დაბურულ ჰაერს, საზარელის ელვა-გრიალით სწვდებოდა აქეთ-იქით საცოდავად მოცახცახე ხეებსა და ერთი წამის განმავლობაში აქრობდა დედამიწის ზურგიდან. მთელი ის არემარე მოეცვა ჯოჯოხეთურ ტანჯვა-ვაებას.
- ნამდვილი ჯოჯოხეთია, ნამდვილი! - წარმოსთქვა კვნესით ღრუბელაშვილმა.
- აბა ახლა აი კომლისაგან დაბურულ ბუჩქებისაკენ გაიხედე! - უთხრა მას ბებერმა მუხამ. - ყური დაუგდე რა ხმა ისმის იქიდან.
ღრუბელაშვილმა გაიხედა ნაჩვენებ ბუჩქისაკენ და მჭვარტლიან, მყრალ კვამლში გაარჩია მთელი ხროვა იმ ნადირებისა, რომლებიც წეღან უბედურ სოფელში შედიოდნენ. ახლა ისინი ჩამწკრივებულიყვნენ რიგზე და, თავით ფეხებამდე სისხლში მოსვრილნი, გლეჯდნენ სხვადასხვა შინაურ ცხოველებს, სთქვლეფავდნენ და თან მხიარულად ყმუოდნენ.
- შეგაჩვენოთ ღმერთმა, შეგაჩვენოთ, - დაუძახა მათ გიგომ.
- ემაგ უხეირო წყევლას ის გირჩევნია მოხვიდე და ჩვენსავით ქეიფი გასწიო - დაუძახეს გიგოს ერთხმად ნადირებმა.
- შეგაჩვენოთ ღმერთმა, შეგაჩვენოთ! - უპასუხა გიგომ.
- აბა, ამ მსუქან ქათმებს, ამ ცხვრის ტოლა ბატებს და ინდაურებს შემოხედე! - დაიძახა მელამ. - ამათზე გემრიელ საჭმელს შენს დღეში ვერ ეღირსები... გირჩევ მოხვიდე და შეექცე.
- შეგაჩვენოთ ღმერთმა, შეგაჩვენოთ!
- მოდი ძმობილო, მოდი! - დაიყმუვლა მგელმა: - მერწმუნე სულელურად იქცევი! მეც ერთხელ ეგრე შენსავით ვაკრაჭუნებდი კბილებსა და ცოტა გაწყდა კინაღამ შიმშილით არ მოვკვდი; შემდეგ გავიცან წუთისოფელი და ჭკუა-გონება მოვიკრიბე. ხედავ, ახლა რა ქეიფში ვარ?
- შეგაჩვენოთ ღმერთმა, შეგაჩვენოთ!
- რა ჩერჩეტივით აგიჩემებია, ბიჭო, ეგ ერთი და იგივე სიტყვები! - დაიძახა ახლა ტურამ: - თუ ამ დოვლათსა და ქონებას არაფრად აფასებ, მაშ ამას მაინც მიაქციე ყურადღება: აბა ერთი კარგად დააცქერდი ჩემ გულსა და მხრებსა, შენც მალე მოგენიჭება ყოველივე ეს.
- შეგაჩვენოთ ღმერთმა, შეგაჩვენოთ!
- მაგათ რას მისცივებიხარ, ჩემო კარგო, გამობრუნდი აქეთ, მოდი ჩემთან! - მოესმა უცებ მეორე მხრიდან გიგოსა. საჩქაროზე გატრიალდა იქით და ერთ პატარა ცაცხვს ქვეშ დაინახა ლამაზი, ახალ ხალიჩაზე მჯდომარე მშვენიერი სახის დიდებული მანდილოსანი. მას წინ ედგა პატარა ანთებული ლამპარი, რომლის სინათლე, რამდენიც დრო გადიოდა, იმდენად უფრო და უფრო მატულობდა, ძლიერდებოდა. გიგოს დაწყლულებულ გულს ამ სანახავმა თითქო უკვდავების მალამო მოსცხო და ყოველივე ტანჯვა-ტკივილი ერთ თვალის დახამხამებაზე გაუნელა, მოაშორა. მან ფეხაჩქარებით გასწია ამ მანდილოსნისაკენ.
- დიდი ხანია, გიგო, მე შენ თვალ-ყურს გადევნებ, - დაიწყო ამ უკანასკნელმა: - ვუცქერი შენს ცხოვრებას, ვისმენ შენს ლაპარაკს. კარგად გავიგე ყოველი შენი აზრი, გრძნობა, გულის პასუხი. შენ გინდა იხსნა ტანჯვა-ვაებისაგან გლეხკაცი, შენ გინდა დასთრგუნო ყოველი ბოროტება, რომელიც დამკვიდრებულა ქვეყნიერებაზე და რომელსაც მხარს აძლევენ აის ნადირები; შენ გინდა, რომ ის მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომლის განშორებამ იმდენი ცხარე ცრემლი დაგაღვრევინა, მუდამ შენთან იყვეს... ყოველივე ეს შესაძლებელია. მხოლოდ საჭიროა შენთვის ერთი რამ.
- მიბძანეთ, მიბძანეთ, რა არის ეგ ერთი რამ! - დაიძახა აღელვებით გიგომ: - მთელ ჩემს სიცოცხლეს მსხვერპლად მოგართმევ, ოღონც კი მასწავლე, მიბოძე ის, რაც არის ჩემთვის საჭირო.
- ძალიან კარგი! - წარმოსთქვა მშვიდად მანდილოსანმა: - ამ ლამპარს ხომ ხედავ? იყო დრო, როდესაც ეს ლამპარი ოდნავ-ოდნავ ბჟუტავდა. ირგვლივ იწვა საშინელი სიბნელე, რომელშიაც იყო გამეფებული ბატონობა შენგან ნახული ნადირებისა. ისინი ჰგრძნობდნენ ამ ლამპრის მომავალ ძლიერებასა და იმიტომ ყოველის მხრიდან მტრულის თვალით მისცქეროდნენ. კბილების ხრჭენით და ბრჭყალების ფხოტნით არაერთხელ დამცემიან მე იგინი, და ვინ მოსთვლის რამდენჯერ მიწმენდია ჭირის ოფლი მათგან სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდნილსა. მაგრამ ჩემი ლამპრის ბჟუტვამ ნელ-ნელა მოიმატა, შუქათ გარდიქცა, ჩემს გარშემო განათდა. რამდენად სინათლე ემატებოდა, იმდენად ეგენი ადგილს მითმობდნენ... ხედავ, ახლა რამ- სიშორეზე არიან ჩემგან და ისიც ჭვარტლიან კვამლში გახვეულნი. მოვა დრო, როდესაც ეს პატარა ლამპარი ერთ დიდ მზედ გადაიქცევა. იგი მოჰფენს მაშინ მთელს დედამიწის ზურგს თავის ცხოველმყოფელ სინათლესა. და მაშინ გაჰქრება ყოველი სახსენებელი მხეცთა და ნადირთა და დამყარდება ქვეყნად მეუფება სიმართლისა, ძმობისა და სიყვარულისა...
- ოხ, ოხ, ვეთაყვანე, ვეთაყვანე მაგ ენას, მაგ დიდებულ წინასწარმეტყველებას!.. - გააწყვეტინა გიგომ აღელვებულის ხმითა.
- იარე ჩემთან, იარე ხშირად და შეიმოსე იმ ძლიერებით, რომელსაც ანიჭებს ყოველს თავის ერთგულ მუშაკს მადლი ამ ლამპრის სინათლისა და მაშინ ვეღარავინ ვერ დაგიდგება წინა, ყველას და ყველაფერს დასძლევ, შენს მიზანს მიაღწევ, გულის პასუხს განიხორციელებ.
- მითხარი, მითხარი, შენს მუხლებს ვენაცვალე, მითხარი - ვინა ხარ, ვინა ბრძანდები? - შესძახა გიგომ.
- მე ვარ მფარველი ყოველი დავრდომილისა! მე ვარ დედა ყოველი გაჭირვებულისა! მე ვარ ღმერთი ბრწყინვალე მომავლისა!.. - წარმოსთქვა მანდილოსანმა.
- ოხ, ვეთაყვანე, მტლად დავედე შენს სახელს, შენს მადლსა და ძლიერებასა! - შესძახა ღრუბელაშვილმა და მუხლმოდრეკით დაეცა მიწაზე დიდებული მანდილოსნის წინაშე.