ბებრები
დაცხრა მზე. ჩრდილმა მოიკიდა ფეხი. მეზობლებმა ფანჯრები გააღეს. დახურული ოთახიდან ხალხი ჰაერში გამოეფინა.
ეკატერინემ ძილში მოიგერა ბუზი.
- ქალო! - მთქნარებით და ზმორებით წამოიძახა ბეგლარმა და სკამლოგინზე წამოჯდა, - გეყოფა, ბატონო, ამდენი ძილი, დეიხაშმები... ქე შემოუქროლა პატარეი, გაგრილდა ქვეყანა.
ეკატერინე: შენ რა გიჭირს, მიწაზე იწევი; აქანე კი სული კიღამ წამივიდა... ი სიზმარი რომ არ დამსიზმრებოდა, მგონია, შევიშლებოდი... ბუზებიც, რომ უფრო ეტანებიან...
ბეგლარი: რა დაგესიზმრა, ჩემო ეკატერინე?
ეკატერინე: მიხვდი აბა...
ბეგლარი: რა ვიცი, შე ქალო! ანგელოზი დეგესიზმრებოდა, აბა სხვა რა იქნებოდა?
ეკატერინე: (მაცდურად) ანგელოზი კი არა...
ბეგლარი: აბა?
ეკატერინე: (იცინის)... შენ!.. (სიყვარულით) კი არ დამსიზმრებია... ძილში მომაგონდა, რაც წინეთ ვნახე.
ბეგლარი: მითხარი, ჩემო ეკატერინე... (და დაგლეჯილ ჭილოფს სკამისკენ მისწევს; ეკატერინე წამოჯდება სკამზე, შიშველ ფეხს ჭილოფზე დადგამს; ბეგლარი გვერდში მიუჯდება. შავი შარვალი და თეთრი შალის წინდები აცვია).
ეკატერინე: პირველად რომ გევეცანით ერთმანეთს... შენ ოქროსფერი ბოხოხი გეხურა, ლურჯ ახალუხზე წაბლისფერი ჩოხა გეცვა... შავი წუღამესტი სირმებით გქონდა მოქარგული... თეთრ ცხენზე იჯექი და ჭიშკარში ჩამოაჭენე... გახსოვს?
ბეგლარი: როგორ არა!..
ეკატერინე: აჯირითებდით ცხენებს შენ და - აცხონოს ღმერთმა - საწყალი პეტრე...
ბეგლარი: მახსოვს... მახსოვს, როგორ არა. შენი ეშხით არ ვიზოგავდი თავს... კაბა ჭადრაკული გეცვა და ზედატანი სახელო გამოშვებული წითელი; თავი თეთრი პეპლებიანი ბლონდით წაგეკრა... გიხდებოდა აივნის ბირკვილზე დაყრდნობა... გასაფრენ ჩიტსავით შემკრთალი, ყურადღებით გვათვალიერებდი... გახსოვს?
ეკატერინე: რავა არა?! რავა არა?! მაინც ხის ტოტმა, რომ ქუდი გადაგიგდო და შენ გადმოიხარე ასაღებათ... ხუჭუჭი თმა გადმოიყარა... თვალის დაშორება არ მინდოდა და თან შიშით თვალს ვხუჭავდი, ხეს არ დაეტაკოს-მეთქი. ბესარიონმა მერე რომ ლაგამში ხელი გტაცა, ძალი-ძალით, ძლივს ჩამოგახტუნა... ჩემი ბრალი იყო - მე შევეხვეწე... ზევით რომ ამოდი... ნასვამი, ნაჯირითევი... სახე გაგწითლებოდა... ყვითელი შავარშიანი ცხვირსახოცით იწმენდდი შუბლზე ოფლის წვეთებს... როგორ გშვენოდა კოკობი ულვაში, დაკრაკნილი წვერი... რამხელა თვალებს აბრიალებდი! ხანჯალზე რომ ხელს დაიდებდი, ასე ვფიქრობდი - ამიყვანდეს, წამიყვანდეს-მეთქი. გახსოვს?
ბეგლარი: ჰო, ჰო, და შენ წითელ ტუჩებს რომ ჩავაჩერდი, თეთრ კბილებს და შავ-შავ თვალებს, შენი წასვლა ვერ მოვითმინე და, როცა შებრუნდი, ხელი მინდოდა მეტაცნა ტევრათ კოჭებზე ჩამოყრილ ნაწნავებში... პეტრემ ხელი ამიკრა... სხვებმაც შემამჩნიეს... შეიქნა მიწევ-მოწევა, გახსოვს?
ეკატერინე: როგორ არა? მერე მთელ დღეს დამცინოდენ, მაწვალებდენ...
მუსაიფის დროს ბეგლარი ხელს მოხვევს; ეკატერინე თავს გულზე დაადებს: მოგონებათა ბურუსში გახვეულნი ჩუმათ სხედან, და ძნელი გამოსაცნობია, სთვლემენ თუ გაქვავებულან.
1920 წ.