# 35
თქვენ შემომხედეთ... და ჩემი ლექსი
გადაგეღვრებათ თმებში წვიმებად...
თქვენ ჩაიკითხავთ ამ ლექსს და ჩემზე,
როგორც სულელზე, გაგეღიმებათ.
თქვენ წახვალთ... ტერფთა უნაზეს კვალზე
მოვა რითმების შმაგი დინება...
მე გავიხსენებ თქვენს მწვანე თვალებს
და ღამე აღარ დამეძინება...
მივდივარ უხმოდ, თქვენგან შეშლილი...
ტუჩებიც თბილი, მზერაც თბილია...
ეს მე ვარ - ლექსო ლეკიაშვილი!
ჩაბრძანდით, თქვენი გადახდილია!