ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

* * * "დღეს საბოლოოდ გავცერი ყველა ქარაგმა" ექსკლიუზივი

დღეს საბოლოოდ გავცერი ყველა ქარაგმა.
დღეს და ვერა გუშინ ან გუშინწინ,
გუშინწინისწინ
გადამიჭრა რუტინამ მუზის არტერიები.
მაინც და მაინც დღეს,
მოვიმთაბარე.
მოვისახლკარე დედამიწა.
მოვიშენგულე
და ეს, ბევრად უფრო მეტია.
ვქსოვდი და ვქარგავდი ჯვარედინად.
ვქარგავდი ქარაგმებს რითმებად.
ვჭედავდი.
ვთლიდი.
ვბეჭდავდი.
მე ასე ვიყავი.
ვქმნიდი.

იყავი შენც.
ბიჭი რომელიც სანთლებს აქრობდა,
რომ ახლიდან თვითონ აენთო.
იყავი შენ შენ.
ბიჭი, რომელიც ოცნებობდა ამბიონზე ასვლას,
ყველა კანდელის ჩაქრობას და თავიდან ანთებას.
ეს იყო ასე:
აქრობდი და ისევ ანთებდი.

ვიცი ახლა დგახარ სადღაც, საყდარში,
აქრობ და მერე ისევ ანთებ სანთლებს,
ან კანდელს.
მე კი ვწევარ აქ, სოხასტოში,
ცოტა სამადლოდ და მუზისგან ვიცლები.
იშვიათია ჩემი ჯგუფის მუზა და ისიც შენა გაქვს.
(უსამართლობაა)
იცი და იფერებ.
არ გთხოვ გაიღო.
მედდას სანთლებს ვუტოვებ.
გადმოგცემს.
ჯვარცმასთან აანთე.
აანთე და ნუღარ ჩააქრობ,
თუ ღმერთი გაწამს.

დროდადრო.
თანდათან.
ცოტაც და რაღაც იქნება.

ვიცი, რომ დგახარ კანკელის ხატთან და
სულს უბერავ არჩამწვარ სანთელს.
მერე ისევ აანთებ?! (ალბათ)

მე მოვრჩი ქარგვას.
ყველა ქარაგმა ჩახვეულია.

მედდას დაუძახეთ,
თუ ღმერთი გწამთ!

??????