რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

ლამარა(მოკლე ბიოგრაფია) 

ზაფხული 1924 წელს მანგლისში გავატარე. იქვე ისვენებდა დასი ქართული თეატრისა: ისვენებდა და თანაც მომავალი სეზონისათვის ემზადებოდა. თითქმის დღე–ყოველ ვხვდებოდი მთავარ რეჟისსორს: კოტე მარჯანიშვილს. (მანგლისის იდუმალი ”გენიუს ლოცი” - ქართული შეცნევით: ”ადგილის დედა” - მოსახულია ჩემს გერმანულ რომანში ”მცველნი გრაალისა”. მარჯანიშვილიც იქვეა გამოყვანილი, გვარის შეკვეცით: ”მარჯანი”.

მარჯანიშვილის ელემენტი იყო: ცეცხლი. უნარი კი ცეცხლის ”მოვლისა” არ ჰქონდა: ჩქარა იწვოდა, მალე იფერფლებოდა. წვა იძლეოდა გასაოცარ ”ელვარს”. ოღონდ ელვარი ძვირად თუ იღებდა პლასტიურ ”სახეს”. როგორც ყოველი ხელოვანი, იგი ჟინიანი იყო. ხოლო ჟინს მისსა ნირი ახლდა თან: კაპრიზი. და ჟინიანი შიგა–და–შიგ ჯიუტად ხდებოდა: ერთხელ აღებულ გეზს არ იცვლიდა არაგზით. საკვირველი არაა, თუ მის ნაქმში ხშირად ”ლაპსუსს” ჰქონდა ადგილი.

შეხვედრა მასთან გახარება იყო: ახალისება სიცოცხლისა. შეხვდებოდი, მთელი არსით გადაგეხსნებოდა ვითარ ხალასი წყაროსთვალი. ამ მხრით მას პაოლო იაშვილი თუ გაეტოლებოდა. ჰხარობდი მასთან ერთად და იზრდებოდი შინაგანად. როგორც მზისშვილი ნამდვილი, იგი გენიალურ ამართლებდა გენიალურ განჭვრეტას ქართველთა: ვიტყვით ხომ ხშირად ”მცენარე ჰხარობს” და ვგულისხმობთ: ”მცენარე იზრდება”. მხოლოდ: თუ წყენას მიაყენებდი, სამუდამოდ გაგემგუნებოდა”. ამავე დროს მზემ მისმა დაბნელება არ იცოდა, მინდა ვთქვა: შურისგებით არ ყოფილა აყვანილი არაოდეს.

ვხვდებოდი მას თითქმის ყოველდღე. მილაგებულნი ჭილოფებით მოფენილ მოლზე ჩრდილში - ვნებივრობდით და ვსაუბრობდით. საუბარი მასთან ტკბობა იყო გონის. ყოველ აზრს წამსვე ხვდებოდა და მოაბრუნებდა მოულოდნელი ნიუანსით. შევარდენური ციალი მისი თვალების ამ დროს აზრის აფოთლება იყო. რა არ იყო საგანი ჩვენი საუბრისა? მუსიკა, მხატვრობა, თეატრი, ლიტერატურა. შიგა–და–შიგ ლამაზ ქალთა ”მონადირებაც” ამოყოფთა ხოლმე თავს. ეს, ასე ვთქვათ, საუბრის ახალისებისათვის.

ერთს მწიფე ნაშუადღევს ვაჟაზე ჩამოვუგდე სიტყვა. ვამცნე, თუ რა დიდ მგოსნად მოჩვენებოდა იგი ილიას, ვუამბე აგრეთვე, თუ როგორ გადმოვშალე მე სიდიდე ვაჟასი. გაინაბა გულხმიერებით. შემდგომ ჩავაწვეთე: რა იქნებოდა, ვაჟას პოემა ”გველის–მჭამელი” განსცენიურდეს–მეთქი! (მკითხველისათვის. განსცენიურება აქ ამას გულისხმობდა: წარმოითქმოდა ამბის მოყოლა, დიალოგებში კი მსახიობნი გამოვიდოდენ.) განაბული, ახლა აღვივდა. ორიოდე დღის შემდგომ წავუკითხე პოემა. ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. პაუზა. ”იცი რა გითხრაა?” (დაახლოებულთან მიმართვაში ხანდახან ”შენ” –ობაზე გადადიოდა.) ”ეს რა გამოვა! რა იქნება. შენ თვითონ გაშალო ეს მითიური გადმოცემა დრამად, ჰა?!” თქვა და მომაფრქვია ციალი თვალი. ”ვნახოთ” მივუგე სპონტანურ, არ დაფიქრებით.

”ვნახოთ!” იმპულსი კოტეს მიერ მოცემული, აინთო ჩემში. არ გასულა სამი დღე - ”ლამარა” ვიხილე ერთს უეცარ გაელვებაში მისი მთავარი მუხლებით. ასეთი ხილვის დრო ”თვალღია სიზმრისა” და არა საათის. ოდისსეოსის თავგადასავალი რომ მოვყვეთ, სულ უკანასკნელი, ერთიდღე მოგვინდება - სიზმარში ამავე თავგადასავლის თვალგავლებისათვის სულ ბევრი ათი წუთი თუ დაგვჭირდება. ”ლამარა შთამესახა. სურათი მთელისა აქ ლანდია მხოლოდ, რომელიც სპონტანურ უნდა განამდვილდეს საშოთაგან ქვეშეცვნევისა. ფხიზელს გგონია, ხილული მიმქრალია თითქო. გარნა გგონია მხოლოდ: იგი თავისით ამოტივტივდება ხოლმე სიცხადეში, როგორც რომელიმე სახელი დავიწყებული ხსოვნის იდუმალი აუზითგან. აქ ჰმართებს ხელოვანს მძაფრი წვართი. ნადირული ნაბვით უნდა ელოდეს იგი ლანდის ამოტივტივებას. ოღონდ არ უნდა ”დააფრთხოს”. ნელად. სათუთად უნდა მიუშვას მან მასთან ”იმაგო”: წარმოსახვით ძალა, რათა მისცეს ამოტივტივებულს ჰაეროვან ხტილს პლასტიური სხეობა. ამ გზით იზრდება და მწიფდება ხილული ქვეფენებში შეცნევისა. გულისყური ხელოვანისა ახლა იქისკენ მიმართული: არ გაუშვას წუთი შთანასახის მომწიფებისა. ხედავს, მწიფეა უკვე, მოწყვეტს მას: არც ადრე, არც გვიან. მოწყვეტს როგორც ხილს.

კალამს მხოლოდ ამის შემდეგ მოჰკიდებს ხელს ხელოვანი. ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილება ესაა.

ეს პროცესი - კალამის ხელში აღებამდე - დიდხანს გრძელდება ჩემში, ხანდახან წლობით. ”გველის პერანგი”, მაგალითად, შთამესახა ზაფხულში 1917 წელს ჰამადანში - დავწერე იგი 1925 წელს ბორჯომში შემოდგომის დამდეგს.

დავუბრუნდეთ ”ლამარას”. თვენახევარიც არ გასულა მისი შთასახვითგან - კალამს მოვკიდე ხელი. მაშვინაც მიკვირდა ეს სიმალე და დღესაც მიკვირს და ამის მიზეზი შესაძლოა ჩემი მაშვინდელი სულიერი მდგომარეობა იყო. საქართველო ემზადებოდება ამბოხებისთვის. ეს ამბავი გავიგე: გამანდვეს. სასტიკად უარვყოფდი ამ ნაბიჯს. (თუ რატომ, ეს მისხლობითაა აწონვილი ზემოდხსენებულ რომანში.) მე ვინ რას დამიჯერებდა ამ საქმეში? საშინლად ვნერვიულობდი. ავიშალე, დავიშალე. მოხდა ამბოხება. გათავდა მარცხით. ახლა კი შლეგად ვიქეც: კაცს აღარ ვგავდი. მთელი არსი ჩემი ანთებით იყო აყვანილი. ასეთს ყოფაში დღე კვირა იყო, თვე - წელი. ვფიქრობ: სიმაღლე იგი მხოლოდ ”კალენდარული” უნდა ყოფილიყო.

ამას ერთ–რამ უნდა დავუმატო კიდევ. შესაძლოა, წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძაფრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე: ”ლამარა” უმალვე მიმეხალა მტარვალთა მიმართ ვითარ ტრაგიული მარჯი დამარცხებულთა. ”შესაძლოა”.

ორი კვირე მოვუნდი ”ლამარას” სიტყვიერ გაშლას. რა გამოვიდა? გავიხსენოთ ჯერ შინაარსი ”გველისმჭამელისა”.

ხევსური მინდია გაიტაცეს დევებმა. დატყვევებული თვალს მოჰკრავს ერთხელ: დევები გველს სჭამენ. რა იქნება, რომ მანაც იგემოს იგი? უელვებს აზრად. იგემებს და: მყისვე მისნად იქცევა.მისანი აგნებს, რა გზით განთავისუფლდეს. თავისუფლება. თავისუფალი ამჩნევს გაოცებით: შეცვლილია სამყარო, შეცვლილია თვითონაც. ესმის საიდუმლო ენა: ქვის, მცენარის, ნადირის, ვარსკვლავის. ამათაც ესმით მინდიას სიტყვა. მყარდება სიყვარული. მისანი მკურნალად ხდება: მცენარენი მას მკურნებ ელემენტებს აძლევენ. მინდია დაცოლშვილდება, კერძოობის რკალში მოექცევა. კერას შეშა უნდა - მან ჭადარი უნდა მოსჭრას. ოჯახს კვება უნდა - მან ჯიხვი უნდა მოკლას. იგიც სჭრის და კლავს. ხედავს თანვე ჭადარის ცრემლებს, ესმით ტანვე ტირილი ჯიხვისა. დღითი–დღე იტანჯება. ბოლოს, უგრძნობი რომ გახდეს, გულს ამოიღებს საგულეთგან და მის ალაგს ქვას ჩაიდებს. აღარ იტანჯება. მაგრამ დახე: ქვაც იბრუნებს პირს მისგან, ყვავილიც, ნადირიც, ვარსკვლავიც. აღარ ესმით მათი ენა. გაწყდა საიდუმლო კავშირი. ეხლა კიდევ უფრო იტანჯება. როგორც მისანი იგი თემში მრჩეველადაცაა მიჩნეული. ერთხელ ხევსურთა და ქისტთა შორის შეხლა–შემოხლა იჩენს თავს. თანამემამულენი თხოვენ მინდიას: უჩვენოს მათ სახელდახელო ადგილი, საცა უფრო ადვილად მოხერხდება შემოსეულთა დამარცხება. მინდია უარობს, უმხელს მათ: მისნობის ძალა წამერთვაო. არ იჯერებენ, არ ეშვებიან. ბოლოს თანხმდება არმოშვებული. უჩვენებს ერთს ადგილს. ხევსურებს ამარცხებენ ქისტები. ამ უბედურების ატანა დატანჯულს აღარა ძალუძს: მინდია თავს იკლავს.

დედააზრი თქმულებისა უნივერსალური: შემეცნება ქმნის სიყვარულს (ლეონარდოს თეზისი) - სიყვარული ქმნის შემეცნებას (თეზისი პავლე მოციქულისა). ქართულ მითოსში შემეცნება და სიყვარული და შემეცნება მოშვებულ არიან ისე, რომ ლეონარდო პავლეს ავსებს და პავლე ავსებს ლეონარდოს.

ეხლა ”ლამარა”. მინდია ხვდება ერთს ხრამთან ლამარას, ქისტეთის ერთ ლამაზ ქალაის. ვაჟი იხიბლება. ქალაის გულსაც ხიბლი იფლობს. მოკლე გასაუბრება. ჩემად გთვლიდე - ეუბნება ვაჟი. მთვლიდე, თუ შესძლებ ჩემს მოტაცებას - მიუგებს ლამაზი მაცდური ღიმილით და გავარდება. მოიტაცებს ლამარას თორღვაი, ძმა მინდიასი, არა დედით. ძმები გვანან ერთი–მეორეს ვითარ ორეულნი. ლამარას ჰგონია, მინდიამ მოიტაცა. ერკვევა, იმღვრევა. მოსწონს კი ორივე. მინდია გულია, თორღვაი მკლავი, თორღვაი გმირია, მინდია მისანი. გაორება ეწვეთება მოტაცებულს. მინდია მალული ტრფობით არის აყვანილი: იტანჯება. თორღვაი ამჩნევს ამას: იღრინება. ქისტები თავს ესხმიან ხევსურებს შურისგებისათვის, ხევსურნი მაგრად ხვდებიან თავდაცემით. ორ ტომთა შორის უფსკრული ითხრება. ლამარა ხედავს: მოტაცებულის კვალი არ ამოიშლება მის ტომში: მწუხარება. მოჰკლეს თორღვაის მეგობარი ლეგაი: თორღვაი ხელდება. მინდიას ტრფიალი თანდათან ”მენ”–ის ზუმელში კერძოვდება. მისანს ერთმევა თანდათან მისნური ძალა. მის ტანჯვას ამით სხვა ტანჯვაც ემატება. შეხლა–შემოხლა ორ ტომთა მატულიბს. თორღვაის შემოაკვდება ლამარას ძმა: მურთაზ. ლამარას არ რჩება ამ სოფლად აღარაფერი: ავად ხდება. მურთაზის მოკვლით თორღვაი ლამარას ჰკარგავს: განადირებული ველად იჭრება. ახლა ლამარას მამა ემზადება ხევსურების ამოსაჟლეტად: იჩო, დიდი იჩო, რისხვააყვანილი. მინდია ხედავს: ხევსურები ცდილობენ დაასწრონ იჩოს შემოვარდნას. საშველი აღარაა. ”არა, დარჩა კიდევ ერთი”: ესმის მისანს შინაგანი ხმა. მინდია გაეშურება ქისტეთისაკენ. გამოცხადდება იჩოს წინ: ვითარ თორღვაი. იჩო მზადაა მოჰკლას იგი: ლამარას მომტაცებელი, მურთაზის მკვლელი. მინდია თავს არ იცავს. იჩო გაოცებულია. თუ როგორ თავდება დრამა - ეს მოვიტოვოთ.

ხედავთ ”გველისმჭამელითგან” ”ლამარაში” არა დარჩენილა რა, გარდა მითიური თქმულების შუაგულისა, ისიც გარდაქმნილის: იქ დაცოლშვილება, აქ ტრფობა - იქ თავმოკლვა, აქ თავშეწირვა.

ვსახავდი მინდიას, თვალწინ მიდგა მისი მომღერალი: ვაჟა. გავბედე ცდა: მგოსანი ”ლამარაში” მისნის თანადროვედ შემეყვანა. როგორ, იტორიული პიროვნება - თანამედროვე ზეისტორიულის, მითიურისაა? ავტორი - გვერდით მისი გმირისაა? რა საკვირველია, ეს შეუსაბამობა ვიცოდი. გარნა ვიცოდი ისიც,რომ ვაჟა მითიურ სივრცეში იყო მოქცეული: მითოსი მისთვის დედიშობილა იყო. არა, ალღოს არ უღალატნია ჩემთვის, ცდა არ გამწყალებია. მესამე კამარაში ვაჟა გამოჩნდა ხევსურთა ღრეობაზე. მეორე კამარაში ”გველისმჭამელის” ადგილთ, პატარა ლაგაზის მიერ წარმოთქმულ, თვითონ მინდიაც ისმენს: ადგილთ, საცა მისანი სამყაროს მიმართ ისახება. ”თანამედროობა” ვაჟასი და მინდიასი აქ უშუალოდ სიახლოვედ ხდება.

ამ ცდას სურვილიც ასულდგმულებდა: ”გარემოვლით” გამომეთქვა ჩემი გრძნობა ჰომერის ნაშიერისადმი: ვაჟასადმი.

დიდმა ხანამ განვლო, სანამ კ. მ. მზადებას შეუდგებოდა დრამის დადგმისათვის. ალბათ ნათლივ ხედავდი სიძნელეთ.

”ლამარას” სიტყვიერ განშლისათვის მოვიმარჯვე ფშავ–ხევსურული ფშანი ქართულისა, რომლითაც გამართულია ყოველი შაირი თუ პოემა ვაჟასი. გამოსათქმელს აქ მისი შესაფერი სიტყვა უნდა ჰგუებოდა. ფშანი იგი არაა დიალექტი, ამ ცნების ჩვეული გაგებით: იგი ბარშიაც გასაგებია. პროვინციალიზმია? არა. (მოვალედ ვრაცხ თავს აღვნიშნო, რომ ეს არაპროვინციალურობა ფშავ–ხევსურულისა პირველად ინგოროყვამ შეამჩნია 1917 წელს, ჩემთან გასაუბრებისას ერთხელ. სხვათა შორის ინგოროყვათა გვარი ჩერქეზეთითგანია: ერთს აულს იქ ”იგოროყუ” ჰქვია. პავლემ თქვა: ფშავ–ხევსურული არქაული ქართულიაო. მე ვიტყოდი: ერთერთი ძველთა–ძველი ფენი ქართულისა, მიუვალ მთებში გადარჩენილი და დღემდე ცოცხალი). ადვილია პროვინციალიზმის დანახვა: იგი სიცილს იწვევს ყოველთვის. იწვევს სიცილს ფშავ–ხევსურულიი? კითხვაც შეურაცხება იქნებოდა აქ. იტყვის იმერელი: ”წეიიმასქენი, ბოშო, პეტერეი!” გესმით, გეცინებათ. აბა ათქმევინეთ ესევე ხევსურს: ”ჰქმენ საქმე იგი, იყოს ცოტაიც!” გესმით, შუაგულში გვხვდებათ. გაუგებრობას ამ საკითხში თვით აკაიც კი წამოეგო: დიდი მცოდნე ქართულისა. (სხვათა შორის, მეცხრამეტე საუკუნის მწერლებში ყველაზე უფრო ღრმა მცოდნე საღმრთო წერილისა. დააკვირდით ამას ”აქ”.) ”ენას გიწუნებ, ფშაველო” -ასე მიმართავს იგი ვაჟას ერთს შაირში. თანვე უმატებს: ”თუმც კი გვითესავ მარგალიტს”. ვაჟა პასუხს აძლევს მორიდებით, შაირითვე: ”და ენა მთისა სიმტკიცით მზგავსია კლდისა სალისა”. ხევსურული ფშანი ქართულისა მართლაც სალი კლდისაგან იკვეთება. დაუგდეთ ყური ვაჟას: ”იმათ წყალს დაუბანია თამარის ტურფა თვალნია”. ”იმედს ნუ დამინიავებ”. ”კლდის თავს გაშლილი პირიმზე”. ”ჩემს ცრემლს უბეში ინახავ, ვიცი, სამშობლო მთვარეო”. განზე დავტოვოთ აქ სახენი თვალწარმტაცნი - სიტყვისა, თქმის კვეთილობა გვაჯადოებს თვითონ. კვეცილი ფორმა ამ ფშანისა მკვეთრია ძირამდე. თანვე იგი ელლიპსით იმართება, ესე იგი: ართქმულით, გარნა ნაგულისხმევით. საერთოდ ქართული სინტაქსის საიდუმლო ელლიოსია-ამით გამოირჩევა იგი სინტაქსისაგან რომელიმე სხვა ენისა. ერთი მხარე აქვს კიდევ ხევსურულს, რაიც მას ასხვავებს ლიტერატურულ ქართულისაგან: იქ უბრალო თქმა, ელლიპსით გამოთქმული არ გამოდის როგორც ”ყოველდღიური”. ერთი სცენა ”ლამარას” მესამე კამარაში. თორღვაი იღრინება და მზადაა შეუტიოს ძმას: მინდიას: რაიბულ, მამ, ერთი მოკვეთილი შერისხვით აჩერებს მას. (მესამე კამარა შაირითა გამართული.) აი ამ მოქნევით:

”ჯერ არ მიხილავ ცდუნება

ჩემი დაშნა და ფარისა

სახელ მიქვიან რაიბულ

მინდოდაურის გვარისა!”

წარმოვიდგინოთ: ვინმე რისხავს სცენაზე თავისს შვილს ამავე სიტყვებით, ხოლო ჩვეული ქართულით, აი ასე: ”მე მქვია სახელად რაიბულ და გვარი ჩემი არის მინდოდაური”. ნაძლევს ვდებ, თუ რომელიმე მსმენელმა წამსვე არ მოახალოს მრისხავს: ”მერე რა!” თუ მიმხალებელი იმერელია, ”ბოშასაც” მიაყოლებს თან და მთელი რისხვა პამპულაის ქაჩვად გადაიქცევა. იქ კი უბრალო თქმა იგი ლახვარია თვითონ. ხედავთ დევ–კაცს, შემმართებელს.

აღარ გავაგრძელებ. ხევსურული ძნელია სცენისათვის. ბარის ქართველისათვის საჭიროა აქ ხევსურად ქცევა. ამ სიძნელეს ხედავდა კ. მ. დავუმატოთ ამას ისიც, რომ ქართული სცენითგან მანამდე არავის სმენია ხევსურული, ამის გამო სიძნელე იგი სახითათოდაც ეჩვენებოდა მას. ერთი უეცარი წაბორძიკება მსახიობისა და: სიტყვა მყისვე სიცილს გამოიწვევდა.

მეორე სიძნელე, ბევრად, ბევრად უფრო რთული. ვიეთნს შეუმჩნევიათ, რომ აღნაგი ჩემს შემოქმედებაში მუსიკალური პრინციპითაა გამოყვანილი. ქართველთა შორის აღნიშნა ეს აქ, უცხოეთში, მიხეილ წერეთელმა, იქ საქართველოში, ვუკოლ ბერიძემ. პირველად ვუკოლს წავუკითხე ”ლამარა”, როგორც მცოდნეს ხევსურულისა: მწადდა არ შემპარებოდა რაიმე აბრუნდი. ყოველი კამარის დათავების შემდგომ სიტყვა მისი ეს იყო: ”სიმფონიაა, სიმფონია!” უნდა გენახათ ამ წუთს გაბადრული პროფილი მისი, ჰეტტიტური! უცხოელთა შორის მოვიყვან სიტყვას რომენ როლლანისა. 1925 წელს გაუგზავნა მას გიორგი ელიავამ (დახვრიტეს 1937 წ.) პარიზითგან, ჩემი თხოვნით, ელისაბედ ორბელიანის მიერ თარგმნილნი ”მალშტრემ” და ”ლონდა”. ”მაშტრემ” არ მოსწონებოდა. ”ლონდას” შესახებ სწერდა გიორგი ელიავას სხვათა შორის: ” “Mounet-Sully eut subi l’envo utement magique de LONDA – mais iln’y a plus Mounet-Sully”21(მუნესიულლი: საფრანგეთის სახელგანთქმული მსახიობი ტრაგიულ როლებში: 1841–1916.) “Je trouve cet art” surtout les premieres et les dernieres pages de LONMA plus proche de nos grands musiciens que de nos poetes”22. მეორე ბარათში კვლავ იგონებდა “ლონდას” და სწერდა: “...et dont l’architecture musikale m’avait frappe”.

არც ერთს ჩემს ნაქმში ეს ”მუსიკალური არქიტეტურა” არაა მძლეობით მოზმული როგორც სწორედ ”ლამარაში”. ყოველი მოქმედი პირი, მთავარი თუ თანმყოლი, შესულია აქ დრამაში ისე, როგორც რომელიმე ინსტრუმენტი ორკესტრში. წარმოიდგინეთ, რა სიძნელე აღიმართა რეჟისსურის წინ. ხოლო ყოველი სიძნელე ერთობ - ასეთი იყო მისი ”ესპანური” ბუნება - ახელებდა მხოლოდ შემოქმედებით ჟინს კოტე მარჯანიშვილისა.

ერთ მშვენიერ დღეს, ხანგრძლივი აწონდაწონვის შემდეგ, შეუდგა იგი მზადებას. როგორი იყო ჩემი განცვიფრება, როცა მითხრა: მეოთხე კამარა განზე დავტოვე, მხოლოდ ბოლო სცენა მივაბიო. მოსაზრება? მეოთხე კამარა ხელს უშლის მოქმედების დრამატიულ მაღლამაღლა ვითარებასაო. გავშტერდი. ხელს უშლიდა მართლა? დღესაც ვერ გამიგია ეს. გვხიბლავს ანკარა წყარო ამონაკადებული. კიდევ უფრო ვიხიბლებით, როცა მის ფსკერში თვალს მოვკრავთ ცინცხალ თვალს: მოჩუხჩუხე ”წყაროსთვალს”. მეოთხე კამარა ”ლამარასი” სწორედ ეს წყაროსთვალია. სულიერი დრამა როგორც ლამარასი ისე მინდიასი ამ კამარაში იშლება. გარედან აქ მოქმედება მინელებულია - მით უფრო დინამიურია იგი შინაგან. ეს შეუშლიდა ხელს დრამის რიტმიულ დენას? მაგრამ ვის შეეძლო კოტეს გადაჯერება! დავუთმე გულდაწყვეტილმა.

”ამპუტაცია” მეოთხე კამარისა ჩემთვის სხვა მხრითაც იყო მტკივნეული. იმ დღეებში, როცა ”ლამარას” ვქმნიდი, გარდაიცვალა ორფეოსი ქართველთა: ვანო სარაჯიშვილი. მამული გლოვამ მოიცვა, დედული აცრემლდა. დასაფლავება - კოტეს მიერ განრიგრბული - მისტერიად იქცა ჭეშმარიტად. დავასაფლავეთ ბაღში საოპერო თეატრისა. დავბრუნდი შინ დამწუხრებული. მწუხარება ნათელი იყო. ვიწყე განგრძობა ”ლამარასი”. მეოთხე კამარა სწორედ ამ ღამეს იშვა. და მერმე როგორ? ვწერდი ისე, თითქო ვიღაც მიკარნახებდა. არ დამჭირვებია: არც სიტყვის შენაცვლება, არც თქმის სხვაგვარი მოზმევა, შესვენებითი ნიშანიც რაა. ისიც უცვლელი დარჩა. ასე შევიდა ეს კამარა მთელს ნაქმში: ვითარ ნაყოფი ხალასი ინსპირაციისა. სამუდამოდ დადუმებულმა ორფეოსმა თუ მარგუნა ეს უნათლესი მადლი! მკითხველი წარმოიდგენს ჩემს ტკივილს, გამოწვეულს იმა ”ამპუტაციით”.

მზადება გაჩაღდა. კოტესთან ერთად მუშაობდა რეჟისორი ალ. ახმეტელი (დახვრიტეს 1937 წელს): ნიჭით უხვად დაჯილდოვებული. მოათავეს ორი კამარა. უეცრად ავად გახთა კოტე: ბრმა–ნაწლევის ანთება დაემართა. ოპერაცია არ გამოვიდა სასურველი. დიდ ხანს იწვა კლინიკაში. დრამა დაგეგმილი იყო ბოლიმდე. ახმეტელი ეხლა მარტო მუშაობდა შემუშავებული გეგმის მიხედვით. მოათავა მზადება.

29.1.1926. პირველი დადგმა. ვზივარ პირველ ლოჟაში, სცენითგან მარცხნით. ირგვლივ მეგობრები. თეატრში ტევა არაა. ვღელავ. მარცხის მეშინიაა? არა: ვღელავ, თითქოს მათრობელი პაემანისათვის ვემზადებოდე. თეატრი ნაბვითაა დაძაბული. ფარდა აიხადა.

სცენაზე ბიჭები, მწყემსები. მათ შორის ლაგაზ. თამაშობენ, ცელქობენ, მღერიან. გაისმის ძველი ქართული სიმღერა: ”აი, მთაზედა - თოვლიანზედა - ია დავთასე - ვარდი მოსულა”. აგრძელებენ. სიმღერაში ქართულ გენიას სიბრძნე ”შეუპარებია”: რომ სიცოცხლე ხალისია, ხოლო წინააღმდეგობით სავსე (”ია დავთესე, ვარდი მოსულა”). წინააღმდეგობა უბედურებით იშლება: ”სიძე, სიმამრი მთას ნადირობდენ”, განაგრძობენ ბიჭები. ”ესროლა სიძემ, მოჰკლა ირემი - ახლა სიმამრმა, მოჰკლა მან სიძე”. სიმღერა გრძელდება. მღერიან არა ერთად: ათავებს ერთს ხტილს ერთი, აგრძელებს მეორე მეორეს. მოათავებენ. ახლა კი ერთად დამწყებ მუხლს: ”აი მთაზედა - თოვლიანზედა - ია დავთესე - ვარდი მოსულა”. სიმღერა ორკესტრალურ ხსნის დრამას.

სიმღერის ხტილნი მოშვებულან საქართველოს შუაგულითგან. ვგზნებ, იშმუშნება ”შუაგული” მსმენელთა გულში: მაგნეტურმა ტალღამ გაირბინა თეატრის ტანში. გახარებული ვარ - ეს უკვე მარჯის ნიშანია.

გამოჩნდა მინდია. ხედავს: ჩიტის ბუდე აუნგრევიათ. ახლა ჩიტისგულია თვითონ. ბავშვები გარს ეხვევიან - ესენი ჩიტის ბარტყებია. ამას მოსდევს გველის სცენა. მინდია ცხადდება როგორც მესაიდუმლოვე გველისა. უეცრად, იქითა ნაპირს ხრამისა, ქისტი–გოგოები გამოჩნდებიან: წყაროსკენ მიდიან. მათ შორის ლამარა: კენარი ტანი, თმა მწიფე უნაბისფერი,თვალებში ზღვის ტალღის ციალი, ბიჯი ნელი. თვალს ვერ აცილებენ. გოგოები აღარ სჩანან. ბიჭები ხარებისკენ გაეშურებიან, მინდია მარტო რჩება. გოგოები ბრუნდებიან, სავსე დოქებით მხრებზე მიდიან. ლამარა უკანაა. შეჩერდება. გასაუბრება მინდიასთან. პირველი ისარი ეროტისა: ორივეს გულში. ”ჩემად გთვლიდე!” აღმოხდა მინდიას გულს. ”შენი ვიქნე, მომიტაცებდე!” ეს ლამარას ღიმილია, მაცდურ გამომწვევი. გარბის ქალაი.

მოვარდება თორღვაი. გაიგებს ლამარას ნათქვამს. ”გაჰქრი აქეთგან!” შეუტევს მინდიას. მინდია სცილდება,დაღონებული თორღვაი ხედვაა არა მარტო, ხრამის იქითა ნაწილს მიმართული. ბრუნდება ლამარა: ალბათ კვლავ ჰსურს გაესაუბროს მინდიას. თორღვაი შესძახებს: ”ჩემი იქნე, ლამარა!” ლამარა გაოცებულია და შიშით აყვანილი: არა, ეს ”იგი” არ უნდა იყოს, მოჩვენება თუა! დოქი ხელითგან გაუვარდება .გავარდება გაფეთებული მისდევს ზახილი თორღვაის: ”მოგიტაცებ, ლამარა! მოგიტაცებ!”.

ახლოვდებიან მთიბავები. მოიმღერიან. მღერაში ელვარია: ”ლურჯაი ხრავდეს ლაგამსა”. თეატრი ახლა მხედარია, რომელიც ესაა უნდა მოახლტეს კუნთებ–ათამაშებულ ბედაურს. ვამჩნევ, სახსრებით წვდება შორეულს. გათავდა ”უვერტიურა” (აქ წინწკლებით გადმოცემული). ფარდა ეშვება. თეატრი ერთი წუთით იტრინვება და უეცრად: ”ვაშაა, ვაშა!” ზახილნი იფრქვევიან სცენის მიმართ, როგორც ტალღები ღელვა–გამზადილი ზღვისა.

მეორე აქტი. ქავთარაძის სახლი. გაისმის ნელი ნანინა: ”დაი, დაი! შვილო დაი!” ქალნი არ სჩანან. ლაგაზის პატარა ძმას თავს დამღერიან: ავადაა, გველ–ნაკბენია. უკვე შეღამებულია, ღამე მთვარიანია. ქავთარ აივანზე: მოელის მინდიას. მოსაყვანად ლაგაზია გაგზავნილი. გამოჩნდება მურთაზ, ძმა ლამარასი. სანადიროდ ყოფილა, შემოღამებია, ღამეს ქავთართან გაათევს. ქავთარ მიიწვევს, მისხდებიან. მოდის ლაგაზ, მინდია არ სჩანს, ”სადაა მინდია?” პასუხი: ”მთვარეს ესაუბრება”. მურთაზ გაოცებულია. მოდის მინდია. მოკლე სალამი. შედის სახლში. პაუზა. გამოდის. ამბობს: ”არა უშავს,, ნაკბენზე გველის–ქვა დავადე”. მურთაზ გაკვირვებით უცქერის მინდიას. სუფრას გაშლის ლაგაზ. შეექცევიან, ჰხარობენ. მინდიას არ უნახავს ვაჟა, გაუგონია კი. მურთაზს პირველად ესმის სახელი მგოსნისა, აღტაცებულია.

მილაგდებიან საძინებლად. მინდია გარეთ რჩება: ჰსურს განაგრძოს შეწყვეტილი საუბარი მთვარესთან. მასთანვე რჩება ლაგაზიც. უეცრად ხმაური. მოვარდებიან: თორღვაი, ზვიადა, ნადირა, ლეგაი, მოჰყავთ ლამარა: გული წასვლია მოტაცებულს. დააწვენენ ქვის გრძლად გაწვდილ სკამზე. ზვიადა, ნადირა და ლეგაი განაპირდებიან: დაუხვდენ, თუ ვინიცობაა მოადგენ მდევნელნი. თორღვაი ლაგაზს: ”აბა, წყალი!” ლაგაზ გავარდება მოსატანად. მინდია დგას დამეხილი, სწრაფად ცალყბა–ახვეული, თორღვაიმ რომ ვერ გამოიცნოს. თორღვაი მეორე მხარეს მიაშურებს, იმავე მიზნით, როგორც მისი მეგობრები. მინდია უახლოვდება ლამარას. ჩურჩულს აწვეთებს ტკბილი ხმით. ლამარა გრძნობს ბურანში: ეს ”ის” ხმა უნდა იყოს, ხრამთან რომ მოესმა მაშვინ პირველად. არეულია გამოდის მურთაზ. ამბობს თავისთვის: ”თვალს რულ არ ეფინების”. ლამარას ესმის ნაცნობი ხმა, იკივლებს. კივილზე თორღვაი მოვარდება, ურთაზ და თორღვაი პირისპირ: ორივე ალესილნი. მზად არიან შესატევად. ხმაურზე ქავთარ გამოდის. გაიძახის: ”რა მოხდა?” შესატევად გამზადილნი ქვავდებიან: შეტევა მასპინძელთან, აგონდებათ, შელახვა იქნება წმინდა ადათისა. ”შევხვდებით სხოგან!” ესვრის მურთაზ თორღვაის და მოსხლტება ნადირივით დაკოდილი და გავარდება. ”იქნების!” გააყოლებს მიხლით თორღვაი. ლამარა ქვითინებს. ქოხითგან მოისმის კვლავ ტკბილი ნანინა: ”დაი, დაი! შვილო, დაი!”

ფარდა ეშვება. სუნთქვა–შეკრულ თეატრს აღმოხდება: ”ვაშაა!” ტაში ახლა გრიალია.

მესამე აქტი. ღრეობა. ჯიხვის რქები ლუდით. თამადა: ქავთარ. ნადიმი იშლება ძალაყრილობით. ყოველი სმური შაირით გამართული და ყოველი შაირი ხევსურული ელლიპსით მოზმეული. აქა ერთი. იტყვის გიგი:

თუ რო ტყუილ ვთქო, ვირისხო:

ბარმა მიმიღოს, მთამ არა.

ალი ვნახოდი წითლაზე,

მარტო პერანგის ამარა.

ვაქებ თორღვაის მკლავებსა,

მაუტაცია ლამარა!”

მონადიმენი ხევსურული შეხალისებით: ”ჰაი, ჰაი, გიგი!” (”წითლა”: ცხენი. ”ალი”: ნაგულისხმევია ლამარა, ვითარ ზღაპრული ჯადოსანი ქალაიო.) მსმენელი მსმენელს ცვლის და შაირს შაირი. შიგა–და–შიგ სიმღერა.

მოდიან: რაიბულ, თორღვაი. ლამარაც. აგრეთვე მზიულა, დაი თორღვაისა. ნადიმი გრძელდება. ახლა როკვა. ცეკვავენ ქალები, მათ შორის ლამარაც. მინდია მოსულა ცალყბა–ახვეული. ხედავს მოცეკვავე ლამარას. ვეღარ ითმენს. მიუახლოვდება. იხსნის საფარს. ლამარა მოხედავთ: გაფითრდება, გული წაუვა. თორღვაი მიიწევს მინდიასკენ. რაიბულ აჩერებს, შერისხავს. (თუ როგორ ზევით მოვიყვანე.) ლამარა მიჰყავთ, თორღვაიც თან მიჰყვება. მინდია ამხელს თავის გულისტკივილს. ლხინს ეს ვერ ამღვრევს.

უეცრად ხმა: ”ვაჟა მოდის, ვაჟა!” ნადიმის ამზეურება. გამოჩნდება ვაჟა. ხევსურნი, ამ წუთს ერთი გუნდი ყველანი: ”ვაჟა!” ვაჟა მაღლობითგან: ”ფშავ, ხევსურ, თუშ, კახ, ქართ, იმერ, მეგრ, სვან–შვილნია საქართველოის! მარჯი საქართველოს!” მიხმიანება გრიალით: ”შვილნია საქართველოის! მარჯი საქართველოს!” მიიწვევენ. ზვიადას სმური ვაჟას მიმართ ვაჟაური შაირით. ვაჟას სთხოვენ შაირს. ვაჟაც იწყებს წარმოთქმას ”ფშაველი ჯარისკაცის ბარათს დედისადმი.” ”გულმკერდიც აგიყოვდება, დედაო, ია–ვარდითა”. ჟრუანტელი ელექტრო ტალღაა.განაგრძობს. მსმენელი სუნთქვა–შეკრულია. და როცა წმინდა თაყვანით ჩამოაწვეთებს: ”ეს ჩვენი ჩუმი მფარველი ლაშარის ჯვარად ვსცანითა” - თეთრი გიორგის ლანდი იფინება ირგვლივ, მზიურ ალივლივებული. ”გიცქერ, მატყლსა სჩეჩ, ფანტენას ჩოხედ გინდა” - მსმენელთ ცრემლები აწვებათ. ათავებს. მოლხინეთა ვაჟაა” - რაიც აქ იგივეა რაც ”ვაშაა” __ არღვევს აბობოქრებულ რეალურ ზღვარს.

ფარდა ეშვება. ფეხზე დგება მთელი თეატრი. მეც ვდგები. ტაშის გრიალი სცენის მიმართ. მეც მივყვები გრიალს. ფარდა იხდება. ვხედავ: სცენითგანაც ტაში მოდის. გაოცებული ვარ. ერთი მეგობრის ხელი ჩემს მარჯვენა მხარზე. ვერკვევი: სცენითგან მოშვებული ტაში ჩემკენ აბრუნებს მისადმი მიზვავებულ ტაშს მთელი თეატრისა. ეხლა კი ბრუ მესხმის: თითქო მე სხვა ვიყე, ნათელი ნეტარებით ტანაყვანილი.

(გადახვევა. ამ აქტის ბოლოს აქვს ”მიწეპებული” ის მოკვეცილი ბოლოსცენა მეოთხე კამარისა. ეს სცენაა: თორღვაისა და მურთაზის ხმალ–და–ხმალ შეყრა და სასიკვდილოდ დაჭრა უკანასკნელისა. ”მიწეპებას” სჭირდება: თორღვაი და ლამარა ნადიმის ბოლომდე დარჩენ. იქ, მეოთხე კამარაში, რომელიც აქ მოუთხრობელი მრჩება, ეს სცენა მომზადებულია - აქ, მესამე კამარის ბოლოს მიწეპებული, ”ოპერისებურ” მორთმეული. როგორ ბოლოვდება მესამე კამარა, ტექსტში? ვაჟა ამთავრებს შაირის წარმოთქმას. მოლხინეთა აღტაცება ისეთია: ლამის ვაჟა ცისაკენ აიტაცოს. რით გამოასხეულონ ასეთი აღტაცება? მარტო შეფრქვევით ”ვაჟა”? გამოუშვებენ მროკავებს. როკვა იმართება ამოწვდილი ხმლებით. არ დაუმთავრებიათ როკვა - ერთი ხევსური მოვარდება ზახილით: ”ქისტები დაგვეცენ თავს!” ყველანი მიეშურებიან: დახვდენ შემოსეულთ. აი ნამდვილი ბოლო, ტექსტში მესამე კამარისა. ვუღალატე. ”მუსიკალურ არქიტექტონიკას” - მგონია, კითხვაც ზედმეტია.

მეოთხე აქტი. ესე იგი: მეხუთე კამარა ტექსტისა. სცენაზე: იჩო, მამა ლამარასი, ჰიდდირ, მამა იჩოსი. ირგვლივ ქისტნი მეომარნი. იჩო, პირწავარდნილი შამილი, რისხვით აყვანილი. მოსტაცეს ლამარა, მოუკლეს მურთაზ - მრისხანე მოვარდნილი გრიგალია. ემზადება: ახლა თვითონ შემუსროს ხევსურნი. სისხლი არჩობს. აცნობებენ: ვინმე ხევსურს ჰსურს შენი ნახვაო. ”ხევსურის” გაგონებაზე შმაგ იქცევა სრულიად. ”შემოვიდეს”! შემოდის მინდია. ”ვინა ხარ?” პასუხი: ”თორღვაი!” გაეკარ მიწას!” მინდია დაეშვება. მოუქნევს იჩო ხმალს, ესაა, უნდა განკვეთოს, და, ხმალს განზე აგდებს. ”რა მოხდა?” ეს უსიტყვო კითხვაა თანამყოფთა. იტყვის აცახცახებული, სიტყვა მინდიასადმია მიმართული: ” როს ხმალი უნდა დამექნია შენდა განსაკვეთად, შენს სახეზე ერთი კუთიც არ შერხეულა! ვაჟკაც ყოფილხარ! წამოდექ! შვილის ნაცვლად გთვლიდე ამიერ.” (შენიშვნა. ეს შეთხზული არაა. ასეთი რამ მომხდარიყო ჩრდილოეთ კავკასიაში. მიამბო 1918 წელს ტფილისში აწ განსვენებულმა მხატვარმა ხალილ–ბეგ მუსაიასულმა.) ”იჩო რაინდია!” გაისმის შეფრქვევით. მინდია წამოდგება, განცვიფრებული და თანაც ანათლებული. ჰიდდირ, მოხუცი: ”იჩო, შვილო, გხედავ მეორედ შვებულს”. კანკალობს. გაჰყავთ, ოჩოც მიდის: ამ წუთს უნდა მარტო დარჩეს. ეტყვის აქ მდგომთ: ”გაართეთ”. ქისტები გარს ეხვევიან მინდიას. ღანიშ, ლამარას პატარა ძმა, სულ ლამარაზე ეკითხება, არ ეშვება.

უეცრად ერთი ქისტი შემოვარდება ზახილით: ”ხევსურნი თავს გვესხმიან, თორღვაი მოუძღვით!” გაშტერდება მგესლავი. მინდია ახლა მათ თვალში თვალის–ამქცევია. შეჰკრავენ თოკით. იჩო მოაშურებს ხრიალზე. ”რა ამბავია?” ამცნევენ. თავზარდაცემულია. ”მართალიაა?” მინდიას. მინდია: ”არ ვარ თორღვაი: ვგავარ თირღვაის. მოველ, სისხლს აიღებდი, შურისგება გათავდებოდა. ლამარა ჩემს გულშიცაა. ავადაა, მორჩებოდა.” გაოცებული იჩო ძლივს–ღა სუნთქავს, ახლა კიდევ უფრო აფრთოვანებული. ”განათავსიუფლეთ!” მინდია გრძნობს სიმძაფრით აქტს თავშეწირვისა. ძალა მოსნური, წართმეული, უბრუნდება: შემღერის ყვავილებს.

მოასქდებიან ხევსურნი. ”სიკვდილი იჩოს!” იჩო დგას, უძრავი, უიარაღო. გაიგებენ რა მოხდა. ახლა ესენიც ქვავდებიან. პაუზა. აფრენენ ზვიადას ლამარასთან. ამავე დროს შემოდის ლაგაზ. ”ლამარა მოსხლტა ლოგინს, ცხენს მოაქანებს!” პაუზა. ზვიადას შემოჰყავს ლამარა. იჩო გულში იხუტებს, ღანიშ მუხლებზე ეხვევა. ლამარა მოიხმობს რაიბულს მამასთან. ნიშანს აძლევს მათ: ხელი ხელს გაუწოდონ. სრულდება. შემდეგ მოიხმობს თორღვაისა და მინდიას. ნიშანი იმგვარივე. ესენიც ხელს ართმევენ ერთიმეორეს. აღარაა განხეთქილება ორ ტომთა შორის. შუღლიც ძმათა შორის გამქრალია. ლამარა, უნებური კვანძი შეხლისა, თვითონვე ხსნის ამ კვანძს. გახსნას თან გადაჰყვება: ვითარ მსხვერპლი. ტრაგედია მისტერიაში იხსნება. ლამარა სულს განუტევებს. სურათი: ერთი მხრით იჩო და რაიბულ, ხელიხელგადაჭდობილნი - მეორე მხრით მინდია და თორღვაი, ესენიც გადაჭდობილნი ხელიხელ. მკლავებზე: დასვენებული საუკუნოდ განსვენებული. მიჰყავთ, მაღლა აზიდული. გალობენ ძველთა–ძველ ჰიმნს ქართველთა. ჰიმნში კიაფობს სახელი: ლამარა, ლამარა.

თეატრი, მისტერიას ზიარებული, ცრემლია ახლა, ხოლო ცრემლი შვების ნაკადი. თვალი თვალს ეხსნება და ყოველ თვალში ერთი თვალი ციალა: ეს ლანდია ლამარასი, ღვთიურ ცოცხალი. რა ემართება თეატრს ფარდის დაშვებისას, არ აგიწერთ, არცაა საჭირო.

ორიოდე სიტყვა ირგვლივ შემსრულებელთა. ლამარა: თამარ ჭავჭავაძე. დიაღ შესაფერი, ოდნავ ტანსრული, ვიდრე ლამარა წარმოსახული. სიტყვა, გამოთქმა. მიმოხრვა, იერი - ნამდვილი ქალაის ქისტისა. თამარს აქ ხელს უწყობდა მისი წარმოშობა კახეთითგან. მინდია: გიორგი დავითაშვილი. არც ერთს როლში არ გვინახავს იგი ეგზომ დასრულებული. თორღვაი: უშანგი ჩხეიძე. მოვჭრათ ერთი სიტყვით: მეხმოხვედრილი, ხოლო მეხს გადარჩენილი და ამით: მეხი თვითონ. მურთაზ: აკაკი ვასაძე. რასსიულ დახვეწილი ჩერქეზი. მსახველი გმირისა ისეთი წნევით, რომ სახვა ბიოლოგიურ სხმად იკვეთებოდა. იჩო: აკაკი ხორავა. მოვჭრათ ესეც ერთი სიტყვით: ნამდვილი შამილი. დავუმატოთ: შეუდარებელი ხმა, ბანი ბარიტონული ტემბრით. რაიბულ: შალვა ღამბაშიძე. განსვენებული ვახტანგის ძმისწული, როგორც ყოველი ნაშიერი ღამბაშიძეთა: ახოვანი და ბრგე და როგორც ასეთი: მოხდენილი რაიბულ: ქავთარ ადამიძე. დიაღ შესაფერი თამადა ღრეობის გაშლაში. ვაჟა: პლატონ კორიშელი. გრიმით: ნამდვილი ვაჟა. მისი როლი: მხოლოდ ”ის” გადმოძახება და შაირის წარმოთქმა. პირველი: ,არჯვე, მეორე: გულს–მხვედრი. ჰიდდირ, იჩოს მამა: დათიკო ჩხეიძე მოყვარული სცენის და მსახიობად ვერქცეული, მოულოდნელად და სასიხარულოდ ამ ნათელი მოხუცის კარგად მსახიერებელი. მუსიკა: ახალგაზრდა კომპოზიტორის თურქიასი, დრამის შინაგან დენას მშვენივრად შეხმატკბილებული. სცენის მორთულობა: ლადო გუდიაშვილის. ეს ფრიად თავისებური ხელოვანი ვერ გამოდგა როგორც სცენის–მომრთველი. (შემდეგ ირაკლი გამრეკელმა მორთო სცენა: მისი მორთულობა ბევრად უფრო შესაფერი გამოდგა.

კოტე მარჯანიშვილი ვერ დაესწრო წარმოდგენას: ჯერ კიდევ კლინიკაში იწვა.

გაიმარჯვა თეატრმა. თეატრის გამარჯვება უმთავრესად ამაში გამოიხატებოდა: ”ლამარათი” მან შექმნა სრულიად ახალი სტილი, წმინდა–ქართული. თუ რა მინდა ამით ვთქვა, გაიგებს ყოველი მცოდნე თეატრისა, თუ მას უნახავს ებრაელთა თეატრი ”გაბიმა” ან გაუგონია იაპონელთა ”კაბუკი”

პროვინციაში ”ლამარას” კიდევ უფრო მეტი გამარჯვება ერგუნა. ამის აღწერას აქ არ აქვს ადგილი. ვახსენებ ერთ დეტალს მრავალმეტყველს. ბათუმში ეთქვათ აჭარლებს მსახიობთათვის: იქ, საცა ვაჟა მიესალმება ხევსურებს - ”ფშავ, ხევსურ, თუშ, კახ, ქართ, იმერ, გურ, მეგრ, სვან” - ჩაუმატებდეთ ერთს სახელსაო. რომელს? ”აჭარ!” ხედავთ როგორ მოხვედრიათ ”ლამარა” ჩვენს მუსულმან ძმებს!

სახელი ”ლამარა” მოეფინება მთელს საქართველოს. დაარქვეს იგი სადოღე ცხენებს, დაარქვეს ერთს რესტორანსაც ტფილისში. საითგან მოდის ეს სახელი? მოვიგონოთ ერთი წარმართი ღმერთქალი, ცნობილი სახელით ”ლაგამარ” - გავიხსენოთ ”ლამარია”, სახელი სვანთა ერთი პატარა სალოცავისა. ქართველ ქალს არაოდეს რქმევია ”ლამარა” - დრამის განფენის შემდგომ ამოციალდენ მრავალნი ”ლამარანი”, ცქრიალი ცირანი. დღეს დაქალებულნი იქნებიან. ერთი ”ლამარა” ევროპაშიც იმყოფება. ვინაა იგი? ცნობას მოგცემთ პარიზში მცხოვრები თამარ ბერეჟიანი, ქართველი ქალის სილამაზის დედოფლური წარმომადგენელი.

საუბედუროდ მარჯს მარცხიც მოჰყვა - არა ”ლამარასი”. თავი იჩინა ქართველთა თანდაყოლილმა სენმა, უკეთ: შინაგან ვერძლეულმა საფრთხემ. მარჯანიშვილისა და ახმეტელის შუა შუღლი ჩამოვარდა. მარჯანიშვილმა მიატოვა თეატრი და საკუთარი დაარსა. მას თან გაჰყვა ერთი მცირე ჯგუფი მსახიობთა. ამათ შორის: თამარ ჭავჭავაძე, უშანგი ჩხეიძე და შალვა ღამბაშიძე. ნაცვალი თამარისა ვერ გამოდგა ”ჭავჭავაძური”. ვერც უშანგისა ”უშანგური” და ვერც შალვასი ”ღანბაშძური”. განსაკუთრებით მტკივნეული იყო უშანგის გაშორება. უშანგი, აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა განუყრელ სამეულს წარმოადგენდნენ - არა მარტო თეატრში, ნადიმშიაც. უნდა მოგესმინათ მათი სიმღერა უხვად გაშლილ ქართულ სუფრაზე: ვასაძის აელვარებული დაწყება, უშანგის მეხური მოძახილი და ხორავას ნელი გუგუნით განფენილი ბანი. აი, აქ იყო სიმღერა: ქართული სიმღერა! ვა, ბედო ქართლისა: უშანგი უნდა ამოვარდნილიყო ამ სამეულითგან და განაპირებულიყოო?

წლებმა განვლეს. 1930 წელს ზაფხულში გაიმართა მოსკოვში სათეატრო ოლიმპიადა ყველა ხალხთა საბჭოეთისა. რუსებმა გამოუშვეს შეჯიბრში, სხვათა შორის, ”პრინცესა ტურანდოტ”, რომელმაც, რამდენადაც მახსოვს, პირველი ჯილდო მიიღო 1926 წელს პარიზში. ჩვენმა თეატრმა გამოუშვა სამი პიესა: ”ნგრევა” ლავრენიევისა, ”ანზორ”, გადმოკეთებული სანდრო შანშიაშვილის მიერ ვსევილიდ ივანოვის ”ბრონეპოეზდ”–ითგან და ”ლამარა”. ახმეტელს არ ეშინოდა: შიში რაა, მან საერთოდ არ იცოდა. მე დარწმუნებული ვიყავი: ”ლამარას” თუ პირველ გავარდნისას თავში მოექცეოდა, ვერარომელი ფაშატი ვოლგის გადატრუსულ ველებითგან დაეწეოდა. ხოლო ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს მზე–ნაშვი ფაშატი, ვთქვათ სპორტის ენით: სხვებს ასი მეტრით უკან მოიტოვებდა.

ვაუბნოთ მხოლოდ ფაქტები. ყოველი პიესა საცდელად ორჯერ უნდა დაედგათ. ”ლამარა” დადგეს რვაჯერ ზედიზედ: ”გამოცდა” მცდელთათვის თრობად იქცა. საგულისხმიერო თანვე: ამ რვაში ერთხელ დადგეს საგანგებოდ მოსკოვში მცხოვრებ უცხოელთათვის და მეორეხელ მხოლოდ მსახიობთა და რეჟისსორთათვის მოჯიბრე თეატრებისა. ერთხელ, ივნისის 26 - არის ეს აღნიშნული თეატრის დღიურში - ოვაცია ოვაციაზე გაგრძელდა მესამე აქტის შემდგომ ნახევარ საათზე მეტი: 35 წუთი. პრესსა დიდი ქებით შეხვდა ”ლამარას”. ერთგან ეწერა - ”შექსპიროვსკიე ობრაზი”, ამავე დროს ხაზს უსვამენ: შინაგან ეს ”ჩვენი” არააო. ეს ჩამატება - რა საკვირველია - ქებას კიდევ უფრო აძლიერებდა. ერთმა გერმანულმა ჟურნალმა, რომელიც მაშვინ მოსკოვში გამოდიოდა, მიმოხილვა ოლიმპიადისა ამ სათაურიდ გამოაქვეყნა: ”ლამარრრრრრრა”. დეტალი, რომელიც მონოგრამმად ჰკვეთს მთელს სურათს. ბოლოს ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტი. ერთს წარმოდგენას თვით ”იგიც” დასწრებოდა: სტალინი. (მე ოლომპიადას არ დავსწრებივარ.) მოსულიყო, როცა ბოლო აქტი მიდიოდა. ფარდის ჩამოშვების შემდეგ, სურვილი გამოეთქვა: თავითგან ბოლომდე განემეორებინათ წარმოდგენა. რა საკვირველია, განემეორებინათ დაცარიელებულ თეატრში - ახლა მეტი ტემპერამენტით, ესეც რა საკვირველია. შეირხენ სტალინში საქართველოს ფესვებიი?

30 წელი შესრულდება მომავალ შემოდგომაზე დღითგან ”ლამარას” დასრულებისა. ამ ხნის განმავლობაში არ მომსვლია ფიქრად აი რა:

მომქმედ პირთა შორის ლამარა თვითონ ლანდურ არის გადმოყვანილი - ამავე დროს ყველაზე უფრო ნამდვილია. ვთქვათ: საგზნები, სუნნელოვანი. დღეს ვუფიქრდები ამ საცნაურ დეტალს. მგონია, აქ უნდა იმალებოდეს საიდუმლო ძალა ”ლამარასი”.

მინაწერი: ზოგი რამ კიდევ მომავალ რვეულში.

ერთი აღსარება თანამემამულეთა წინაშე. ”ლამარა” მოვლენილია საქართველოს შუაგულითდან. მე როგორც ავტორი მხოლოდ–და–მხოლოდ ”მონყვანი” ვარ მისი. არავის გაუკვრდეს სათაური: ”ბიოგრაფია” - ”ლამარა” ჩემთვის პიროვნული არსია.

??????