მე შენ გიღალატებ
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ...
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ...
მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი!
ქისტის მარჯვენივით მომჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!
შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის...
რადგან ღვთისმშობელთან წევხარ-
ისიც დედაა და იცის
შენი ერთგულების ფასი.
მე ვერ შეგიფერებ რადგან
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!
მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!