ბევრკისერთმომგრეხი
კედელზე,
როგორც გადიდებული სურათი,
განისვენებდა ყანწი-
ბევრკისერთმომგრეხი -
და ვერ ისვენებდა.
ახსოვდა-
დოქი ბოლოს როდის დაცალა,
მერე პატრონმა რომ არ დააცალა
და იმ უცხოელის გულის მოგებაზე
როგორ გაცვალა.
მერე, შუა ევროპაში,
გააკრეს ყაჯარული ხალიჩის გვერდით,
კორსიკული სტილეტის თავზე
და თავმოყვარეობის ქვემოთ
დაიწყო ვეებერთელა ანტიფიესტა ყანწის.
ახალი ცხოვრება, ახალი პატრონი,
სამისდღემჩიო მშრალი კანონი.
სიზმარი - ციცქა, იმედი - აღარც ციცქნა,
იყო და რა იქნა
ყანწი?!
წინასაშობაოდ
ის ბაჩუჩიანი ბევრსაჩუქრიანი
ცოფე-ს სათითურში წვეთს ჩააწყალებს
და ბევრკისერთმომგრეხს ამას-ღა ასმევს,
უფრო სწორად - ასე-ღა რეცხავს.
"კანაში, სიმონ კანანელის ქორწილის სუფრაზე,
იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ გადააქცია" -
ყანწის ამაყმა ცრემლმა ეს სადღეგრძელო დაიფიცა,
ბოლო გმირივით მტვერს შეუვარდა
და მეორე წამს სიკვდილი შეუყვარდა.